Latin

ქვათა-ღაღადი - 2

Total number of words is 3787
Total number of unique words is 2051
22.1 of words are in the 2000 most common words
30.0 of words are in the 5000 most common words
34.0 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
მეცნიერი სომეხი ამათაც ეურჩება, ამათს სიტყვას აბათილებს და მაინუ თავისას
გაიძახის. აკი ვთქვით: ალიას დარდი ფლავიაო. საბუთად და მოწმად მოჰყავს
სენკოვსკი, კოხი და ლანგლუა. რამოდენა ავტორიტეტები არიან ამისთანა საქმეში
სენკოვსკი და კოხი, რომელთ შორის უკანასკნელი მარტო ბოტანიკოსად არის
ცნობილი და არა ისტორიკოსად, - ეს თითონ პატკანოვის მართლმოყვარეობას
მივაჩემოთ. ლანგლუა-კი პატივსაცემი მეცნიერია. შესანიშნავია აქ ერთი რამ, თუმცა
მოსხის მწიგნობარისაგან-კი საკვირველი არ არის: თურმე ლანგლუაც ჩვენს
“ქართლის ცხოვრებაზე” იმასვე ამბობს, რასაც სენ-მარტენი და სხვები[10] და
მართლმოყვარე პროფესორს-კი იმის თქმული თავისს გულნადებსა და სურვილზედ
გამოუჭრია. ლანგლუა ამბობს, რომ დასაწყისი “ქართლის ცხოვრებისა” ზღაპარიაო
და სამართლიანადაც ამბობს. ეს ქართლოს, კახოს და სხვა ამისთანაები,
რასაკვირველია,ზღაპრად უნდა ჩაითვალოს, და რომელი ერია ქვეყანაზე, რომ
თავისი ისტორია ამისთანა ზღაპრით არა ჰქონდეს დაწყებული. აი რას ამბობს
ლუნგლუა და არა იმას, რაც ასე მოსწყურებია პატკანოვსა.
ეს პირველი და უკანასკნელი მაგალითი არ არის ცხონებულ პროფესორის
თაღლითობისა. ამას მერეც ვნახავთ და ეხლა-კი ვიტყვით, რომ ამისთანავე
გაბედვითა და კადნიერებით ექცევა იგი სტეფანოზ ორბელიანის მოწმობასაც. ერთს
თავის შენიშვნაში ეს გულმართალი სომხის მწიგნობარი პატკანოვი ამტკიცებს, რომ
“ქართული ლიტერატურა ღარიბია ძველის წყაროებითაო და თვით სტეფანოზი
მეცამეტე საუკუნეში უჩივისო ამ ნაკლულევანებას”... თურმე ნუ იტყვით, სტეფანოზი
იმას-კი არ სჩივის რომ ქართული ისტორიული წყაროები ერთობ ღარიბია, არამედ
იმას, რომ “ორბელიანთ გვარის შესახებ “ ქართლის ცხოვრება” ბევრს არას
გვეუბნებაო, ჩვენ განვიხილეთო აქა-იქ გაფანტულად დარჩენილი ნაშთები და
მხოლოდ ეს მცირე რაიმე ვიპოვეთო”. აშკარაა, სტეფანოზი აქ მთელ ქართულ
წყაროების სიღარიბეს-კი არ სჩივის, არამედ იმას, რომ ორბელიანთ გვარის შესახებ
სრული ცნობები არ არის ქართულ მატიანეებშიო. სტეფანოზი ორბელიანთ გვარის
ბიოგრაფი არის და საკვირველი არ არის, რომ უჩივის ამ მხრით ჩვენს წყაროებს.
პირიქით, სტეფანოზი ხშირად იხსენიებს “ისტორიულ დავთრებს და სამეფო
არქივებს” საქართველოსას. ამ სახით სომეხთა მეცნიერმა კერძო საქმის შესახები
სიტყვა სტეფანოზისა განაზოგადა, გადააკეთა თავისებურად და ნაკლი, ერთის ცალკე
ამბის შესახები, მთელს ჩვენს ისტორიულ წყაროებს ზედ დააკეცა. ვისაცა ჰსურს
უფრო მეტად დააჯეროს გული, - რა ხერხების სცოდნია პატკანოვს, წაიკითხოს დ.
ბაქრაძის წერილი “პროფესორი პატკანოვი და ქართული ისტორიული წყაროები”.
მაშინ უფრო აშკარად დაინახვენ - რა ოსტატობით მოჰქცევია ლანგლუას და
სტეფანოზის სიტყვას საოცარი პროფესორი სომხებისა. დ. ბაქრაძე ამტყუნებს ამ
გაოსტაბებულ პროფესორს და ამისათვის მრავალი საბუთი მოჰყავს და, სხვათა
შორის, იმასაც ამტკიცებს, რომ, პირიქით, თვით სომხურს ისტორიულ წყაროებზე
ზედგავლენა ჰქონია ქართულს ქრონიკებსა. ვისაც ეს ამბავი არა სჯერა, ვთხოვთ
ზემოხსენებული წერილი დ. ბაქრაძისა წაიკითხოს და კრიტიკის ქარცეცხლში
გაატაროს.
ამ სახით, გულადმა პროფესორმა გამოილაშქრა ჩვენს ”ქართლის ცხოვრებაზე”,
რომ ეს საძირკველი ჩვენს ისტორიულს ვინაობას და ავკარგიანობას ძირად
გამოაცალოს და თვით ვინაობა ჩვენი პირქვე დაამხოს. ლახტი, მართალია,
შემოგვიქნია, მაგრამ ერთი რომ ჩვენ მოგვახვედრა, ათი თითონ იკრა. მართალია
ამაში პატკანოვი, თუ მტყუანი, ჩვენ ამჟამად ამას არ ვეძიებთ. ჩვენთვის საჭიროა
გავითვალისწინოთ იგი საომარნი ზნენი, რომელსაც ხელსა სჭიდებენ სომეხთა
მეცნიერ-მწიგნობარნი ჩვენდა გასათელავად.
III
რაცა ვთქვით, ეს არ გვაკმარა პატკანოვმა და, სწორედ მოგახსენოთ, არც სომეხთა
მწიგნობართაგან ერთხელ და ერთხელ დადგენილი პროგრამა იქნებოდა
აღსრულებული, რომ მარტო ამაზე გაჩერებულიყო მათი ბაირაღტარი. ქართველებს
რომ ისტორიული ქრონიკები არა აქვთ, ეს კიდევ დიდი უკადრისობა არ არის და
ავზნეობას ერისას არ მოასწავებს. საქმე ის არის, ზოგიერთს უცხოელს ქართველები
გულკეთილ ერად მიაჩნიათ, კარგის გულისანი არიანო, შესახვედრად საყვარელნი,
სასიამოვნონი, თავაზიანები. მართლა ესეთნი ვართ თუ არა - ამისი თქმა ჩვენი საქმე
არ არის. თითქო სომეხთა მეცნიერთ ესეც-კი ჰშურთ ჩვენთვის, თითქო უფიქრიათ, რა
საჭიროა ჩვენთვის, რომ უცხოელებმა ასეთის კარგის თვალით უყურონ
ქართველებსა, მოდი აქაც ხელი შევუშალოთ. ვინ მოგახსენათ, რომ ქართველები
გულკეთილები არიანო, თითქო იძახის პროფესორი პატკანოვი, როცა გვწამებს
ფანატიკოსობას. დიაღ, იგი ეფიცება ქვეყანას, რომ ქართველები ფანატიკოსები
არიანო, ესე იგი სხვა უცხო კაცისა და რჯულის მიუკარებელნი, შეუწყნარებელნი და
მდევნელნიო. ამის საბუთად ერთი რაღაც ზღაპარი მოჰყავს თამარ დედოფლის
დროინდელი. ფანატიკოსობა, რასაკვირველია, სიბრიყვისა და გონებადახშულობის
ავზნეობაა და ამ სიკეთეს როგორ დაიშურებდა ჩვენთვის სომეხთა მეცნიერი.
იქნება, მართლა, ავზნენი, გულღვარძლიანები ვიყვნეთ, ფანატიკოსობა
გვჭირდეს, - ჩვენ არც ამაში გამოვეკიდებით. ხოლო რაკი სომეხს პროფესორს
ჩვენთვის ფანატიკოსობა შეუწამებია, აშკარაა იმ აზრით იქცევა ასე, რომ სომეხს
ამისთანაებში ხელს აბანინებს, მითამდა ქართველები არიან ასეთნი ბრიყვნი და ავის
ზნისანი და სომხები-კი არაო. ვნახოთ ასეა, თუ აქაც რაღაც ოსტატობაა და
თვალთმაქცობა სწავლულისა.
როცა ქალკიდონის მსოფლიო კრებულს (596 წ.) ემოწმა ქართველობა და ამით
სარწმუნოებით ერთმანეთს დაჰშორდნენ ქართველები და სომხები, სომხებმა ცალკე
კრება მოახდინეს დვინს და დაადგინეს განაჩენი. ამ განაჩენის ძალით სომეხთა
მაშინდელმა პატრიარქმა აბრაამმა ასე შეაჩვენა და კრულვა-წყევლას მისცა
ქართველობა: “ჩვენ დავწყევლეთ და პირქვე დავამხეთ ქართველთა კათალიკოზი
კირიონი და ქართველებზე ვბრძანებთ, რომ სომხებმა ამის შემდეგ არ იქონიონ
არავითარი მისვლა-მოსვლა ქართველებთან, არავითარი ურთიერთობა, არც
ლოცვითა, არცა ჭამა-სმითა, არც მეგობრობითა და არც შვილების აღზრდით; არ
გაბედონ წასვლა სალოცავად არ სახელგათქმულ მცხეთის ჯვარისა, არც მანგლისის
ჯვარისა, არ მისცენ ნება სიარულისა ჩვენს ეკლესიებში, ერიდნენ იმათთან
დამოკიდებულებას ცოლ-ქმრობისას, ნება ეძლევათ მხოლოდ აღებმიცემობა იქონიონ,
როგორც ურიებთან. ვინც ამ ბრძანებას გადავა, წყეულიმცა არს იგი სულითა და
ხორცითა და ყოვლის ცხოვრებითა”.
ამას მოგვითხრობს სომხის ისტორიკოსი კაღანკატვაცი. ისტორია მისი მეცხრე
საუკუნეს ეკუთვნის და თვით პატკანოვს რუსულად გადაუთარგმნია. ეს მაღალ
ზნეობის და კაცთმოყვარეობის მომასწავებელი განაჩენი შიგ ამ ისტორიაშია
ჩართული. სართი დასწრებისააო, სწორედ ამას ჰქვიან. ამაზე უდიდესი
ფანატიკოსობა არ გვგონია სხვა იყოს სადმე. ამ სახელოვანის განაჩენის პატრონს განა
ხმაღა ამოეღებოდა ჩვენს ფანატიკოსობაზე, რომ ქვეყანაზე გამკითხავი ვინმე იყოს!
რატომ აგრე საქებურად გაუჩუმდა ამისთანა წრეს გადასულს ფანატიკოსობას, რაკი
აქამდე მიიყვანა საუბარი.
განა მართალი არ არის ყოველ ამის შემდეგ დ. ბაქრაძე, როცა პატკანოვზე ამბობს:
“პატკანოვი უკვე დასკვნილს ქართულს აზრს ან უჩუმდება, ან თუ იგი მოჰყავს,
მოჰყავს გადასხვაფერებით, იმგვარად, რომ ბინდი მოჰფინოს მის წინააღმდეგ აზრს,
ქართულ ისტორიის წყაროს, თვით ჩვენთა წინაპართა ხასიათს”. თუ ამისთანა
ოინობასა და თვალთმაქცობას კადრულობენ და არა ჰთაკილობენ სომეხთა ქებულნი
და თავმოსაწონებელნი პროფესორნი, რაღა უნდა მოვთხოვოთ სხვა სომხებს,
რომელთაც ცარიელ დიპლომებით თავი მოაქვთ, ქადულობენ და ყურებს
გვიჭედავენ.
ამ სახით, კადნიერმა პროფესორმა ხომ თავზე დაგვახია ჩვენი “ქართლის
ცხოვრება”, ხომ სახელი ჩვენი ცოტად თუ ბევრად შეგვილახა მით, რომ ქვეყანას
აუწყა, ვითომც უსწავლელი და უმეცარი, ესე იგი უკანასკნელი სომეხი მაშინაკ-კი
უპირველესი და წინ-წასული ყოფილა ქართველებზე, როცა ქართველების ოქროს
დრო იყო, ხომ ფანატიკოსობაც შეგვწამა, - ახლა სხვა გზიდამ მოგვიარა. სული ხომ
ვითომც ამოგვხადა, ახლა ხორცის გლეჯასაც მიჰყო ხელი. ამ მხრითაც რომ ლახტი არ
შემოექნია, ერთსა და უკანასკნელ საგანს სომეხთა მწიგნობრობის პროგრამისას
უღალატებდა და ამის ჯავრსა და ცოდვას რად გაიყოლებდა.
ისტორიულ ჭეშმარიტებად ცნობილია, რომ ეგვიპტელთა “მუშენი”, დაბადების
“მოსოხნი” ანუ “მოსხნი,” ეხლანდელი “მესხნი,” ჰეროდოტის “ტიბარენნი”,
სტრაბონის “ტიბერნი” და “კოლხნი” შეადგენდნენ ქართველ ნათესაობის ერსა.
რადგანაც ისიც ჭეშმარიტებად ცნობილია, რომ ძველისძველად ამ ქართველ
ნათესაობას სჭერია მთელი სივრცე ღალისის მდინარითგან მცირე აზიაში - შავის
ზღვის პირამდე და მთელი აღმოსავლეთი მხარე ამ ზღვისა, აგრეთვე იგი ადგილები,
რომელნიც მტკვარსა და არაქსს შუა მდებარეობენ, აშკარაა, რომ ვისაც ამ ადგილებში
დაჩემება რამ უნდა, ან ქართველის კუთვნილების გაუქმება, - მოუნდება დაამტკიცოს,
რომ ზემო დასახლებულნი ერნი ქართველთა ნათესაობისა არც იყვნენ და არც არიან.
სწორედ ასე მოიქცა ჩვენი გულადი პროფესორი და გვეფიცება, რომ “მოსხები და
კოლხები” ქართველის ნათესაობისანი არ არიანო, და არავითარს საბუთს ამისას არ
იძლევა-კი ეს საოცარი მოფიცარი. ბალღო, რადა სტირიო? გამიდის და ვტირიო,
სწორედ ეს არის.
ამგვარათვე ხელს იწვდის ტაოსკარზე, ეხლანდელ ჭოროხის ხეობაზე, იმისდა
მიუხედავად, რომ უცხო ერის მემატიანენი, მაგალითებრ კონსტანტინე პორფიროგენი
(911-959 წ.) იმოწმება, რომ მეათე საუკუნეზე წინათ ქართველთ ბაგრატიდთა ეჭირათ
ჭოროხის ხეობა და აქედამ დაიპყრეს თვით არზრუმი და სხვა ნაწილები სომხეთისაო.
თუნდ ესეც არ იყოს, მთელი ჭოროხის ხეობა, როგორც უკვე ვთქვით, სავსეა
ქართულის ეკლესიებითა და მონასტრებითა ქართულისავე ზედწარწერებითა და
ზოგნი ამათგანი ეკუთვნიან მერვე მეცხრე საუკუნეს. ყველა ეს უტყუარინი მოწმენი
თვით სომხის ვარდაპეტის სარგისიანისაგან არიან აწერილნი, ბროსსესაგან
განხილულნი და აკადემიის მემუარებში დაბეჭდილნი. თვით ეს სარგისიანი,
რომელსაც 1843-1853 წ. დაუვლია ჭოროხის ხეობა, მწუხარებით ამბობს, რომ
ღონისძიება არა მქონდა გადმომეღო იგი მრავალი ქართული ზედწარწერიანი,
რომელნიც მე იქა ვნახეო. აბიხი, ხანიკოვი და თვით იგი კოხი, რომელნიც ერთს
შემთხვევაში პატკანოვმა იმოწმა, ამასვე მოგვითხრობენ[11].
ესეა თუ ისე, პატკანოვი უფრო შორს მიდის ამაზე, და რაკი სხვისის დაჩემების
გზაზე დაექანა, თავს ვეღარ იმაგრებს და ჭანეთსაც, მოსე ხორნელის “ჭანივ”-ს, ესე იგი
“ქალდეას”, ხელი წაატანა, - “ქალდეა” შეადგენდა ნაწილს სომხეთის სამეფოსასაო.
როდის და სად არის ამისი ისტორიული საბუთიო? - ეკითხება ამ გათამამებულსა და
მადაგახსნილს სომხის პროფესორს დ. ბაქრაძე. მართალიც არის. თუ მოსე ხორენელი
სწერს, რომ იმ ადგილებში, რომელსაც “ქალდეა” ერქვა, ჯერ თითქმის ორი ათასის
წლის წინათ სომხები იყვნენო, ეხლა ხომ ყველამ იცის, რომ ეს აშკარა ტყუილია. ისიც
ეხლა ყველამ იცის, რომ სომეხთა მეისტორიეთა მამამთავარი მოსე ხორნელი ისე
სარწმუნო და საქებ-სადიდებელი არ არის, როგორც სომხებსა ჰგონიათ.
ლენორმანი, ეს ყველასაგან დიდ სწავლულად მიჩნეული კაცი, აი რას ამბობს:
“შეურყეველ ჭეშმარიტებად უნდა მივიღოთ, რომ სომხებს არ აბადიათ არარიგი
ნაციონალური გადმოცემა პირველ ტიგრანამდე, რომელიც კიროსის თანამედროვე
იყო. რაც-კი შეეხება ამაზე წინა დროს, ყველა მოთხრობა სომეხთა მწერლებისა
მომდინარეობს მოსე ხორნელის წიგნისაგან, და ეს წიგნიც, როგორც თვით
ხორნელისაგანაც სჩანს, არის უბრალო ასლი (კოპიო) მარაბაზ კატინის
ცრუსიტყვაობისა, კომპილაციისა. ეს ბატონი კატინა სცხოვრობდა ქრისტიანობის
პირველ საუკუნეს, ადგა ლიტერატორობის ხელობას, ეკუთვნოდა ედესის სკოლას და
ამან შეადგინა კომპილაცია, საცა სიმართლეზე მეტი სიცრუე შეიტანა და სულ ეს
ააშენა კტეზიის ქრონოლოგიურ სისტემის მზგავსად და, სხვაც რომ არა იყოს-რა,
მარტო ამ სისტემის მიბაძვას უნდა გაეფუჭებინა საქმე, გაეშორებინა
ჭეშმარიტებისაგან. გულუბრალო მკითხველის მოსატყუებლად კატინამ ეს ხერხიც
მოიხმარა, რომ თავისი კომპილაცია მიაწერა ალექსანდრე მაკედონელის დროს.
კატინის დროს ამისთანა ხერხიანობა ძალიან გავრცელებული იყო და ამ გვარის
ყალბის წერილებით, ფალსიფიკაციებით მოჰფინეს მთელი ქვეყანა”[12].
ჩვენ ეს ლენორმანის საბუთიანი აზრი იმისთვის არ მოგვყავს აქ, რომ მოსე
ხორნელი შევუბღალოთ მის პატრონებს. აქედამ ერთი იმისთანა ოინი გამიჩეკა მერე,
რომ ერთი მაგალითი კიდევ მოგვეცა გავითვალისწინოთ უტყუარად, - რა საქებური
და სამამაცონი ზნენი სჭირებიათ სომეხთა მწიგნობართა საერთდ და მათ ბაირაღტარს
პატკანოვს საკუთრივ. ლენორმანმა ეს თავისი და ეხლა ყველასაგან მიღებული აზრი
მოსე ხორნელზე 1871 წელს გამოაცხადა. რა თქმა უნდა, ვერაფრად იამებოდათ ეს
ამბავი მოსე ხორნელის მაქებარ-მადიდებლთა. გარნა რა უნდა ექმნათ? ქონდრის კაცი
ხომ ვერ შეეჭიდებოდა იმისთანა გოლიათს მეცნიერებისას, როგორიც ლენორმანია. ან
რომ გაებენა კიდეც, რას გაიტანდა. როგორ უშველა პატკანოვმა თავს? აი ძაღლის
კუდი სად მარხია. გამოვიდა, რომ ეს საბძელი ხომ იწვის, ბარემ ხელები მაინც
გავითბოო, და გაითბო კიდეც.
პატკანოვმა ყური მოიყრუა, თითქო არც სადმე ლენორმანია და არც მის მიერ
ნათლად გამოკვლეული აზრი: აიღო და კარგა ხანს შემდეგ, როცა უკვე ლენორმანის
აზრი გამორკვეული იყო, შეუდგა ვითომდა თავისის საკუთარის თაოსნობით მოსე
ხორნელის ავისა და კარგის ჩხრეკასა, ვითომ თითონ გამოიძია. თავისს კრიტიკის
ქარცეცხლში გაატარა, - ვითომ თითონ მიაგნო, რაც უკვე მიგნებული იყო სხვისაგან,
და ლენორმანის გამონაკვლევი თავისის სახელით გაასაღა. ამ რიგად უკვე
აღმოჩენილი ამერიკა აღმოაჩინა და დოინჯი შემოიყარა თავმოწონებისა. როგორ
მოგწონთ ამისთანა საქციელი? თქვენ თუ არ მოგწონთ, აბა ყური დაუგდეთ
პატკანოვის ამქრის მწიგნობართა, რას ამბობენ ამ სხვისის ღვაწლის დამჩემებელსა და
სხვის ნაცვამით დოინჯშემოყრილ პროფესორზე: “ყველაზე უდიდესი (капитальный)
საისტორიო ღვაწლი პატკანოვისა” სწორედ ეს ღვაწლი არისო[13]. აკი “კაცსა მართალს,
თუ მტყუანსა, კაცნივე შეატყობენო”. მიუქარავს ამ ანდაზის მთქმელსა.
თუ მართლა “ყველაზე უდიდესი საისტორიო ღვაწლი” ესა ყოფილა
პატკანოვისა, სხვა უმცირესი რაღა უნდა იყოს? ეს სხვა მეცნიერსა ვკითხოთ,
სახელდობრ ბ-ნ მარს, ეხლანდელს სომხების პროფესორს პეტერბურგის
უნივერსიტეტში. მე პატკანოვის შეგირდი ვარო, იძახის თავმოწონებით ბ-ნი მარი.
მწურთნელის კარგად ხსენება მადლობელის გაუწვრთვნილისაგან მოსაწონია, მაგრამ
ესეც-კი ურიგოდ არ არის ნათქვამი: “ცემა გმართებს გამზრდელისა, თუ ყრმა ჰნახო
ავად ზრდილი”.
ბ-ნი მარი, თუმცა პატკანოვისამებრ ოინებში ჯერ თავი არ უჩენია და ღმერთმაც
ნუ ჰქმნას, რომ იჩინოს, - სხვაფრივ-კი იმის გზაზე დამდგარა და დიდის რიხით
იჭიმება, თითქო მაღლა ფრინველს არ გადაიჭრენს და დაბლა ჯინჭველას არ
გაიტარებსო. ერთი აკაკისთან მისი საუბარი გადაათვალიერეთ და დაინახავთ,
რარიგად იბღინძება თავისი მეცნიერებით, რარიგად იბერება, რა სხვილ-სხვილად
იხარჯება, რა დიდ-დიდ სწავლულებში თავსა სდებს. ამ ბოლოს დროს ბ-ნმა
გოლმსტრემმა[14] ამომავალ მნათობად დაგვისახა მეცნიერების ცაზედ და ამას იქით,
უყურეთ, ცას ქუდად აღარ მიიჩნევს და დედამიწას ქალამნადა. თუმცა ეს როგორღაც
ჰგავს, კუმ ფეხი გამოჰყო, მეც ნახირ-ნახირო, მაგრამ ჩვენ რა გვენაღვლება? ჩვენ რა
საქმე გვაქვს? კუმ თავისი იცოდეს, ჩვენ - ჩვენი.
თუ რამე კულტურის ნასახი გააჩნიათ ქართველებსაო, თითქმის სულ სომხების
მოწყალებითო[15] სომხების კულტურა რომ უარ-ჰყონ, ნახევარი კულტურა
ქართველებისა თქვენს ჭირს წაიღებსო, ამბობს ეს ახლად ამომავალი მნათობი
მეცნიერებისა. იქნება ესეც იყოს, არც აქ აუხირდებით, იმიტომ რომ ჩვენ სახეში
სულაც არ გვაქვს ვიძიოთ, ქართველი სჯობია სომეხს, თუ სომეხი - ქართველს.
ამაებზე საუბერი ბრიყვის საქმეა და ჩვენ შორს ვუვლით ამისთანა აბდაუბდას. ჩვენ
მარტო ამას ვჩივით, - როცა იმისთანა მეცნიერნი, როგორც ბ-ნი მარია, ამისთანაებს
ღაღადებენ, საბუთი მაინც უნდა დაგვანახვონ.
ბ-ნი მარი ჩვენს ენასაც კი სწვდა თავისის ბასრი ხმალითა. ენის
მრავალსიტყვაობა ერის მრავალაზროვნებას მოასწავებს, და როცა ისტორია ორს ენას
ერთმანეთს მოახვედრებს, უფრო სუსტი და უძლური ენა ზედ-იჩნევს გავლენას
უფრო წინწასულ და უფრო კულტუროვან ენისას.
ნუთუ ამ აზრით, ამ განზრახვით ბ-ნი მარი გვიცხადებს, რომ ქართულმა ბევრი
სისტყვა სომხურისა მიითვისაო და ამით შორიდამ გვანიშნებს, - აი ერთი საბუთიც
სომხების კულტურისა და ამ კულტურის ზედგავლენისა ქართველებზეო.
”ბანაკი, მუშაკი, სპეტაკი, ჟამი, ქალაქი, სენაკი, კარგი, წესი, მატიანე, პატივი,
ჭეშმარიტი” და ბევრი სხვა სულ სომხური სიტყვებია ქართულში გადატანილიო[16].
ესეც იქნება მართალი იყოს, ხოლო ჯერ კიდევ ღმერთმა იცის - ეს სიტყვები
სომხებისაგან მიუღიათ ქართველებს, თუ ქართველებისაგან სომხებს. ჩვენ აქ არც
ერთის დამტკიცება გვინდა, არც მეორისა, ხოლო გვიკვირს ასეთი გადაწყვეტილად
ლაპარაკი იქ, სადაც არავინ იცის, ჯერ რა გამოვა რისგან, და ბ-ნი მარმა რად ინება
ასეთი ლაპარაკი?
პირიქით, თუ ლენორმანი სარწმუნო სწავლულია, თუ შეურყეველ
ავტორიტეტად ცნობილია ამისთანაებში დიდებული, ლენორმანის სიტყვით,
ლინგვისტი ეჟნ ბიურნეფი, რატომ ბ-ნი მარმა ამათ მაინც ყური არ ათხოვა, თუ
დასაჯერად არა, ეჭვის გასაჩენად მაინც.
ლენორმანი ამბობს - “სრულიად შესაწყნარებელია, რომ დიდი ნაწილი ამ
(ქართულის) სიტყვებისა ეკუთვნის სპარსულს ენას და ქართულში შემოსულია
შედარებით ახალ დროს არა საჭიროების ძალდატენებით, არამედ ისტორიის
მოქმედებით. დანარჩენი ნაწილი-კი ქართულ სიტყვებისა უძველესის დროებისანი
და ზედმიწევნით ქართულის თვისებისანი არიან, როგორც ეს დაამტკიცა ჩვენმა
დიდებულმა ლინგვისტმა ეჟენ ბიურნუფმაო”.
უძველესნი დრონი ქართველობისა და მათის კულტურისა ასურულ
ლურსმნულ ნაწერებშია მოხსენებული ჯერ კიდევ 1300 წელს ქრისტეს წინათ,
როგორც ამას მერე უფრო ცხადად დავინახავთ, და სომხების ხსენება მეშვიდე
საუკუნის დასასრულამდე ქრისტეს წინათ არც კი იყო. მაშ უფრო საგულვებელი არ
არის, რომ სომხებს ქართველებისაგან შეევსოთ თიავისი სიტყვა-ნაკლულევანება,
რაკი ამ საგანზე მივარდა საუბარი?
თუნდ ესეც არ იყოს, თუნდ ყოველივე ეს სამაცდურო საგულებელიც იყოს და
სხვა რამ ნიშანწყალი საბუთისა არ გააჩნდეთ-რა, სწავლული გატერიასი, მცოდნე
ქართულ-სომხურისა, ხომ ცრუმეტყველი მეცნიერი არ არის. ამანაც-კი გამოსთქვა,
რომ სომხურ ენის შინაგან თვისებას ნათლად ვერ მივუხვდი, მანამ ქართული ენა არ
ვისწავლეო, რადგანაც სომხურის ენის ბევრი ძირკვები წმინდა ქართულ
ელემენტისაგან სწარმოებენო და უქართულოდ იმათი ახსნა შეუძლებელიაო.
ლენორმანის და რაულსონის თქმული, რომ სომხების არმენიაში შემოსევამ (მეშვიდე
საუკუნის დასასრულს) ბევრი ალაროდიული (ქართული) ჩანთქაო, საბუთს უმატებს
გატერიასის ნათქვამს და ამაების გამო ბ-ნი მარს ეჭვი მაინც უნდა შეჰპარვოდა, და
არა ბრძანება გაეცა, ასე იყოს, როგორც მე მიამება და როგორც გაუწთვნელი ვარ ჩემის
მწურთვნელისაგანო.
მთელს ამ საუბარს ბ-ნ მარისას ერთ ქრთილადაც არ ვიყითით. ენის გამდიდრება
სხვისა სიტყვებქითა ერს არ დაამდებლებს, თუ არ აამაღლებს, რუსული очар და
ჩვენებური “ოჯახი” მონგოლური სიტყვაა, башка თათრულია, თუ სპარსული,
სიტყვიდამ “ბაშჟ”, сакля – “სახლი” религiя, профессiя, поезiя, литература და ათასი
სხვა მაგისთანა, სულ სხვა ენის სიტყვებია, - ამით მითამ რაო? ინგლისის ენაში
თითქმის ნახევრი სიტყვები ფრანგულია, მოდით და წინ გადაუდგეს ან ენაწმინდა
ქართული, ან ენაწმინდა სომეხი და დუჟინოს, - ჩვენ გჯობივართო. მართალია, ბ-ნს
მარს მიზეზი სხვამ მისცა ამების ლაპარაკისა, მაგრამ უნდა სცოდნოდა, რომ ამებზე
საბუარი წყლის ნაყვაა და სხვა არაფერი. ბ-ნი მარი სხვაფრითაც ირჯება, თითქო
ჩვენზე გულმოსულია და ჯვარს იყრის. კარგა ხანია, რაც დაიქადა, რომ დამაცადეთ,
ეგ თქვენი რაღაც “ვეფხის-ტყაოსანია”, - სულ თავზე დაგაფხრეწთო, ინგლისში ერთი
მანუსკიპტრი მეგულება, იმას ვიპოვი და დაგიმტკიცებთ, რომ იქიდამ არის ეგ
ნათარგმნი, ან გადმოღებულიო. ვაი ჩვენო თათმოსაწონებელო რუსთაველო! თურმე
ქურდი ყოფილხარ და სომეხთა მეცნიერთამებრ სხვისი შენად გაგისაღებია! ჩვენ-კი
რა დიდებულ კაცად მიგიჩნიეთ, შენს სახელს შევხაროდით! ბ-ნი მარი, რომელიც
ვითარცა დიდგულა მეცნიერი, შუბლზე ბუზსაც არ ისვამს, უბრალო
სიკვდილისშვილი ხომ არ არის, ტყუილად დაიქადოს რამ და არ იცოდეს, რომ “ისარი
და პირით სიტყვა, რა გასტყორცნაო, არ მობრუნედს”. დაიქადა და აკი... აი ის დღეა
და ეს დღე, მას აქეთ შვიდი-რვა, თუ არ მეტი, წელიწადი გავიდა, - მაგრამ ქადილი
ქადილად დარჩა. ბ-ნიმა მარმა კარგად იცის, - რა განძია ჩვენთვის “ვეფხისტყაოსანი”; კარგად იცის, - ბა ბურჯია იგი ჩვენი თავმოწონებისათვის, ქვეყნად ხმის
ამოღებისათვის. მაშასადამე, თუ თავში დასცხები ვისმე რამ უნდა, უკეთესი იქნება
აქედამ დაგვცხოს, აქედამ შეგვინგრიოს ციხე-სიმაგრე ჩვენის სახელსია და
თავმოწენებისა. თუ არ ამან, სხვა რა გულთაძვრამ უნდა აგვიხსნას ეს ამისთანა
თავდაუჭერავი მუქარა და ქადება მეცნიერებისა, ფსიხოლოგიურად რომ
ჩავკუვირდეთ?
რა საკადრისია, კაცს ჯერ საბუთი არ ენახოს, არ გაეჩხრიკოს და არც იცოდეს,
მართლა ამისთანა საბუთი არის სადმე თუ არა, აიღოს და მთელს ერს შეუგინოს მისი
სამართლიანად სახელვანი კაცი, შეუბღალავოს იგი თითქმის წმიდათაწმიდა,
რომელსაც შვიდას-რვაასი წელიწადია განუწყვეტლად შესტრფის და შეჰხარის,
შეურყიოს ძირი იმ დიდებულს სახსოვარს, რომელსაც მთელმა ერმავე შიგ ჩაატანა
თავისი ცრემლი და თავისი სიხარუალი, შიგ ჩაახვია თავისი სული და გული, შიგ
ჩააწნა თავისნი უკეთესნი ფიქრნი, ზრახვანი, გრძნობანი!.. რა საკადრისია! კიდევ
ვიტყვით: ამის საბუთი რომ ხელში ჰქონოდა, ვინ რაღას ეტყოდა, მართალს წინ რაღა
დაუდგებოდა! მაშინ თუმცა შევწუხდებოდით, მაგრამ მაინც პატივისცემითა და
მოწილებით თავს მოვიხრიდით მართლის წინაშე. საქმე ის არის, რომ ჯერ საბუთი არ
ენახა, და ან რას ჰნახავდა, როცა არ არის, და მაინც დაიქადა. მე ესე მომელანდაო,
სიზმარში ვნახეო, რომ ინგლისში ამისი საბუთი არისო. თუ ეს მართლა სიზმარში
მოლანდებული არ არის, მაშინ რა იქნა იგი ქადებული საბუთი? რამ ჩაყლაპა? თუ იგი
საბუთი არ აღმოჩნდა, ის პატიოსანი და ყოვლად ღირსებული თვისება ჭეშმარიტის
მეცნიერისა სადღაა, რომ სთქვას: შევცდი და ვინანიო. განა რომ “სოფლის ნადიმითა
მჯდომელი სოფელსავეთვე ჭრელი”. განა რომ “ბუისგან ნუ გამოელი ბოლო-კარკაზის
ბუდესა”.
მოდით და გულზე ნუ მოხვალთ ამისთანა თავგასულ და შეუნანებულ
საქციელისაგან! ვშიშობთ, მაგრამ მაინც ვეტყვით: ნუთუ ამისთანა ქედმაღალმა
მეცნიერმა, როგორიც მარია, თითონ რამ ჰკითხოთ, მართალი არა სთქვა? და თუ არა
სთქვა, რას გვემართლებოდა? რათ დაიქადა ასეთის გაბედულის რიხით, და თუ
დაიქადა, რათ არ აასრულა ქადილი? რა ანგარიშია, რა ჰლამის ხელიდამ
გამოგვაცალოს ჩვენ ჩვენი საუნჯე და ამისათვის ცარიელ მუქარის და ქადილის
დალაბრებული, პირგადაღეჭილი ხმალი მოგვიღერა. ვისთვის და რისთვის ირჯება,
რომ ასე უსაბუთოდ გვეტანება და ხელიდამ გვაცლის ჩვენს “ვეფხის-ტყაოსანს”? ვის
შერჭმია თვალში ეკლად ეს ქართველების ეროვნულ ღირსებისა და ვინაობის
სახსოვარი, რომ ბ-ნი მარი აგრე თავზე ხელაღებულად იღწთის ამ ეკლის
გამოღებისათვის? ყოველივე ეს თქვენ გამოიცანით და ჩვენ-კი დიდიხანია ვიცით,
რომ “ხარი ხართან დააბი, ან ფერს იცვლის, ან ზნესაო”.
IV
სომეხთა მწიგნობარ-მეცნიერთა ამბავი დიდს მდინარე წყალსა ჰგავს:
რამოდენადაც ნაპირიდამ შიგ შესტოპავთ, იმოდენად უფრო ღრმაში შესდიხართ,
უფრო მეტს სიგრძე-სიგანესა ჰხედავთ. თანდათან მათი სილაღე, კადნიერება და
თავგასულობა ჰმატულობს და უფრო გაბედვით თავს იქებენ, უფრო გულახდილად
გვექცევიან ჩვენც. მათ მიერ ერთხელ დადგინეული პროგრამა მოქმედებისა, ერთხელ
და ერთხელ შეთვისებული თვალთმაქცური ხერხი და ოინები ისე აშკარად, ისე
ცხადად, ისე ვრცლად არსად არ იხატება, როგორც ერთს ევროპულ გაზეთში, სადაც
დაწყობილად მოთხრობილია ყოველივე ის, რაც ჩაქებ-სადიდებელია სომხისა,
გასაბათილებელია ქართელისა და რაც აშკარად ჩაგონებულია თვით ამ მწიგნობარმეცნიერთაგან. აქ ეს ვაჟბატონები აღარ ჰმალავენ, არა სახსარს აღარ ჰთაკილობენ,
აღარას მორცხვობენ. პირდაპირ და გულახდილად იმისთანა ხერხითა და სახსრებით
ჰსაქმობენ, რომელთ ხელის მოკიდება და სირცხვილის ალმურის მოდება სახეზე
ერთი უნდა იყოს ყველ სხვა კაიცსათვის - სომეხი იქნება, თუ სხვა მილეთისა.
უკანასკნელ ოსმალთან ომების დროს, სახელდობრ 1877 წელს, ერთმა
საფრანგეთის გაზეთმა - “Temps" აქ ჩვენკენ ერთი კორესპოდენტი გამოგზავნა,
სახელად კუტული. ამ კუტულმა აქედამ კორესპოდენციები უგზავნა ხსენებულ
გაზეთს და თითქმის მთელი ორი თვე აბეჭდვინა. ეს ბ-ნი კუტული აი რას სწერს იმის
თაობაზე თუ, ვის ჩაუვარდა ხელში ჯერ მაშინ, როცა ვლადიკავკავიდამ ჩვენკენ
წამოსულს, ერთი სადგური ფოსტისა ძლივს გამოევლო. ჯერ კიდევ ბალთაში[17]
დაჰხვედრია, განგებ თუ შემთხვევით, ერთი აფიცერი არტილერიისა, შუშელი
სომეხი. ამას ჩაუსვამს იგი თავსს «პოვოზკაში» და მოყვანია ტფილისს. რა უამბნია
მისთვის ამ აფიცერს გზადაგზა, ამისი არა ვიცით-რა. იმედი-კია, ბევრს კარგს ეტყოდა
ჩვენდა შესამკობლად. ამ იმედს იმაზე ვამყარებთ, რომ ამ ბ-ნს აფიცერს მოსვლისავე
უმალ ტფილისში წაუყვანია თავისი ახალი სტუმარი აწ განსვენებულ გრ. არწრუნთან,
«მშაკის» რედაქტორთან, რომელიც, კუტულის სიტყვებით, «ლიბერალთა დასის
წინამძღომია და თუმცა სასულიერო წოდებისა არ არის, მაგრამ სომხებ შორის იმავე
როლს ჰთამაშობს, როგორსაც დელინგენრი და მამა გიაცინტე კათოლიკეთა შორის,
და რომელსაც უკეთ ესმის სომეხთა საღვთო წერილი, ვიდრე თვით კათოლიკოზსაო».
რა თქმა უნდა, კუტული ეგზამენს ვერ გაუკეთებდა კათალიკოზს სომხებისას,
მაგრამ მაინც გადაჭრილად ამბობს, ეს ასეაო. საიდამ შეუტყვია ეს ასეთ უპირატესობა
არწრუნისა და ასეთი ქვეითად ყოფნა პატივცემულ კათოლიკოზისა? აშკარაა, ან
თითონ არწრუნს გაუბერია თავისი თავი, ან სხვას ვისმე მაღლა თაროზე შეუსკუპებია
განგებ, რომ უცხო კაცს თვალები აჰბოდა და თავისის თვალით არა მოეჩხრიკა რა.
აშკარაა, ან თითონ არწრუნი, ან ვიღაც ცდილა ეს ამისთანა უცნაური ამბავი
ჩაეწვეთებინა ყურში ამ ახალ მოსულ ფრანგისათვის, რომ აბრუ არწრუნისა
განედიდებინათ მის თვალში და ადვილად მინდობოდა ამისთანა ბრძენს კაცს და ის
დაენახა, რასაც დაანახვებდა ეს დელინგერი და გიაცინტე სომხებისა. რომ კარგად
დაანახვებდა, რა თქმა უნდა, ეჭვი არავის ექნებოდა.
ისიც უამბნიათ, რომ არწრუნი ჯერ მოსკოვში განათლებულა და
გემეცნიერებულა, მერე პეტერბურგში, და სულ ბოლოს ჰეიდელბერგიბში და ძალიან
განვითარებულია ფილოსოფიაშიო. რომ უფრო მაღლა ასწიონ ეს ძალიან
განვითარებული ფილოსოფოსი, ერთი დიდი ღირსებაც ზედ დაუმატებიათ,
სახელდობრ ისა, რომ მისი ძმა გერმანიაში პროფესორიაო. თუმცა ძმის პროფესორობა
არა-პროფესორისათვის დიდი თამასუქი არ არის, მაგრამ ესეც-კი არ დაჰვიწყებიათ
არწრუნის განდიდებისათვის. ესე გაუბერიათ არწრუნი, თუმცა ტიკს მაშინ ჰბერვენ,
როცა შიგ არა დგა-რა. ასე მოუმზადებიათ უცხო სტუმარი, რომ მერე ყოველვე სიტყვა
არწრუნისა ბაჯაღლო ოქროდ მიეღო. ფუქსავატი ფრანგი, რა თქმა უნდა, მახეში გაება,
და რაც ჩასძახეს, ის ამიძახა გაუჩხრეკლად, გამოუძიებლად. აბა დაუკვირდით
ბალთაში დახვედრასა და მთელს ამ ამბავს, თუ არ დაინახოთ - რა ხერხები
სცოდნიათ უცხო კაცის გაბრიყვების და ჩათრევისათვის. ეს ჯერ ყვავილებია, ხილი
მერე იქნება.
რაკი ამისთანა შარავანდედით შემოსილა განსვენებული არწრუნი. აუღია და
კუტული წაუყვანია ჯერ ტფილისისი საქალაქო საბჭოში, რომელიც კუტულისათვის
«პატარა პარლამენტად» დანახვებია, საცა გამგეობის წევრნი მინისტრებად
მოსჩვენებია ბ-ნს კორესპოდენტს და არწრუნი, თავისის ლიბერალურ დასით,
ოპოზიციად. მერე გასძღოლია არწრუნი და დაუტარებია სომხის ეკლესიები. აქ
კუტულის გაჰკვირვებია ტერტერების მშვენიერი და ძვირფასი სამოსელი. აბა რა
დღისათვის-ღა შეინახავდნენ!.. შემდეგ წაუყვანია ეს უცხო სტუმარი სომხის
სკოლებში. კუტული ქებით იხსენიებს მშვენიერ თვალებს სომხის მოსწავლე
ქალებისას, თუმცა სახის ერთობ სილამაზეზე-კი ბოდიშს იხდის, უკაცრაოდაო.
განსვენებულ არწრუნს შეჰყავს კუტული სომეხთა ინტელიგენციის წრეში.
კუტალი გვისახელებს ვინ გაუცვნია არწრუნის წყალობით, ხოლო საჭირო არ არის
ჩვენ აქ ჩამოვთვალოთ. საკმაოა ვიცოდეთ, რომ სომეხთა ინტელიგენციის წრეში
არწრუნს დაუტრიალებია თავისი ახალი მეგობარი, ანუ მწე-მქებარი, როგორც უწინ
იტყოდნენ. გაუმართეს სადილ-ვახშმები, ალხინეს, შეაქციეს შინა, თუ გარეთ ბაღებში,
უმღერეს სიმღერები, რომანსები, და კუტული სჩივის, ერთ ამისთანა ლხინადამ ისე
შეზარხოშებული დავბრუნდი შინაო, რომ კალმისათვსი ვერ მომიკიდნია ხელი, ისე
ამიერია თავში აზრებიო. ყველგან, საცა კი ლხინს დასწრებია, სულ სომხური
საჭმელები მიურთმევიათ და ეს საჭმელები ძალიან მოსწონებია ხელიხელ
სატარებულ სტუმარს არწრუნის ლიბერალურ დასისას. მერე გაუწვევიათ შინდისში,
რაღაც დღეობა ყოფილა. აქ ხომ მთლად აღტაცებაში მოუყვანიათ. მხოლოდ ერთს
რასმე გაუოცებია. თურმე ნუ იქყვით, ვინც-კი მეჯლისსა და დღეობაში ქალი უნახავს,
ისეთი «დიდი ცხვირი ჰქონდათო, როგორც მთის ქედიო». რა თქმუ ნდა, არწრუნის
ლიბერალური დასი ამისთანა წუნს არ აკადრებდა თავისიანებს და არც კუტულს
მოაფენინებდა მთელს ქვეყანაში. და რომ ეს უწყინარი და უტკივარი წუნიც-კი არ
შეამჩნევინონ უცხო კაცს, დაბალი ღობეც მალე უპოვნიათ. ჭკვიანურად,
გულმართალად აუხსნიათ, რომ ეგ დიდცხვირიანები სულ ქართელები აირიანო. ესეც
კარგია!.. რაც მეტი აქვთ, ის მაინც ჩვენთვის არა ჰშურთ, გულუხვად გვთავაზობენ.
მეტი ტრფიალებაღა გინდათ, ჩვენის სიყვარულით ცხვირებსაც-კი იჭრიან.
რა უნდა ექნა ამისთანა მახეში გაბმულს ქარფშუტა ფრანგსა? პარლამენტია-და
სომხებისააა, სკოლებია-და სომხებისაა, ეკლესიებია-და სომხებისაა, ინტელიგენციაა და სომხებისაა, შექცევაა, ლხინია-და სომხებისაა, დღეობაა-და სომხებისაა,
დელინგერებია-და გაიაცინტები-და სომხებისაა, ფილოსოფოსებია-და სომხებისაა,
საჭელებია-და სომხებისაა და მერე სად? ტფილისში. აშკარაა, აქ სომხეთია და
ტფილისი სომხეთის ქალაქია. სხვა რა უნდა გამოეყვანა ასეთის ოსტატობით
თალახვეულს გუშინდელ მოსულ კაცს! აკი სომეხთა სტუმარმოყვარეობით
აღტაცებული კუტული საქვეყნოდ იძახის, როცა ჯერ ტფილისში ზის და აქედამ ფეხი
გარეთ არ გაუდგამს: «უთუოდ ედემი აქ, სომხეთში, ყოფილაო». ამ სახით საქართელო,
ტფილისითურთ, სომხეთად მოაჩვენეს ევროპელ კორესპოდენტს და ეს ამბავი
ქვეყანაში მოაფენინეს უცხო კაცს იმისთანა დარბასელ და გავლენიან გაზეთის
პირით, როგორიც «Tempc» -ია. ოინი არ არის, მაშ რა არის?
ერთი ეს ვიკითხოთ: რა აზრია ამისთანა სასაცილო ცუღლუტობასა და
თაღლითობაში? ამისი პასუხი შეიძლება გამიჩხრიკოს ერთის გარემოებისაგან,
რომელსაც თითონ კუტული გვანიშნებს. იგი თურმე ეშურებოდა «დაესწრო ყარსის
აღებას», მაგრამ რადგანაც თითონ კუტულს და მისს ახალ მეგობრებს ჰსურვებიათ
დიდ აღმოსავლეთის საქმესთან ფეხზე წამოაყენონ სომხების საქმეც, იგი ტფილისში
ყოვნდება, რომ აქაურ ხალხების ვითარება შევიტყოო. შეატყობინეს კიდეც: ტფილისი
და საქართველო ჩვენი ბინააო, ჩვენი ქვეყანააო, და რადგანაც მართლა ესეა, ვიღა
გვეტყვის, რომ სომხები დაქსაქსულნი არიან და ბინის მოსაკიდებელი ადგილი არ
აქვთო. აბე ერთი გაუსისწვრივეთ აქედამ თვალი სენკოვსკის მიერ თქმულსა, თუ ის
არ დაინახეთ, რასაც ვეძებდით, თუმცა აქედამ იქამდე დიდი მანძილია და თუმცა აქ
ახალნი არიან და იქ ძველნი. ვინ იცის? ადვილად საფიქრებელია, რომ დელინგერები
და ფილოსოფოსები სენკოვსკის დროსაც იყვნენ. ყოველი მსგავსი მსგავსსა ჰშობსო,
ნათქვამია. მამა რომ შვილსა გვანდეს, ან შვილი მამას - აქ დაუჯერებელი არა არის-რა.
ახლა გამოვიკვლიოთ, რა შთააგონეს კუტულს აქაურ ხალხების ვინაობისა და
ავკარგიანობისა. ჩვენ ვამბობთ შთააგონეს, იმიტომ რომ კუტული ისე ცოტა ხანს იყო
ტფილისში, რომ ერთის ქუჩის სახელსაც ვარ დაისწავლიდა და აქაურ ხალხების
ვინაობას და ვითარებას სიადამ გამოარკვევდა, თუნდ არწრუნისავით «ძალიან
განვითარებული» ფილოსფოსი ყოფილიყო. რომ ყოველივე მის მიერ გაზეთს «Tempc»
-ში მოთხრობილი ჩაძახილია მის ახალ მეგობართაგან, ამას თითონ ტენრდენცია
მოთხრობილოისა გვიმტკიცებს, თუ კაცი ჩაუკვირდება.
კუტულის სიტყვით, ამიერკავკასიაში ოთხის თესლის ერია: სომხები,
ქართველები, თათრები და რუსები. გგონიათ, ვითომც ამ ოთხ სხვადასხვა გვარს
ერზე გეტყვით რასმე კუტული? თქვენც არ მომიკვდეთ. ნიშანში ამოუღებინებიათ
მარტო ქართველები, რადგანაც, კვლავ ვიტყვით, «ალიას დარდი ფლავია». მარტო
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ქვათა-ღაღადი - 3
  • Parts
  • ქვათა-ღაღადი - 1
    Total number of words is 3762
    Total number of unique words is 2013
    20.3 of words are in the 2000 most common words
    28.2 of words are in the 5000 most common words
    33.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქვათა-ღაღადი - 2
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2051
    22.1 of words are in the 2000 most common words
    30.0 of words are in the 5000 most common words
    34.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქვათა-ღაღადი - 3
    Total number of words is 3734
    Total number of unique words is 2033
    20.2 of words are in the 2000 most common words
    28.1 of words are in the 5000 most common words
    33.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქვათა-ღაღადი - 4
    Total number of words is 3766
    Total number of unique words is 2000
    20.1 of words are in the 2000 most common words
    28.5 of words are in the 5000 most common words
    33.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქვათა-ღაღადი - 5
    Total number of words is 3658
    Total number of unique words is 1921
    21.0 of words are in the 2000 most common words
    28.5 of words are in the 5000 most common words
    33.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქვათა-ღაღადი - 6
    Total number of words is 3360
    Total number of unique words is 1865
    23.8 of words are in the 2000 most common words
    32.1 of words are in the 5000 most common words
    37.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.