Latin

კენტავრი - 15

Total number of words is 3813
Total number of unique words is 2177
28.3 of words are in the 2000 most common words
41.0 of words are in the 5000 most common words
48.4 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ოქროსა და სპილენძის სიუხვით, თვალისმომჭრელად რომ ბზინავს ამ ციმციმა
სიმჭიდროვეში და მას პირდაპირ სახეში ანათებს.
მღვდელი ახოვანი, ლამაზი ვაჟკაცია, გამხდარი, შავგვრემანი სახით და კოხტად
შეკრეჭილი შავი, გრუზა წვერით. თავის მოწოდებას ომის დროს მიაგნო.
ოცდაცხრამეტ წელში, სრულიად ახლგაზრდამ და გამოუცდელმა, - მაშინ
ოცდახუთი წლისაც არ იყო, სემინარია დაამთავრა ჩრდილო-აღმოსავლეთ
პენსილვანიაში. იმხანად სისუსტეს ქალივით დაეჯაბნა იგი, ეჭვებისაგან იყო
ღონემიხდილი. ღვთისმეტყველებამ მკვეთრად ჩამოუყალიბა და გაუღრმავა ეს
ეჭვი. თავის გზას უკან რომ მოუხედავდა, ხვდებოდა, რომ მხოლოდ დედის
გავლენა არ ყოფილა გადამწყვეტი. მორწმუნეობა, რომლის გამოც ბოლოს
მღვდლად ეკურთხა, ქალისადმი ავადმყოფურმა შიშმა
ჩაუნერგა. ზოგჯერ ქადაგების დროს ხმას რომ აღიმაღლებდა, დამაჯერებლობას
მოკლებული ხმა, თითქოს მის არაგულწრფელ ქადაგებას დასცინისო,
სამარცხვინოდ ჩაუწყდებოდა ხოლმე. დიაკვნებს უფრთხოდა და თავის
მოვალეობას ზიზღით ასრულებდა. 1941 წლის ომმა იხსნა იგი. მოხალისედ
ჩაეწერა არმიაში, მღვდლად კი არა, უბრალო ჯარისკაცად. იმედი ჰქონდა, რომ ამ
გზით მაინც გაექცეოდა შეკითხვებს, რომლებზეც არ შეეძლო პასუხის გაცემა.
ასეც მოხდა. მან ოკეანე გადალახა და უკან ჩამოიტოვა ალქაჯი. მერე
ლეიტენანტობა მიანიჭეს. ჩრდილოეთ აფრიკაში შვიდ დღეს გასძლო თავის ხუთ
ხელქვეითთან ერთად, როცა სამი მათარა წყალიღა ჰქონდათ დარჩენილი.
ანციოში ყუმბარამ რვა ფუტის სიღრმე ორმო ამოთხარა იმ ადგილას, სადაც მან
წუთ-ნახევრის წინ გაირბინა. რომის ბორცვებში კაპიტნის ჩინი მიიღო. ისე
დამთავრდა ომი, ერთი ნაკაწრიც არ ჰქონია. გამოიწრთო, გაკაჟდა, მხოლოდ ხმა
შერჩა ადრინდელი, და, თუმცა, შეიძლება, ეს უცნაური იყოს, კვლავ თავის
მოკრძალებულ მოწოდებას დაუბრუნდა. მაგრამ უცნაური კია? არა! ხენჯისაგან
215
განწმენდილმა კვლავ ჰპოვა თავის თავში დედისეული რწმენა - ცეცხლში
ნაწრთობი, ურყევი, უჩვეულო, მაგრამ ნამდვილი, ვით გაციებული წიდის
ნატეხი. ის ცოცხალი იყო. სიცოცხლე ჯოჯოხეთია, წარმტაცი ჯოჯოხეთი. ხოლო
ყოველივე წარმტაცი ღმერთს ეკუთვნის.
მართალია, მარჩის ხმა წინანდებურად სუსტია, სამაგიეროდ მისი დუმილია
ძლიერი. გამხდარ, ბრინჯაოსფერ ღაწვებს ზემოთ ნახშირივით შავი თვალები
უელავს; ულვაშებს, რომელიც ომის დროინდელი სქელი ჯაგარის სამახსოვროდ
დაიტოვა, ნაჭრილობებივით ამაყად ატარებს. ხალხისაგან რომ გამოირჩეოდეს,
საზოგადოებაში მუდამ თეთრი საყელოთი ცხადდება. ვერას, რომელიც ღია
კარებში დარჩენილი გასასვლელით ფეხაკრეფით უახლოვდება მარჩს, მისი
საყელო ისეთი რომანტიკული ეჩვენება, რომ სუნთქვა ეკვრის: თითქოს ეს
თეთრად ალესილი დანაა, ბასრი აბსოლუტი, რომელიც მის ყელს მიბჯენია.
- დღეს თქვენ ჩვენთვის არ გილოციათ, - უჩურჩულებს სულმოუთქმელად.
- ო, გამარჯობათ, მაშ თქვენმა გოგონებმა წააგეს?
- მ-მ... და. - ვერა უკვე თავს იკატუნებს, თითქოს ყველაფერი მობეზრდა, და
მართლაც, თანდათან მოწყენილობა იპყრობს. ის თამაშს უყურებს, ხელები
ჯიბეებში ჩაუყვია და თავის პალტოზე ოქროს ღინღლს აშრიალებს.
- ყოველთვის მოდიხართ, როცა ბიჭები თამაშობენ?
- აბა, რა? მაინტერესებს. გითამაშიათ კალათბურთი?
- არა, სიყმაწვილეში ღმერთმა არაფრის ნიჭი არ გაიმეტა ჩემთვის. ყოველთვის
უკანასკნელი ვიყავი.
- ძნელი დასაჯერებელია.
- სწორედ ეგ არის ჭეშმარიტების პირველი ნიშანი.
ამ დამრიგებლურ კილოზე ვერა შუბლს იჭმუხნის, ოხრავს და მოუთმენელ
დუმილს უნებური ახსნა-განმარტებით პასუხობს:
- რა არის, იცით, ვისაც სკოლაშიუმუშავია მასწავლებლად, მერე ვეღარ შეელევა
აქაურობას. ეს პროფესიული ავადმყოფობაა. თუ ფანჯრებში შუქი ანთია, გული
არ გაგიძლებს, რომ არ მოხვიდე.
- თქვენ ისე ახლოს ცხოვრობთ!
- მ-მ...
216
ვერას მისი ხმა ეჩოთირება და გული წყდება. ნუთუ ბუნების კანონია, ფიქრობს
ის, რომ ყველა წარმოსადეგ ვაჟკაცს საძაგელი ხმა ჰქონდეს, ნუთუ
აუცილებელია, რომ ყოველი შეხვედრა იმედგაცრუებით ჩაუშხამდეს?!
სამაგიერო რომ მიუზღოს, ვერა გამოაჯავრებს:
- ძალიან გამოცვლილხართ მას შემდეგ, რაც უკანასკნელი იყავით.
მამა მარჩი ჩაიცინებს. მხოლოდ წუთით გამოაჩენს თამბაქოსფერ კბილებს,
თითქოს ჩინი ხანგრძლივი სიცილის ნებას არ აძლევდეს: ეს კაპიტნის სიცილია.
- მრავალნი იყვნენ პირველნი უკანა და უკანანი წინა, - მიუგებს.
ვერა ცოტა არ იყოს შეცბუნებულია, გადაკვრით ნათქვამს ვერ იგებს, მაგრამ
მარჩი ისეთი კმაყოფილებით კუმავს შავტუხა, ნაძერწ ტუჩებს, რომ
შეუძლებელია, რამე ნართაული არ იყოს თქმულში. ვერა განზე იყურება და
როგორც ყოველთვის, როცა
ეშინია სულელი არ გამოჩნდეს, მუქწაბლისფერ თვალებს ჭუტავს; იცის, რომ
ამით მათი ხავერდოვანი სიღრმე კიდევ უფრო მშვენდება.
- რატომ? - და მაშინვე ენას კბილს აჭერს. - თუმცა არა, უმჯობესია, არ გკითხოთ!
- რა უნდა გეკითხათ?
- არაფერი. დამავიწყდა, ვის ველაპარაკები.
- არა, ძალიან გთხოვთ. ხომ იცით, ნათქვამია: ითხოვეთ და მოგეცეთო.
მამა მარჩი იმედოვნებს, რომ თუკი საუბარს ღვთისსაგმობელი სიტყვების
მარილს მოაყრის, შეიყოლიებს და მერე მოიგდებს ხელში ამ ოქროს მტრედს, ამ
წითურ ბეღურას. გრძნობს, რომ ვერა ახლა ჰკითხავს - ცოლი რად არ შეირთეთო.
ძნელი კითხვაა. ამ კითხვაზე თვითონაც ხშირად უძებნია პასუხი. იქნებ,
ყველაფერი იმის ბრალია, რომ ომის დროს ქალი ძალზე უბადრუკად
გამოიყურება. მისი მაზანდა კლებულობს, ირკვევა, რომ მათი ყიდვა სულ იაფად
შეიძლება - შოკოლადის ფილად
ღამეში. ამ ფასსაც მამაკაცები აწესებენ და არა ისინი, და როდესაც უნებლიეთ
მიხვდები ამას, ყიდვას აღარ ჩქარობ. მაგრამ ვერას ამას ხომ ვერ ეტყვის.
მართლაც ეს კითხვა ადგა ქალსენის წვერზე. ერთიც ვნახოთ, მას სულ სხვა რამ
იზიდავს? ვერა უნდობლად ეკიდება მღვდლებს და სალუქ მამაკაცებს. ეს კი
ერთიც არის და მეორეც.
- რამ მოგიყვანათ დღეს? წინათ არასოდეს მინახიხართ შეჯიბრებებზე, აქ
მხოლოდ საერთო ლოცვებზე მოდიოდით. - ეკითხება ვერა.
217
- მე მოველი, - მიუგებს მამა მარჩი, - ორმოცი ბიწიერი კრავის სამწყემსავად,
რომლებიც ჩემს საკვირაო სკოლაში დაიარებიან. არ ვიცი, რაში დასჭირდა,
მაგრამ ზიმერმანმა გასულ კვირას ცის მანანასავით დააფრქვია მათ
კალათბურთის ბილეთები.
- და მაინც რატომ? - იცინის ვერა. ყველაფერი, რაც ამცირებს ზიმერმანს,
სიხარულით ავსებს ქალის გულს.
- რატომ?..
ყორნისფერი, მოშვილდული წარბები ორ ლამაზ რკალად ეკვრის მამა მარჩის
თვალებს, რომელთა სხივჩამდგარი გუგები ახლა შავი კი არა, მუქი ნაცრისფერი
და დაწინწკლულია, თითქოს ბროლში საფანტი გაბნეულაო. ამ კაცის სიცოცხლე
ბევრჯერ ყოფილა საფრთხეში, ალბათ ათასი საშინელება უნახავს, ვერას
აღელვებს ამაზე ფიქრი. გული მღელვარებისაგან ამოვარდნაზე აქვს, უნდა ხელი
წაივლოს მკერდზე, მაგრამ თავს იკავებს. სველ ტუჩებს უკვე სიცილი
უთრთოლებს, მანამდე, სანამ მამა მარჩი მოჩვენებითი აღშფოთებით
მოჰყვებოდეს.
- რატომ და გადამიტანა თან ამ ჩემმა მრევლმა! - ამბობს ის განზრახ მკაცრი
სახით, ოდნავ თვალებგადმოკარკლული. - ქალები ეკლესიისათვის თვეში
ერთხელ გამოაცხობენ პურს და იმასაც ერთმანეთს მიჰყიდიან ხოლმე.
ქალაქელი ლოთები ყოველდღე ტელეფონით მირევენ. კვირაობით კი მთელი
მრევლი მოდურ ქუდებში გამოპრანჭული გამომეცხადება საღვთო წერილის
მოსასმენად.
წარმატება ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს; ვერას სიცილის თბილ ტალღებს
ზეცად
აჰყავს მამა მარჩი და ის წარბშეუხრელად განაგრძობს ქილიკობას, როგორც
ოდესღაც სიშმაგის ჟამს, დანაღმულ ველზე დარჭობილი გამაფრთხილებელი
ნიშნის გარშემო როკავდა ხოლმე სამხედრო ცეკვას სათანადოდ მოკაზმული,
უძლეველი და განუსჯელად მამაცი ინდიელი სიუქსი. მართალია, მისი რწმენა
ლითონივით მტკიცე და ურღვევია, მაგრამ სამაგიეროდ, ლითონივით მკვდარია
იგი. და თუმცა მამა მარჩს ყოველთვის შეუძლია აიღოს და აწონ-დაწონოს ის,
რწმენას არ აქვს ხელები, რომ დაიჭიროს იგი. და მამა მარჩიც დასცინის მას.
ვერაც მოხარულია, ამგვარ საუბარში რომ ჩაითრია კაცი. თითქოს ძველ, მუნჯ
ფილმს უჩვენებდეს, რომლის კადრები ზედიზედ მისდევს ერთმანეთს, მამა
მარჩი ძუნწი ფერებით უხატავს მას ეკლესიას - ცარიელ სახლს, სადაც ხალხი
ჩვეულების ხათრით დადის, თავს იდრეკს და ამბობს „გმადლობთ“, თითქოს შიგ
218
მასპინძელი იყოს. ვერას მუცლიდან მხიარული ბუშტები ამოდის და
ტკრციალით სკდება ყელში; ოღონდაც, აი, ეს უნდა მას მამაკაცისაგან, მეტს
არაფერს ითხოვს, აცინონ მხოლოდ. სიცილში ახლად იბადება მისი სინორჩე,
მისი უბიწოება. ალუბლისფერი პომადით მოხატული მისი ტუჩები გაპობილა
და მხიარულებას გზას აძლევს; ღრძილები უელავს, შეფაკლულ
სახეზე გამოცოცხლება აღბეჭდია - ეს გოგონას სახეა, ოღონდ აღსავსე
სიცოცხლითა და მშვენიერები. უხეში შალის შარვლიანი ბიჭუნა, რომელიც
დასაკეცი სკამების გროვაზე ამძვრალა და ამ მოფამფალებული ტივით
დაცურავს მღელვარე ბრბოს ხმარა ოკეანეში, ძირს იცქირება, რომ გაიგოს, ეს
კიდევ რაღა ხმაურია დაბლაო. ქვევით ის ხედავს წითელთმიან თავს, თითქოს
საოცარი, ნარინჯისფრად მოლაპლაპე თევზი მალაყებს გადადიოდეს შეღებილ
ხის თამასებზე. სიცილით დაოსებული ვერა უკან იხედება. მღვდლის
დაწინწკლულ თვალებს ნისლი ეკვრის, მკვეთრად მოხაზული ტუჩები
გაუბედავად და შემცბარად უთრთის. ისიც უკან იხრება: სკამები უწესრიგოდ
აწყვია ერთმანეთზე და თითქმის ბუხრის თავის სიმაღლეზე წარმოქმნილა
საფეხური, რომელსაც კაპიტნური გულცივობის უკანასკნელ ნაშთმოკრებილი
მამა მარჩი მიყრდნობია. ასე იფარავს ქალს ბრბოსაგან; ისინი თითქმის
განმარტოვდნენ.
„...და ის, სიყვარულის მარადიული ჭრილობით დაკოდილი, კვლავ
მოისწრაფვის შენს კალთაში, უკან გადააგდებს ლამაზ კისერს (tereti cervice) და
თვალს არ გაშორებს შენ, ქალღმერთს (inhians in te, dea), სევდიანი მზერა ხარბად
ნთქავს სანუკვარ ხატს და მისი სუნთქვა ბაგეზე გეკონება“ *.
ჭაბუკ კალათბურთელთა შეხვედრა დამთავრდა, მიუხედავად იმისა, რომ მარკ
იანგერმანი სახეალეწილია, მძიმედ სუნთქვას და ტანი ბაყაყივით აქვს
გალიპული, ოლინჯერმა მაინც წააგო. მაყურებელთა ხროვა ახლა სხვა ხმაზე
ბუბუნებს. ბევრი ფეხზე წამოდგა. ისინი კი, ვინც უკვე ქუჩაში გამოვიდნენ,
ხედავენ, რომ მოუთოვია. მუდამ, როცა კი ზეცა ამ წყალობას გაიღებს, თავიდან
გვიპყრობს ხოლმე გაოცება. თოვლს ღრუბლებში ავყავართ, იუპიტერ
პლუვიუსთან. მაინც რა ჯარია! შესასვლელის თავზე პაწია ფიფქების ჯარი
დაუსრულებლად ცვივა მიწაზე სინათლის ყვითელ სამეფოში! ატომები,
ატომები, უთვალავი ატომი. საფეხურები უკვე მოგებულა თხელი, ფაფუკი
ნოხით. გზატკეცილზე მანქანებმა სიჩქარეს უკლეს, შუშის საწმენდი ისრები
ახმაურდა, ფარები აენთო და მის ირგვლივ აცეკვდა ფანტელები. თითქოს
მხოლოდ იქ ბარდნიდეს, სადაც სინათლის შუქი ეცემა. ოლტონისაკენ მიმავალ
ტრამვაის უკან ციცინათელების შლეიფი მისდევს. იგი ნელ-ნელა ეშვება ძირს.
რა ბევრის მთქმელი სიჩუმე გამეფებულა ირგვლივ! მშფოთვარე, ღამეული ცის
219
უზარმაზარ, იასამნისფერ თაღქვეშ ოლინჯერი ახალ ბეთლემად ქცეულა.
მბრწყინავ ფანჯრებს მიღმა ყრმა უფალი ტირის. არარაობიდან იშვა ყველაფერი.
ფანჯრის მინები ახშობენ ყვირილს, სარკმელზე ბაგიდან მოზიდული ჩალა
აუკრავთ. ქვეყანას კი არაფერი ესმის და
ძველებურად განაგრძობს ცხოვრებას. ქალაქის თეთრი სახურავები
მიტოვებული ტაძრების კრებულს ჰგავს; შორს ისინი ერთდება, ნაცრისფერში
იძირება და დნება. შეილ-ჰილი არ ჩანს. სიყვითლე მოსდებია ზეცას;
დასავლეთით, ოლტონის თავზე ძოწისფერი ელვარება ამოდის. ზენიტიდან
მშვიდად იღვრება იასამნისფერი სინათლე, შიგ თითქოს მთვარისა და
ვარსკვლავების შუქია გამდნარი და ამ ხსნაში სუსტი ელექტროდენია
გატარებული. სიმძიმის, მუქარის სუსტი შეგრძნება სასიხარულო ღელვას
იწვევს. ჰაერი მკვეთრი სტვენით ეშვება დაბლა, ეს პედალირებული ნოტია,
სამყაროში ამოვარდნილი ქარიშხლის ქვემოთა „დო“. ლიფლიფები ტრამვაის
ხაზთა გაყოლებით გამწკრივებულან და კაშკაშა ავანსცენა მოუწყვიათ,
რომელზედაც მსუბუქი ქარის მიერ ახვეტილი და აფარფატებული თოვლის
მსახიობივით შეშდება და ძირს ენარცხება. ზევით მსრბოლი ჰაერის ნიაღვრები
აკავებს თოვლს, მაგრამ ის თავს ითავისუფლებს და ვნებიანი მიჯნურივით
მოისწრაფვის ქვევით, დედამიწის მკლავებში. ხან სქლად ბარდნის, ხანაც
მეჩხერია ფიფქი, თითქოს უზარმაზარი ფეხები დააბოტებენ უსაზღვრო, ციურ
სივრცეში. ქარბუქი მოდის. ქარბუქი მოდის, მაგრამ აღარ მიდის.
სკოლაში დარჩენილებმა არაფერი იციან ამინდის შეცვლის შესახებ, მაგრამ,
ოკეანის დინებაში მოყოლილი თევზებივით, გრძნობენ რაღაც ცვლილებას.
დარბაზს გამოცოცხლება ეტყობა. ირგვლივ მყოფი საგნები უბრალოდ კი არ
მოჩანს, არამედ ყველას თვალში ეცემა: ხმაური მატულობს. ყველას გულში
თავხედობა იღვიძებს. პიტერს გასასვლელისაკენ მიჰყავს პენი და ისინი
დერეფანში ჩერდებიან. პიტერს პენისთვის მიცემული პირობა არ ასვენებს და
ტვინი უდუღს, მაგრამ, პენის ეტყობა, ყველაფერი დაავიწყდა. პიტერი
მეტისმეტად ახალგაზრდაა და ვერ ერკვევა ყველა იმ ძნელად შესამჩნევ
წვრილმანში, ქალის სახის ათასნაირ ფერისცვალებაში, რომელიც მოლოდინსა
და თანხმობას გამოხატავს. სკოლის საბჭოს მიერ გახსნილ ფარდულში
პენისთვის კოკა-კოლას ყიდულობს, თავისთვის კი - ლიმონათს. ფარდულის
ირგვლივ უამრავი ხალხი ირევა; ისინი კედელთან მიმწყვდეული აღმოჩნდნენ.
აქ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ჰკიდია ძველი სპორტული გუნდების
ფოტოსურათები. პენის ბოთლი მიუყუდებია, ნეკი განზე გაუშვერია, როცა სმას
ამთავრებს, პიტერს აჩერდება თავისი ქორფა სიმწვანეგადაკრული თვალებით.
220
პიტერი ისევ თავის ფუფხზე ფიქრობს, მძიმე ლოდად აწევს გულზე ეს
საიდუმლო;
გაუმხილოს თუ არა? თუკი ის პენის თავის სირცხვილს უწილადებს,
განმტკიცდება ნეტავი ამით მათი სიახლოვე? თუ პენი სამუდამოდ მიეჯაჭვება
მას სიბრალულის ჯაჭვებით და მისი მონა გახდება? მერედა განა შეუძლია მას,
ასე ახლაგაზრდას, მონის ყოლის უფლება მისცეს თავს? ამ სასტიკ ვარაუდში
ჩაფლული, თავის ცეცხლისფერ პერანგში ზურგს აქცევს ბრბოს, რომელიც
ფარდულის გარშემო ღელავს და ბუყბუყებს. უცებ ვიღაცის რკინისებური
თათები აცხრება და მკლავზე უჭერს იდაყვს ზემოთ - ამ იდიოტების ასეულიდან
იქნება ვინმე.
მაგრამ ეს მისტერ ზიმერმანია, დირექტორი. მას პენისათვისაც ჩაუვლია ხელი,
დგას და იღიმება, ხელს არც ერთს არ უშვებს.
- გაებით მახეში, - ამბობს ის, გეგონება მართლა წყვილი ჩიტი მოიმწყვდიაო.
პიტერი გაბრაზებით ექაჩება თავის ხელს, მაგრამ დირექტორის თითები უფრო
ღრმად ესობა მკლავში.
- თანდათან მამამისს ემსგავსება, - ეუბნება ზიმერმანი პენის და შეძრწუნებული
პიტერი ხედავს, რომ დირექტორის ჩაცინებაზე პენისაც ეღიმება. ზიმერმანი
პიტერზე დაბალია, მაგრამ პენიზე მაღალი. ის თავს აკანტუნებს და ახლოდან
ასიმეტრიული, გამელოტებული თავი უზარმაზარი ჩანს. პიტერს ბრაზი
ახრჩობს, როცა ამ სულელს უცქერის.
- მისტერ ზიმერმან, - ამბობს ის, - თქვენთან შეკითხვა მაქვს.
- მამამისივით ესეც სულ შეკითხვებს იძლევა, - ეუბნება ზიმერმანი პენის და
პიტერს ხელს უშვებს, ახლა მხოლოდ პენის მკლავს ებღაუჭება.
- მინდოდა მეკითხა თქვენთვის, - ეუბნება პიტერი, - რაში გამოიხატება
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ჰუმანური ღირებულება?
პენი ნერვიულად ხითხითებს, საოცრად სულელური გამომეტყველება აქვს.
ზიმერმანი კითხულობს: - საიდან მოიტანე ეს წინადადება?
პიტერმა ძალიან შორს შეტოპა. წითლდება, გრძნობს, რომ მამა გაყიდა, მაგრამ
სიამაყე უკან დახევის ნებას არ აძლევს.
- შეფასებიდან, რომელიც თქვენ მამაჩემს დაუწერეთ.
- გაკითხებს ხოლმე ჩემს შეფასებებს? და გგონია, სწორად იქცევა?
221
- არ ვიცი. ის, რაც მამაჩემს ეხება, მეც მეხება.
- ჩემი აზრით, ძალიან მძიმე ტვირთი დაუკისრებია შენთვის. პიტერ, ძალიან
ვაფასებ მამაშენს, მაგრამ, ალბათ, თვითონაც კარგად გესმის, - შენ ხომ ჭკვიანი
ბიჭი ხარ, - ის ხშირად უპასუხისმგებლობას იჩენს.
ყველა შესაძლო ბრალდებიდან ეს ყველაზე უსამართლოდ ეჩვენება პიტერს.
მამამისი, ფერმიხდილი, ძლივს რომ დალასლასებს, ბრმასავით რომ ჩამოდის
კიბეზე, მუყაოს ყუთში ჩამწყვდეული მოვალე...
- და ეს უფრო დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს იმათ, - რბილად განაგრძობს
ზიმერმანი, - ვინც მას გარს არტყია.
- ჩემი აზრით, ის ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს, - მიუგებს პიტერი
და მონუსხულივით მისჩერებია ზიმერმანს, რომელიც ნელა, ალერსიანად
უსვამს ცერს მკლავზე პენის. პენი ამას მორჩილებით იტანს; პიტერს უეცრად
თვალი აეხილა. ამ კახპისთვის, აი, ამ თოჯინასთვის უნდა გაემხილა თავისი
სანუკვარი ლაქების ამბავი! ზიმერმანი მთლად გაიბადრა.
- რა თქმა უნდა, შენ მას სულ სხვა თვალით უყურებ. მეც ასე ვუყურებდი
მამაჩემს.
ეს ორი ბევრ რამეს ხედავს ერთნაირად; სხვა ადამიანები ორივესთვის მხოლოდ
ასპარეზია საკუთარი „მე“-ს გასამტკიცებლად. ამგვარი ნათესაობა იმის
საფუძველია, რომ მათ შორის შეიძლება შუღლი ჩამოვარდეს; პიტერი გრძნობს
ამას, გულითადობასთან შერწყმული მტრობა და ნდობაში შეპარული შიში
უვსებს გულს. მაგრამ დირექტორი მოტყუვდა, როცა მასთან დაახლოებას
შეეცადა. დუმილი და
უკარებლობა ყველას ამარცხებს. პიტერი სახეში უყურებს მას, და ენის წვერზე
მომდგარი მიუტევებელი თავხედობა რომ შეიმაგროს, მზერას არიდებს.
გრძნობს, რომ ცალ მხარეს კისერი უწითლდება, როგორც დედას ემართება
ხოლმე.
- პასუხისმგებლობის მეტი არაფერი ახსოვს, - ამბობს ის მამაზე. - სწორედ ახლა
კუჭის რენტგენზე გაშუქება მოუხდა, მაგრამ ამაზე უფრო კალათბურთის
ბილეთები ადარდებს, ის რაღაც შეკვრა რომ დაეკარგა.
- ბილეთებიო?! - სწრაფად ეკითხება ზიმერმანი და პიტერი გაოცებული ხვდება,
რომ ვინძლო გაუსწორა ანგარიში. ზიმერმანი მისკენ იხრება და ახლა აშკარად
ეტყობა სახეზე ნაოჭები; ის უფრო ხნიერი ჩანს. პიტერი გულში ზეიმობს, რომ
ამ უპირატესობით მაინც იძიებს შურს მამის მტერზე: მას უფრო მეტი ხნის
222
სიცოცხლე დარჩენია. ახლა, აქ, ის უსუსური არარაობაა, სამაგიეროდ, მომავლის
პერსპექტივაში ძლიერია; ზიმერმანი რაღაცას ჩურჩულებს, მგონი, დაბნეულია.
- ამის შემდეგ მომიწევს მასთან მოლაპარაკება, - ლუღლუღებს ის თავისთვის.
დიახ, პიტერმა გადააჭარბა. იმის შიშით, რომ გამოუსწორებელი ვერაგობა
ჩაიდინა, მუცელში წიწკნის, როგორც ბავშვობაში ემართებოდა ხოლმე, როცა
დაგვიანებული, ტრამვაის ხაზების გასწვრივ გარბოდა დაწყებით სკოლაში.
- იქნებ, არცაა საჭირო? - მუდარისაგან ხმა ბავშვივით უწვრილდება. - გესმით, არ
მინდა, რომ ჩემი გულისთვის მას რაიმე უსიამოვნება შეხვდეს.
ძალის სასწორი კვლავ დირექტორისაკენ იხრება. ზიმერმანი ხელს უშვებს პენის,
თითებს აერთებს, თითქოს წკიპურტის გასარტყმელად ემზადებაო, და ხელი
პიტერის სახისაკენ მიაქვს. ეს საშინელი წუთია: პიტერი თვალებს ახამხამებს,
თავზარდაცემულია. სუნთქვაშეკრული ელოდება. ხელმა მის სახესთან
გაისრიალა და კედელზე, პიტერის მხარზემოთ დაკიდებულ ფოტოსურათს
მსუბუქად მიუკაკუნა.
- ეს მე ვარ, - ამბობს ზიმერმანი.
სურათზე სკოლის სპორტული გუნდია გადაღებული 1919 წელში. ყველა ძველი
ყაიდის შავ სვიტერშია გამოწყობილი, კაპიტანს კი თეთრი შარვალი აცვია და
ჩალის
ქუდი ჰხურავს. უკანა პლანზე გამწკრივებული ხეებიც კი ძველი ყაიდისაა - ეს ის
ხეებია, ხანაგის გზის გაყოლებით რომ ხარობენ, ოღონდ მაშინ უფრო დაბლები
იყვნენ, გეგონება, ხელოვნური ყვავილებიაო. ბევრ ადგილას სურათი
შეყვითლებულია. ზიმერმანის დანაოჭებული, მკვრივი და ლაპლაპა,
გაპრიალებულფრჩხილიანი თითი, ახლანდელი თითი, მაშინდელ ნამცეცა
სახეს მიბჯენია. პიტერი და პენი ძალაუნებურად უყურებენ სურათს.
საინტერესოა, რომ ზიმერმანის ცნობა ხელადვე შეიძლება, თუმცა მაშინ უფრო
ტანწყობილი ყოფილა და ხშირი შავი თმა ჰქონია. მსხვილი ცხვირი უხერხულად
ამოჩრილა ოდნავ მოღრეცილ ტუჩებს ზემოთ, რომლებიც მთლად წარბების
პარალელური არ არის, და ამის გამო ახალგაზრდა სახეს მძიმე სიჩლუნგე,
უზომო სიფრთხილე და ჯიუტი სისასტიკე დაჰყინვია, რაც ახლაც, ხანდაზმულ
ასაკშიც შველის იმათ მორჯულებაში, ვინც გამომწვევ და თავხედურ საქციელზე
სდებს თავს.
- ჰო, ეს თქვენ ხართ, - დაბნეულად მიუგებს პიტერი.
- ჩვენ არასოდეს წაგვიგია.
223
და თითი, ასეთი ყველგანმყოფი და ცხადად არსებული, დაბლა ეშვება.
ზიმერმანი მეტს აღარაფერს ამბობს, უზარმაზარ ზურგს შეაქცევს მათ და მიდის.
მოსწავლეები ჩოჩქოლით იხევენ უკან, რომ მას გზა უტიონ.
ვესტიბიული ცარიელდება, უფროსკლასელების მატჩი იწყება. პენის შიშველ
მკლავზე ზიმერმანის თითების კვალი ამჩნევია. მას მკლავზე წაუვლია ხელი და
ზიზღით მანჭავს სახეს.
- ასე მგონია, აბაზანა უნდა მივიღო, - ამბობს პენი და პიტერი ხვდება, რომ
მართლა უყვარს ის. ისინი ხომ თანაბრად უძლურნი იყვნენ ზიმერმანის
კლანჭებში. პიტერს დერეფნით მიჰყავს პენი. თითქოს დარბაზში დაბრუნება
უნდაო; მერე დერეფნის ბოლოში ორმაგ კარს ხელს ჰკრავს და ქალიშვილს
ზევით ეწევა, ჩაბნელებული კიბისაკენ. ეს აკრძალულია. საღამოობით, როცა
შეჯიბრებები ტარდება, კარს ჩვეულებრივ ბოქლომს ადებენ, ოღონდ ამჯერად
დავიწყნიათ კარის დაკეტვა. პიტერი ნერვიულად იხედება უკან, მაგრამ
არავინაა მათი შემჩერებელი, ყველა დარბაზში შესულა თამაშის საყურებლად.
ისინი უკვე პირველ საქცევზე არიან, ქვევიდან აღარ ჩანან. გოგონების
შესასვლელთან დაკიდებული ნათურის შუქი ფოლადის გისოსებიან
ფანჯრებში ატანს და სინათლის დაბრეცილი რომბები ფანტავს სიბნელეს, ასე
რომ პენი ყველაფერს დაინახავს. მისი შიშველი მკლავები ვერცხლისფრად
ელავს, წითელი ტუჩები შავად მოუჩანს. პიტერის პერანგიც შავი ჩანს. ის ცალ
სახელოს იხსნის.
- ძალიან სევდიანი საიდუმლოა, - ეუბნება პიტერი, - მაგრამ რადგან მიყვარხარ,
ყველაფერი უნდა იცოდე.
- მოიცადე.
- რა იყო? პიტერი სმენას ამახვილებს, ჰგონია, რომ პენის ფეხის ხმა მოესმა.
- ნეტავი თუ იცი, რას ლაპარაკობ. აბა, რისთვის გიყვარვარ?
სიჩუმეში ღრიანცელი იჭრება, თითქოს მათ ირგვლივ ოკეანე ბობოქრობდეს. აქ,
კობის საქცევზე სიცივე და სიცარიელე სუფევს. პიტერს ჟრუანტელი უვლის და
თვითონვე აშინებს საკუთარი განზრახვა.
- რისთვის მიყვარხარ და, - მიუგებს ის, - იმისთვის რომ... გახსოვს სიზმარი რომ
გიამბე, ვითომ ხედ იქეცი, მე კი ტირილი და ლოცვა მინდოდა.
- ალბათ, მარტო სიზმარში გიყვარვარ.
- ვითომ რატომ?
224
პიტერი სახეზე შეავლებს ხელს. ვერცხლი. პენის ტუჩები და თვალები შავია,
უძრავი და ისეთი საზარელი, როგორც ნიღბების ჭრილი.
- შენ, ალბათ, სულელად მთვლი, არა? - ალერსიანად ეუბნება პენი.
- წინათ გთვლიდი, მაგრამ ახლა არა.
- უშნო ვარ.
- ახლა ლამაზი ხარ.
- ნუ მკოცნი, პომადა გადამცილდება.
- ხელზე გაკოცებ. - პიტერი ხელზე ჰკოცნის, მერე მაჯაში სწვდება და თავისი
სახელოს ქვეშ მალავს მის ხელს. - ხედავ, რა უცნაური ხელი მაქვს?
- თბილია.
- არა. აქერცლილია კანი. აბა მოსინჯე.
- ჰო... ცოტათი. რა არის?
- ეგ არის.
პიტერი სახელოს იკაპიწებს და მკლავს შიგნითა მხრიდან აჩვენებს. ცივ, მეჩხერ
სინათლეში ლაქები იასამნისფერია. უფრო ნაკლებია, ვიდრე პიტერი მოელოდა.
- რა არის? გამონაყარია? - ეკითხება პენი.
- ამას ფსორიაზი ჰქვია, დაბადებიდან მაქვს. ვერ ვიტან ამ საზიზღრობას.
- პიტერ!
პიტერი თავჩაღუნული დგას, საცაა ატირდება, მაგრამ პენი თავს უწევს.
თვალები მშრალი აქვს და მაინც გრძნობს, რომ გულზე მოეშვა.
- ხელებზეც მაქვს და ფეხებზეც, მაგრამ ყველაზე საშინლად მკერდზე. გინდა
გაჩვენო?
- ჩემთვის სულ ერთია.
- ალბათ, ახლა გძულვარ. გეზიზღები. ეს ზიმერმანის მიკარებაზე უარესია.
- პიტერ, შენ ახლა უბრალოდ გინდა, რომ საწინააღმდეგო გიმტკიცო, მაჩვენე
მკერდი.
- გაჩვენო?
- ჰო. რა მოგივიდა? მაინტერესებს.
225
პიტერი პერანგს და საცვალს იწევს და დგას ასე, ნახევრად განათებული,
ნახევრად შიშველი. ისეთი გრძნობა აქვს, თითქოს საწამებლად გამზადებული
ტყვე იყოს, ან მომაკვდავი მონის ქანდაკება, რომელიც მიქელანჯელომ მთლად
არ გაათავისუფლა ქვის საფარველისაგან. პენი იხრება და ათვალიერებს.
შეციებულ კანს თითებით ეხება.
- რა უცნაურია, - ამბობს ის. - ფიჭასავითაა.
- ზაფხულში გამივლის ხოლმე, - ეუბნება პიტერი და პერანგს ჩამოუშვებს. - როცა
გავიზრდები, ზამთრობით ყოველთვის ფლორიდაში ვიცხოვრებ და სულ
მომირჩება.
- ეს იყო შენი საიდუმლო?
- ჰო. მაპატიე.
- მე უარესს ველოდი.
- ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს? სინათლეზე, იცი, რა სიმახინჯეა! მაგრამ სხვა
გზა არ არის, უნდა მაპატიო. პენი იცინის, პიტერის ყურთან ვერცხლის ზარი
წკრიალებს.
- რა სულელი ხარ. მე ვიცოდი, შენ რომ კანის დაავადება გჭირს, სახეზე გემჩნევა.
- ღმერთო ჩემო, მართლა? ძალიან?
- არა. სულ არ გეტყობა.
პიტერმა იცის, რომ პენი ტყუის, მაგრამ სიმართლეს აღარ იძიებს, ამის ნაცვლად
ეკითხება:
- ესე იგი, შენთვის ამას არა აქვს მნიშვნელობა?
- რა თქმა უნდა, არა. შენი რა ბრალია. ეს ხომ შენი ნაწილია.
- მართლა ასე ფიქრობ?
- შენ რომ იცოდე, რა არის სიყვარული, ამას არც შემეკითხებოდი.
- რა კეთილი ხარ!
მიტევების მისაღებად პიტერი კიბის საქცევზე, კუთხეში იჩოქებს და სახით
პენის კაბას ეკვრის მუცელთან. მუხლები სტკივა და თავს უფრო დაბლა ხრის.
ხელები კი უნებურად ეპოტინება ვერცხლს, იმის დასადასტურებლად, რაც
შეიგრძნო ქსოვილქვეშ, და შიში და აღტაცება იპყრობს: იქ, სადაც პენის ფეხები
ერთდება, არაფერია, არაფერია, გარდა ოდნავ შესამჩნევი, ნამიანი სისავსისა. აი
226
ის, სამყაროს უდიდესი საიდუმლოება, ეს უბიწოება, ეს სიცარიელე, ეს იდუმალი
ბორცვი, აბრეშუმის საფარველქვეშ მიმალული ნაზი სიმკვრივე: პიტერი
გარედან ჰკოცნის შალის ქვედაკაბის ქვეშ შეცურებულ საკუთარ თითებს.
- არ გინდა, - ეხვეწება პენი და გაუბედავად ჰქაჩავს თმაზე. პიტერი კი, რომელიც
მისგან გაქცევას ლამობს და მასშივე ცდილობს დამალვას, უფრო მჭიდროდ
ეკვრის მის სხეულს; მაგრამ ახლაც კი, როცა ყველაზე სანუკვარს ჩაჰკონვია,
კვლავ ფხიზლობს მის გონებაში ყრუ და მღელვარე ფიქრი მამის სიკვდილზე.
ამგვარად ღალატობს პენის, და როცა პენი, რომელიც ძლივს იმაგრებს ფეხებს,
კიდევ უმეორებს: „არ გინდა პიტერ, შენი ჭირიმეო“, პიტერი მაშინვე
ემორჩილება; გულში თავს იმით იმართლებს, რომ პენის ხმაში გულწრფელი
შიში იგრძნობა. წამომდგარი, ის პენის აღარ უცქერის, ფანჯარაში იყურება და
ახალ საოცრებას ხედავს:
თოვს.
საპირფარეშოში კოლდუელი განცვიფრებული კითხულობს სიტყვას „არაკი“,
რომელიც დიდი, კვადრატული ასოებით დაუჩხაპნიათ კედელზე. მერე
ყურადღებით აკვირდება, და ამჩნევს, რომ ასოები გადასწორებულია: ვიღაცას
„ტ“ წაუშლია და „ა“ დაუწერია. კოლდუელისათვის, რომელიც სიცოცხლის
უკანასკნელ წუთამდე ცნობისმოყვარე რჩება, აღმოჩენაა ის ამბავი, რომ
ყოველთვის შეიძლება ამ სიტყვის ასე
გადაკეთება. ნეტავი ვინ იზამდა? მას არ ესმის იმ ბიჭის ფსიქოლოგია (ეს კი
ბიჭის გაკეთებული უნდა იყოს), რომელმაც სიტყვა გადაასწორა და ამრიგად
თვით სიბილწე წაბილწა. ამის გამო უსიამო აზრები იპყრობს; საპირფარეშოდან
გამოსული ცდილობს ჩასწვდეს იმ ბავშვის გონებას, წარმოიდგინოს მისი ხელი
და დერეფანში მიმავალს ეჩვენება, რომ სწორედ ის აწუხებს, იმ ბიჭის ხელი რომ
ვერ წარმოუდგენია. ნეტავ მის ვაჟს თუ შეეძლო ამის ჩადენა?
ზიმერმანი, ეტყობა, მას უდარაჯებდა, დერეფანი თითქმის ცარიელია; სცენაზე
მიმავალი კარიდან ზიმერმანი გვერდულად მოემართება მისკენ.
- ჯორჯ. იცის.
- ჯორჯ, თქვენ მგონი, იმ ბილეთების ამბავი გაწუხებთ?
- არა, არ მაწუხებს, უკვე ყველაფერი ამიხსნეს. ის ბილეთები ქველმოქმედების
ანგარიშზე ჩამოვწერე.
- რატომღაც მახსოვდა, რომ გელაპარაკეთ ამის შესახებ. ალბათ, შევცდი.
- ტყუილად ავტეხე ასეთი ამბავი. არ ვიცი, რამ დამიბნელა გონება.
227
- ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა თქვენს ვაჟთან.
- მართლა? რა გითხრათ ისეთი?
- ძალიან ბევრი რამ.
მის ჰერცოგი, მან იცის, რომ ვიცი, ყველაფერი დაიღუპა, ის ამბავი გამჟღავნდა,
აღარაფერი დაიმალება. ერთხელ და სამუდამოდ, უკან დასახევი გზა მოჭრილია,
არცოდნაშია ნეტარება. აყლაყუდა მასწავლებელს თავით ფეხამდე ცივი
ჟრუანტელი უვლის. არასოდეს შეუპყრია ასე ძლიერად დაღლილობას,
სიცარიელეს და ყოველი ღონის ამაოების შეგრძნებას. მისი სხეული ლამობს
გაექცეს ამ ჭიდილს, ხელისგულები და შუბლი დაეცვარა, მაგრამ ეს ოფლიც არ
არის, რაღაც მკვრივი გარსია.
- ალბათ, არ უნდოდა ჩემთვის უსიამოვნების მოყენება, მაგრამ საწყალმა ბიჭმა
თვითონაც არ იცის, რას ჩადის, - ეუბნება კოლდუელი დირექტორს. ტკივილი,
თვით დაუცხრომელი ტკივილიც კი მოიქანცა მასში.
ზიმერმანი თითქოს ღრუბლებს შორის დატანებულ ნასვრეტში ხედავს, რომ
კოლდუელს მისის ჰერცოგის ამბავი უხეთქავს გულს და ზეიმობს, თავს
უშიშრად გრძნობს, რადგან მისია ბურთი და მოედანი. მინდორში მონავარდე
პეპელასავით თამამად და არხეინად დაფარფატებს თავზე შიშს, რომელსაც ეს
ხორკლიანი, მობერებული სახე შეუბორკავს.
- პირდაპირ გაოცებული დავრჩი, - ამბობს ის, ვითომ სხვათა შორის, - ისე
ზრუნავს პიტერი თქვენზე. ჩემი აზრით, ის ფიქრობს, რომ სკოლაში მუშაობა
თქვენს ჯანმრთელობას ანადგურებს.
ნაჯახი შეიმართა, დიდება შენდა, ღმერთო, ამ წყალობისთვის, ახლა მაინც
მოეღება ბოლო ჩემს წამებას. კოლდუელს ერთმა აზრმა გაუელვა თავში: ნეტავი
დათხოვნის
ბრძანება ახლაც ყვითელ ქაღალდზე თუ იქნება დაბეჭდილი, როგორც ეს
სატელეფონო კომპანიაში იყოო.
- მაშ ასე ფიქრობს?
- შეიძლება მართალიც არის. გამჭრიახი ბიჭია.
- დედამისს ჰგავს. ნეტავი ჩემი სუსტი ჭკუა და დედამისის სილამაზე
გამოჰყოლოდა.
- ჯორჯ, გულახდილად უნდა გელაპარაკოთ.
228
- გისმენთ. ეს ხომ თქვენი მოვალეობაა.
მასწავლებელი საოცარმა თავბრუსხვევამ და მღელვარებამ აიტანა; უნდა, რომ
ახლა უცებ ხელები მოიქნიოს, დაბზრიალდეს, იატაკზე გაიშხლართოს და
ძილქუშს მისცეს თავი - რაც გინდა ის მოხდეს, სულ ერთია, ოღონდ კი არ იდგეს
აქ და არ ითმენდეს ყველაფერ ამას ამ ყოვლისმცოდნე არამზადისაგან.
ზიმერმანმა თავის თავს გადააჭარბა პროფესიულ სიმარჯვეში. მის
კეთილმოსურნეობას, ტაქტიანობას, დახვეწილ ზრდილობასა და თანაგრძნობას
საზღვარი აღარ უჩანს. მთელი მისი ფიგურა გაჟღენთილია დამსახურებული
უფროსული ავტორიტეტით.
- თუკი როდესმე, - ეუბნება ის დაბალი, გამოზომილი ხმით, - იგრძნობთ, რომ
აღარ შეგიძლიათ მუშაობის გაგრძელება, მოდით და პირდაპირ მითხარით,
სხვანაირად ცუდ სამსხურს გაუწევთ საკუთარ თავსაც და მოსწავლეებსაც.
ერთი წლის შვებულებას ყოველთვის მოგიხერხებთ, ამის გაკეთება მე არ
გამიჭირდება. რა მოხდა, ეს სირცხვილი კი არ არის. შემოქმედების ნახევარი
გზა კიდევ წინა გაქვთ, დაისვენეთ, იკითხეთ, ამაზე ბუნებრივი რა უნდა იყოს
მასწავლებლისათვის? ჯერ მხოლოდ ორმოცდაათი წლის ხართ, სკოლას ეს
ზიანს არ მოუტანს; ახლა, როცა ამდენი ხალხი დაბრუნდა ჯარიდან,
მასწავლებლების მეტი რაა, ომის დრო კი აღარ არის!
ნაძენძი, მტვერი, ფურთხი, სიღატაკე, - ყველაფერი ის, რითაც გამოტენილია
ხელოვნურად შექმნილი, საიმედო სამყაროს მიღმა დარჩენილი სანაგვე
თხრილები, ერთბაშად შემოიჭრა ამ უკანასკნელი, პატარა ჩხვლეტით გაჩენილი
ნასვრეტიდან.
- ღმერთო ჩემო, სკოლიდან რომ წავიდე, მაშინ სანაგვეზე უნდა მისროლონ. სხვა
არაფრისთვის ვვარგივარ. არც ოდესმე ვვარგოდი. წიგნები არასოდეს
მიკითხავს. არც არასოდეს მიფიქრია. ამისი მუდამ მეშინოდა. მამაჩემი
კითხულობდა, ფიქრობდა, და სასიკვდილო სარეცელზე რწმენა დაჰკარგა. ამბობს კოლდუელი. ზიმერმანი ხელის შემწყნარებლური მოძრაობით აჩერებს
მას:
- თუ ის უკანასკნელი შეფასება გაწუხებთ, გახსოვდეთ, რომ ჩემი ვალია,
სიმართლე გითხრათ, მაგრამ პავლე მოციქულის თქმის არ იყოს, გეტყოდეთ
სიყვარულით...
- ვიცი. თქვენ უსაზღვროდ კეთილი იყავით ჩემს მიმართ მთელი ამ წლების
განმავლობაში. ვერ გამიგია, ასე რის გულისათვის მელოლიავებით.
229
კოლდუელს უნდა, რომ იცრუოს, დაარწმუნოს ზიმერმანი, რომ მას არ
დაუნახავს, როგორ გამოვიდა მისი კაბინეტიდან თმაგაწეწილი მიმ ჰერცოგი.
მაგრამ თავს იკავებს. უაზრობაა. ხომ დაინახა. ეშმაკმა დალახვროს,
მათხოვრობას ხომ არ დაიწყებს. თუ დასახვრეტად მიჰყავთ, სხვების
დაუხმარებლად მაინც წავა, საკუთარი ფეხით.
- თქვენთვის არავის მოუცია შეღავათი, - ამბობს ზიმერმანი. - ძალიან კარგი
მასწავლებელი ხართ.
ამ გასაყეყეჩებელი წინადადების შემდეგ ზიმერმანი მიდის.
არც ერთი სიტყვა მიმ ჰერცოგზე, ან სამუშაოდან დათხოვნაზე. კოლდუელი
ყურებს არ უჯერებს. ხომ არაფერი გამორჩა? იქნებ, ნაჯახი უკვე დაუშვეს, მაგრამ
ისეთი ბასრი იყო, რომ ვერც კი შეიგრძნო; იქნებ, ტყვიამ შეუმჩნევლად გაუარა,
You have read 1 text from Georgian literature.
Next - კენტავრი - 16
  • Parts
  • კენტავრი - 01
    Total number of words is 3340
    Total number of unique words is 2166
    24.6 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    44.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 02
    Total number of words is 3612
    Total number of unique words is 2290
    24.5 of words are in the 2000 most common words
    37.5 of words are in the 5000 most common words
    45.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 03
    Total number of words is 3652
    Total number of unique words is 2221
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 04
    Total number of words is 3828
    Total number of unique words is 2253
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.8 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 05
    Total number of words is 3690
    Total number of unique words is 2293
    25.7 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 06
    Total number of words is 3683
    Total number of unique words is 2285
    27.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 07
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2208
    28.2 of words are in the 2000 most common words
    40.8 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 08
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 2203
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 09
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2299
    26.9 of words are in the 2000 most common words
    40.1 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 10
    Total number of words is 3832
    Total number of unique words is 2203
    27.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 11
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2293
    26.4 of words are in the 2000 most common words
    39.1 of words are in the 5000 most common words
    46.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 12
    Total number of words is 3897
    Total number of unique words is 2212
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 13
    Total number of words is 3874
    Total number of unique words is 2126
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 14
    Total number of words is 3804
    Total number of unique words is 2211
    27.9 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 15
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2177
    28.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 16
    Total number of words is 3722
    Total number of unique words is 2183
    27.0 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 17
    Total number of words is 3736
    Total number of unique words is 2200
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 18
    Total number of words is 3771
    Total number of unique words is 2310
    27.4 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 19
    Total number of words is 3048
    Total number of unique words is 1793
    25.5 of words are in the 2000 most common words
    36.6 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.