Latin

კენტავრი - 04

Total number of words is 3828
Total number of unique words is 2253
28.6 of words are in the 2000 most common words
41.8 of words are in the 5000 most common words
48.3 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ნახავ, თუ აგრეც არ იზამენ, სულ მალე. ჩემი საქმე წასულია, ხესი. ვიღას უნდა
ჩემისთანა გადაქცეული ბეხრეკი.
- ჯორჯ, მართლა ასე ცუდად თუ ხარ, საჩქაროდუნდა ეჩვენო დოკ[4] აპლტონს. უთხა დედამ.
როცა მამა თანაგრძნობას გამოგვტყუებდა, ჯიუტობას და ჭირვეულობას
მოჰყვებოდა.
- არ წავალ მაგ მაწანწალასთან. ერთიც ვნახოთ, სიმართლე მითხრას. დედამ,
ეტყობა, ზურგი შეაქცია და საუბარში ბაბუა ჩაერია.
- ღმერთს სიმართლე უ-ყვ-არს, - წარმოთქვა მან, - ტყუილი კი ეშმაკის მახეა.
მისი ხმა მშობლების ხმებთან შედარებით უფრო შთამაგონებელი იყო, მაგრამ
ისეთი სუსტი, რომ კაცი იფიქრებდა, ბუმბერაზი წინასწარმეტყველებსო შორით.
45
- არა, მამილო, მარტო ეშმაკის არა, - მიუგო მამამ. - ჩემიც. ტყუილის მეტს რას
ვჩმახავ. ფულს ამაში მაძლევენ.
სამზარეულოში, იატაკის შიშველ ფიცრებზე ბაკუნი გაისმა - დედამ ჩაიარა
ქვევით, კიბისკენ, იმ კუთხის ქეშად, სადაც ჩემი საწოლი იდგა.
- პიტერ! - შემომძახა მან. - დგები?
თვალები დავხუჭე და ლოგინის თბილ სიმყუდროვეს ჩავეკონე. ფუმფულა
საბნები სალუქი ჯაჭვებივით მაბამდნენ საწოლზე. პირი სავსე მქონდა ტკბილი,
სქელი ნექტარით, და ეს კვლავ თვლემას მგვრიდა. მოყვითალო, ლიმონისფერი
შპალერი, რომელზედაც წითელი რგოლები ანჩხლი კატის დრუნჩივით
ბდღვრიალებდა, დახუჭულ თვალებში ალისფრად მიბრჭყვინავდა. მერე იგივე
სიზმარი დამიბრუნდა. მე და პენი ხესთან ვიდექით. პენის ბლუზის საკინძე
გაღეღილი ჰქონდა, შეხსნოდა პატარა სადაფის ღილები, როგორც იმ დღეს, ჯერ
კიდევ საშობაო არდადეგებამდე, როცა სკოლასთან ჩაბნელებულ „ბიუიკში“
ვისხედით და ჩვენს ფეხებთან ელექტროღუმელი ზუზუნებდა. მაგრამ ახლა
ორივენი ტყეში ვიყავით. ტანწვრილი ხეების ჯარი მდუმარებდა ირგვლივ და
დღის სინათლე ტყის შუაგულ სიღრმეში ატანდა. ჰაერში კოლიბრივით
გაშეშებული ჭრელბუმბულა ჩხიკვი ეკიდა. ფრთები დაეკეცა და ადგილიდან არ
იძროდა, მხოლოდ მძივივით შავ თვალებს აკვესებდა დამფრთხალი. მერე ჩხიკვი
უეცრად გაფრინდა და მომაგონდა ფრინველის ფიტული, რომელსაც ვიღაც
თოკით ეწეოდა, მაგრამ რასაკვირველია, ის ცოცხალი იყო.
- პიტერ, ადგომის დრო-ო-ა!
პენიმ მუხლზე დამადო ხელი და მე დიდხანს ვეალერსებოდი მის ხელს. ბოლოს
მოთმინება გამომელია. პენის აბრეშუმის სახელო გადაეწია და გააშიშვლა
ცისფრად დაძარღვული კანი. მთელი ჩვენი კლასი იქ შეგროვილიყო, ტყეში, და
ყველა ჩვენ გვიცქეროდა, მაგრამ სახეებს ვერ ვარჩევდი. ის გადაიხარა წინ. ჩემი
პენი, ჩემი პატარა, სულელი, შემკრთალი პენი. სიყვარული ტკბილი, სქელი
წვენივით ჩამეღვარა გულში. ფენთხი ჯადოსნურმა თაფლმა ამივსო. პენის
მწვანე, სხივიანი თვალები შიშს დაემრგვალებინა, გაბუტულს აკანკალებული
ქვედა ტუჩი გამობერვოდა და სისველისაგან უელავდა. იგივე განვიცადე, რაც
ერთი თვის წინ, ჩაბნელებულ ავტომობილში. ჩემი ხელი მის თბილ, მჭიდროდ
მიკრულ მუხლებს შორის აღმოჩნდა; თითქოს მან მყისვე არ შეიგრძნო ეს,
მხოლოდ ერთი წუთის შემდეგ მითხრა ჩუმად: „არ გინდა“. და როცა ხელი
მოვაშორე, სწორედ ისე შემომხედა, როგორც იქ, ავტომობილში. მაგრამ მაშინ ჩვენ
ბნელში ვისხედით, ახლა კი დღის სინათლე გვეფინა. პენის ცხვირზე ყველა ფორი
მკაფიოდ მოჩანდა. მონუსხულივით გარინდულიყო: რაღაც ამბავი იყო მის თავს.
46
- ხესი, უთხარი ბიჭს, რომ უკვე რვის ჩვიდმეტი წუთია. ქვეყნის საკონტროლო
სამუშაოები მაქვს გასასწორებელი, რვაზე მაინც უნდა მივიდე სკოლაში, თორემ
ზიმერმანს ვერ გადავურჩები.
ჰო, სწორედ ასე იყო. სიზმარში ეს სულ არ ჩანდა უცნაური. პენი ხედ იქცა. მე
სახით ხის ტანს მივეკარი, რადგან ვიცოდი, რომ ეს პენი იყო. უკანასკნელად
სიზმარში ხის ქერქს მოვკარი თვალი - დაკორძებულს, შავად დაბზარულს;
ნაბზარი ქარაგოზის პაწია, მწვანე წერტილებით იყო მოფენილი. ის არის.
ღმერთო, ეს ხომ ის არის, მიშველე, დამიბრუნე იგი!..
- პიტერ! შენ რა, მამას მასხრად იგდებ?
- ხომ ვდგები, არა, გესმის - ვდგები!
- ჰოდა, ადექი. ცოცხლად. მე როდი ვხუმრობ, ყმაწვილო, აბა!
გავიზმორე და ჩემი სხეული ცივ კიდეს შეეხო. სხეულში ჩაღვრილი ტკბილი
წვენი უკუიქცა. ყველაზე მეტად ის მაღელვებდა ამ სიზმარში, რომ მან იცოდა,
რაც ხდებოდა,
გრძნობდა, მისი თითები როგორ ემსგავსებოდნენ ფოთლებს, და უნდოდა ეთქვა
ჩემთვის (ისეთი მრგვალი თვალები ჰქონდა), მაგრამ არ მითხრა, დამინდო,
უსიტყვოდ იქცა ხედ. მე არ ვიცოდი, რომ პენის შესწევდა ამის უნარი და მხოლოდ
სიზმარში შევიცანი მისი თავგანწირული სიყვარული. პენი ისე ნორჩია, ისე ცოტა
ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთმანეთს შევეხეთ, ჯერ არაფერი მიმიცია
მისთვის და მაინც მზად არის, მსხვერპლი გაიღოს. მთელი არსებით შევხაროდი,
თვითონაც არ ვიცი, რას. თითქოს ვიღაცამ ყალმის ერთი მოსმით ნათელი
საღებავით გაამდიდრა ჩემი ცხოვრების ტილო.
- ადექი, ჩემო თვალისჩინო, ადე, ჩემო სიხარულო!
დედის ხმა კვლავ ალერსიანი გახდა. ნაცრისფერი, ლაპლაპა ფანჯრის რაფა, რა
თქმა უნდა ყინულივით ცივი იყო - ეს ისე კარგად ვიცოდი, თითქოს ზედ ხელი
გადამესვას. მზე კიდევ ოდნავ ამოიწვერა. გზა ნაზ, გოჯა თევზივით ვარდისფერ
ზოლად მიიკლაკნებოდა; ჩვენი სახლის წინ გადაშლილი პატარა კორდი ჰგავდა
ზუმფარას ძველ ქაღალდის ნაჭერს, რომლითაცმწვანე საღებავი გადაეწმინდათ.
იმ ზამთარს ჯერ
არ მოეთოვა. რა იქნება, წელს სულაც რომ არ მოთოვოს-მეთქი? - გავიფიქრე, ნეტავ
როდესმე თუ ყოფილა უთოვლო ზამთარი?
- პიტერ!
47
ამჯერად დედის ხმა მრისხანედ გაისმა და მე კისრისტეხით ჩამოვგორდი
ლოგინიდან. ვფრთხილობდი, კანზე რაიმე მაგარი საგანი არ შემხებოდა, თითის
წვერებით გამოვწიე კარადის უჯრებზე შუშის ბურთულები - გაყინული ამიაკის
დაწახნაგებულ კრისტალებს რომ მიაგავდა და ჩაცმას შევუდექი. ფერმერის
ჩვეულებრივ სახლში ვცხოვრობდით, ოღონდ ჩემი სახლი უფრო
კეთილმოწყობილი იყო. პიჟამო გავიძრე და ერთ ხანს ასე ვიდექი, გაძარცული
და წამებული ამით მწარე საყვედურს გამოვხატავდი იმის გამო, რომ ასეთ
მიყრუებულ ადგილას გადმოვედით საცხოვრებლად. სულ დედაჩემის ბრალია.
ბუნება უყვარდა. ჩემი სიშიშვლით თითქოს მინდოდა მისი სისულელე
საქვეყნოდ გამომეტანა. მსოფლიოს რომ ვეხილე იმ წუთს, გაოცდებოდა, რადგან
მუცელი, თითქოს უზარმაზარ ჩიტს დაუკორტნიაო, ვერცხლის ფულის ოდენა
წითელი რგოლებით მქონდა დაფუთქული. ფსორიაზი. ამ ალერგიის უცხო,
უაზრო,
ენის მოსატეხი სახელი კიდევ უფრო დამამცირებელს ხდიდა მას. „დამცირება“,
„ალერგია“, - არ ვიცოდი, რა დამერქმია ამისთვის; ეს ხომ დაავადებაც კი არ იყო,
არამედ - ჩემი სხეულის ნაწილი. ყველაფერი მწყენდა: შოკოლადი, შემწვარი
კარტოფილი, სახამებელი, შაქარი, ღორის ქონი, ნერვული აღგზნება, სიმშრალე,
მაღალი წნევა, დახუთული ჰაერი, სიცივე... ღმერთმანი, თვითონ სიცოცხლე იყო
ალერგიული. დედა, ვისგანაც ეს მემკვიდრეობით გადმომეცა, ზოგჯერ ამას
„ნაკლს“ ეძახდა. მე ეს მეჩოთირებოდა. ბოლოს და ბოლოს თვითონ იყო
დამნაშავე. მამაჩემი რომ ყოფილიყო ჩემი დედა, სუფთა კანი მექნებოდა. მამის
დიდი, ჩამომდნარი სხეული თვალისმომჭრელად თეთრი იყო. ნაკლი რაიმეს
უქონლობას ნიშნავდა. მე კი რაღაც ზედმეტს მახვევდნენ თავს, რაც სრულებით
არ მჭირდებოდა. იმ დროს ძალზე გულუბრყვილო წარმოდგენა მქონდა
ტანჯვაზე; მჯეროდა, ტანჯვა აუცილებელია ადამიანებისათვის-მეთქი. გარშემო
ყველა იტანჯებოდა ჩემს გარდა და მეგონა, რომ ეს გამონაკლისი მომავალში
რაღაც საბედისწეროს მიქადდა. არასოდეს მომიტეხია ხელი და ფეხი, ნიჭიერი
ვიყავი და მშობლებს გაგიჟებით ვუყვარდი. ერთი სიტყვით, ბედმა ჩემზე შეაჩერა
თავისი ავბედითი არჩევანი. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ჩემი ფსორიაზი ღვთის რისხვა იყო. ღმერთმა, თავისი კალენდრის მიხედვით, პერიოდული
რისხვით მაკურთხა, რათა მამაკაცად ვექციე. ზაფხულის მზე ფუფხს ადნობდა,
სექტემბრისათვის მკერდი და ფეხები სუფთა მქონდა, თუ არად ჩავთვლიდი
ოდნავ შესამჩნევ მკრთალ მარცვლებს, რომლებიც შემოდგომისა და ზამთრის
მკაცრ სუსხში ისევ ღვივდებოდა. გაზაფხულზე მთლად აყვავდებოდა, მაგრამ
მზე დააჭერდა დამიხსნიდა. იანვარში კი საშველი არ იყო. იდაყვებსა და
მუხლებზე, რადგან კანი იქ ყველაზე მეტად ღიზიანდება, ფუფხი გადამეკვროდა
ხოლმე. წვივებზე, სადაც ფეხს წინდები შემოტმასნოდა და კანს მიხეხავდა,
გააფთრებული გამონაყარი მკვრივ, ვარდისფერ ქერქს წარმოქმნიდა; ხელები
48
ლაქებით იფარებოდა და არ შემეძლო სხვა ბიჭებივით პერანგის სახელოების
დარდიმანდულად დაკაპიწება. მაგრამ ჩაცმული სრულიად ნორმალურად
გამოვიყურებოდი. სახეზე ღვთის შეწევნით არაფერი მეტყობოდა, მხოლოდ
სიწითლე თმის ძირებთან, რის გამოც შუბლზე ჩამოშლილ თმას ვატარებდი. არც
ხელის მტევნებზე მემჩნეოდა რამე, ფრჩხილებზე თუ შეინიშნებოდა რამდენიმე
წერტილი. დედას კი ფრჩხილები ზოგიერთ თითზე მთლად მოფენილი ჰქონდა
ყვითელი გამონაყარით.
სიცივემ მთელი ტანი დამისუსხა; ჩემი სქესის მოკრძალებული ნიშანი აიზღარბა
და
მკვრივ მტევნად იქცა. ყველაფერი, რაც ჯანმრთელი ცხოველისა იყო ჩემში,
საკუთარი თავისადმი რწმენას მიძლიერებდა. მომწონდა, რომ, როგორც იქნა,
ბალნით ვიმოსებოდი. მუქ-წითური, ბუჩქის პირობაზე მეტისმეტად მეჩხერი,
ზამბარებივით დრეკადი თმის ბეწვები მოყვითალო-ლიმონისფერ სიცივეში
დახუჭუჭებულიყო. ვიდრე ეს ბალანი წამომეზრდებოდა, გულს ჯავრი
მიღრღნიდა: მუდამ უმწეოდ ვგრძნობდი თავს გასახდელში: როცა აჩქარებით
ვიცვამდი, რათა ჩემი გამონაყარი დამემალა, ვხედავდი, ჩემი თანაკლასელები
უკვე უხვბალნიანი საჭურველით შემოსილიყვნენ.
სიცივისაგან კანი ამებურძგლა, მკლავები მაგრად დავისრისე, და მერე,
განცხრომით, საკუთარი სიმდიდრის გადარჩევით გართული ვაჭარივით,
გადავუსვი მუცელს ხელისგული. ჩემი სანუკვარი საიდუმლო და უღრმესი
სირცხვილი ის იყო, რომ მსიამოვნებდა ფსორიაზის ნიშნების საკუთარი ხელით
შეგრძნება: ნაზ, ამოზნექილ ბორცვებს შორის გლუვი, მოვერცხლისფრო
შუალედები, ვერცხლის თანავარსკვლავედები, მთელ ჩემს სხეულზე მოძრაობდა
და განსვენების ცოცხალ რიტმში მიმოფანტულიყო. სულში სიამე სუფევდა. ამას
მხოლოდ ის გამიგებს და
შემინდობს, ვისაც თვითონ გამოუცდია, რა ნეტარებაა - ფრჩხილი მოსდო მთელ
შრეს და ამოიჩიჩქნო.
შპალერიდან მუქი ფერის რგოლები მხედავდნენ მხოლოდ. კარადასთან მივედი
და ისეთი ტრუსები მოვძებნე, რომლებშიც რეზინი ჯერ კიდევ ვარგოდა.
ფლანელის პერანგი წინაუკმოდ ჩავიცვი.
- თქვენ კიდევ მოესწრებით ჩემს დამარხვას, მამილო, - ხმამაღლა ამბობდა მამა
ქვევით, - სიკვდილი მიზის ნაწლავებში. ამ სიტყვების გაგონებაზე რაღაც
საზიზღარი და ლიპი ისევ შეინძრა ჩემში.
49
- პიტერს არ სძინავს, ჯორჯ, - უთხრა დედამ, - იქნებ შეწყვიტო ეს კომედია. ხმაზე
შევატყვე, რომ დედა შორს იდგა კიბიდან.
- რაო? გგონია, ბიჭს ეწყინება?
მამას სწორედ შობის წინ შეუსრულდა ორმოცდაათი; ის კი ერთთავად
გაიძახოდა, ორმოცდაათ წლამდე ვერ მივატანო. ახლა, რაკი ამ მიჯნას
გადასცილდა, ენა აიშვა - მათემატიკურ ფაქტს თუ ვირწმუნებდით, ის უკვე
მიცვალებულთა შორის ირიცხებოდა და ყველაფრის თქმა შეეძლო, რაც კი პირზე
მოადგებოდა. ზოგჯერ ისეთი შემაძრწუნებელი გულგრილობით ლაპარაკობდა
უცნაურ და საშინელ ამბებზე, რომ პირდაპირ გულზე მხეთქავდა.
კარადის წინ ვიდექი და ვყოყმანობდი. რა ვიცოდი მაშინ, რომ კვლავ არცთუ მალე
მომიწევდა
ტანსაცმლის
გამოცვლა.
თითქოს
მძიმე
განსაცდელის
წინათგრძნობას მოვედუნებინე. სიზანტისაგან ცხვირი შიგნიდან მეფხანებოდა
და დაცემინება მწადდა. მუცლის ქვედა ნაწილში საამო ტკივილი მივლიდა.
საკიდრიდან ნაცრისფერი ფლანელის შარვალი ჩამოვიღე, თუმცა ცუდად იყო
დაუთოებული. შარვალი სამი მქონდა: ყავისფერი გასაწმენდადაა გაბარებული,
ლურჯის ტარება მრცხვენოდა, რადგან ზედ შესაბნევთან ღია ფერის ლაქა
დამჩნეოდა. ვერ გამეგო, საიდან გაჩნდა ეს ლაქა. დაუმსახურებულ წყენას გულში
ვიკლავდი, როცა წმენდიდან შარვალს ზედდაკრული დაბეჭდილი იარლიყით
მიბრუნებდნენ: „ამოუყვანელ ლაქებზე სახელოსნო პასუხს არ აგებს“.
პერანგი წითელი შევარჩიე. ამ პერანგს იშვიათად ვატარებდი, რადგან ხასხასა,
წითელ მხრებზე განსაკუთრებით შესამჩნევი იყო ქერტლივით თეთრი მტვერი,
თავიდან რომ მცვიოდა. მინდოდა ყველასთვის მეთქვა, რომ ეს ქერტლი არ იყო,
თითქოს ამას ჩემი გამართლება შეეძლო. არაფერია. საჭიროა მახსოვდეს
მხოლოდ, რომ თავი არ უნდა მოვიქექო. კეთილშობილმა სწრაფვამ გაიმარჯვა. ამ
პირქუშ დღეს ჩემს თანაკლასელებს მეწამულ ძღვენს მივგვრი, უზარმაზარ
ნაღვერდალს, ორი ჯიბით შემკობილ სითბოს სიმბოლოს. შალის სახელოებმა
მადლიერად გაისრიალეს ჩემს მკლავებზე. პერანგი რვა დოლარი ღირდა და
დედას უკვირდა, რომ მაინცდამაინც არ მიყვარდა მისი ტარება. დედას იშვიათად
აგონდებოდა ჩემი „ნაკლი“, მაგრამ როცა კი გაახსენდებოდა, ისე ახლოს
მიჰქონდა გულთან, თითქოს ეს მისი საკუთარი ვარამი ყოფილიყო. თვითონ
მარტო ფრჩხილებსა და თმაზე ეტყობოდა ფსორიაზის ნიშნები. ჩემი
მდგომარეობა ბევრად უარესი იყო, თუმცა დედისა არ მშურდა, თავისი
გაჭირვებაც ეყოფოდა. მამა არ ცხრებოდა:
- არა, ხესი. მამაშენი ნამდვილად მოესწრება ჩემს დამარხვას. კაცი წმინდანივით
ცხოვრობდა. მამილო კრამერმა დაიმსახურა უკვდავება.
50
დედამ რა უპასუხა, აღარ მომისმენია. ვიცოდი, როგორც მიიღებდა დედა ამ
ნათქვამს. მას სულ ეჩვენებოდა, რომ მამა ესაყვედურებოდა, - მამილო კრამერი
სიკვდილს დაავიწყდა და ამდენი წელია ჩვენს კისერზე ზისო. დედა
დარწმუნებული იყო, რომ მამაჩემი განზრახ ცდილობდა მოხუცი საფლავში
ჩაეყვანა. ნეტავ მართა ასე თუ იყო? დედაჩემის მოსაზრებებს ბევრი რამ
ადასტურებდა, მაგრამ მე ეს არასდროს მჯეროდა. ყველაფერი მეტისმეტად
მარტივი და საზარელი ჩანდა.
ქვევით ბაკანთან ხმაური გაისმა, - მივხვდი, რომ დედამ არ უპასუხა და ზურგი
შეაქცია - ალბათ აღშფოთებისაგან კისერი წითელმა ლაქებმა დაუფარა, ნესტოები
გაუფითრდა და უცახცახებს. ჩემს ქვევით მოტორტმანე გრძნობათა ზვირთებზე
ვირწეოდი. როცა საწოლის კიდეზე ჩამოვჯექ და წინდების ჩაცმას შევუდექი, ხის
ძველი იატაკი ჩემს ფეხქვეშ იბურცებოდა. ბაბუამ თქვა:
- ვინ უწყის, ღმერთი როდის გვიხმობს თავისთან. ამქვეყნად კაცმა არ იცის, ცაში
ვინ სჭირიათ.
- მე კი ნამდვილად ვიცი, რომ იქ არავის ვჭირდები, - მიუგო მამამ - რაში ეპრიანება
ღმერთს ჩემი უშნო სიფათის ყურება!
- მან იცის, როგორ გვჭირდები, ჯორჯ.
- სულაც არ გჭირდებით თქვენ მე, ხესი. უკეთესად იქნებით, როცა სანაგვეზე
მისვრიან. მამაჩემი ორმოცდაცხრისა მოკვდა და ამაზე კარგი ჩემთვის არაფერი
გაუკეთებია...
- მამაშენმა ხელი ჩაიქნია ცხოვრებაზე, - მიუგო დედამ, - შენ კი რა გჭირს
სამაგისო? ოქროსავით ბიჭი გყავს, მშვენიერი ფერმა, მოსიყვარულე ცოლი...
- ჩემი მოხუცი რომ დავმარხეთ, - განაგრძო მამამ, - დედაჩემმა ძლივს
თავისუფლად ამოისუნთქა. ეს უბედნიერესი წლები იყო მის ცხოვრებაში. ის
არაჩვეულებრივი ქალი იყო, მამილო.
- სამწუხაროა, - თქვა დედამ, - რომ კაცებს საკუთარი დედების ცოლად შერთვა არ
შეუძლიათ.
- ჯერ გაიგე, რას გეუბნები, ხესი. დედაჩემმა ჯოჯოხეთად აქცია მამაჩემის
ცხოვრება. პირდაპირ ცოცხლად შეჭამა კაცი.
ცალი წინდა დახეული გამოდგა და ფეხსაცმელში ღრმად ჩავკეცე. ორშაბათი იყო
და ყუთში მხოლოდ დახეული წინდები ეყარა. ერთი წყვილი ინგლისური შალის
წინდაც იდო, მამიდა ალმამ საშობაოდ რომ გამომიგზავნა ტროიდან, ნიუიორკის
შტატიდან. მამიდა ალმა იქ უნივერმაღში, საბავშვო ტანსაცმლის განყოფილებაში
51
მუშაობს. წინდები ძვირფასი იყო, მაგრამ საშინლად სქელი. როცა ჩავიცვი,
მომეჩვენა, თითქოს ფეხის ფრჩხილები ხორცში შემესო და მაშინვე გავიძრე.
მუდამ ვიწრო წაღებს ვყიდულობდი, 10 ½ ზომას, ნაცვლად 11-ისა, რომელიც,
ალბათ, კარგად მომერგებოდა. დიდი ფეხები არ მომწონდა; მინდოდა მოცეკვავის
კოხტა, მსუბუქი ჩლიქები მქონოდა.
ჩემო ოთახიდან ცეკვა-ცეკვით მშობლების საძილე ოთახში გავედი. იქ
საწოლებზე გროვად შეექუჩებინათ თეთრეული და ორ ადგილას ჩაზნექილი
ლეიბი მოჩანდა. დაბრეცილ კომოდზე ყველა ფერისა და ზომის პლასტმასის
სავარცხლები ეყარა - მამამ მოიტანა ისინი სკოლის მოძეული ნივთების
მაგიდიდან. ზოგჯერ ძალიან ღრმად
შეიჭრებოდა ხოლმე ოჯახის მარჩენალის როლში და შინ ათასგვარ უსარგებლო
წვრილმანს ეზიდებოდა.
მობათქაშებულ გარეთა კედელსა და ხის ძგიდეს შორის ფრიალო კიბე იყო
ჩაკუჭული,
ქვედა
საფეხურები
ვიწრო,
მოფამფალებულ
სოლებად
ჩაგრეხილიყვნენ ერთმანეთში. მოაჯირი იყო საჭირო. ბაბუას თვალს აკლდა და
მამას ეშინოდა - ოდესმე აუცილებლად გადავარდება ამ კიბიდანო; სულ
ფიცულობდა, მოაჯირს უსათუოდ გავაკეთებო. იყიდა კიდეც მოაჯირი ერთ
დოლარად ოლტონში, უტილის საწყობში, მაგრამ ის მივიწყებული ეგდო
სარდაფში. მამაჩემის ყველა გეგმას, რომელსაც ფერმასთან რაიმე საერთო ჰქონდა,
მუდამ ეს ბედი ეწეოდა ხოლმე. ფრედ ასტერივით, რიტმული ცეკვით დავეშვი
კიბეზე, თან კედლის ბათქაშს ვუსვამდი ხელს. გლუვი კედელი ოდნავ
გამობერილი იყო ვეება, უტყვი ცხოველის ფაშვივით, და მასში ეზოდან
შემოსული სიცივე ატანდა. გოლიათ ქვის მთლელებს რიყის ქვით აეგოთ ეს
სახლი საუკუნის წინ.
- კარი გაიხურე! - მომაძახა დედამ.
ქვედა სართულის სითბოს ვუფრთხილდებოდით. ახლაც თვალწინ მიდგას
ყველაფერი.
ქვევით ორი ოთახი გვქონდა, სამზარეულო და სასადილო. ორივე ოთახის კარი
გვერდიგვერდ გასდევდა ერთმანეთს. სამზარეულოში იატაკი ფიჭვის ძველი,
ფართო ფიცრისა იყო, ახალთახალი გარანდული და გასანთლული. კიბესთან
იატაკში ღუმელის სასულე იყო დატანებული და სითბო მუხლებში მეცა. იატაკზე
ეგდო ოლტონის გაზეთი „სანი“. მისი ერთი კუთხე ჰაერის თბილ ნაკადს
აეტაცებინა და მუდარით ირხეოდა, თითქოს ყველას შესთხოვდა - წამიკითხეთო.
ჩვენი სახლი გაჭედილი იყო ჟურნალ-გაზეთებით; ფანჯრის რაფაზე იყო
დახვავებული და დივანზეც აღარ ეტეოდა. მამაჩემს ყოველდღე მთელი დასტა
52
ჟურნალ-გაზეთები მოჰქონდა. ბოისკაუტები აგროვებდნენ ხოლმე, მაგრამ
როგორც ჩანს, ჩვენები ამ მაკულატურად იქ არ გადასცემდნენ, სადაც საჭიროა. ეს
ყველაფერი ჩვენთან სახლში ეყარა და წამკითხველს ელოდა. საღამოობით თუ
მამა შინ იჯდა და უსაქმურობისაგან ადგილს ვერ პოულობდა, დარდიან გულზე
გადაქექავდა ხოლმე ჟურნალების გროვას. მამა ძალიან ჩქარა კითხულობდა და
გვარწმუნებდა - ვერც კი ვიგებ რას ვკითხულობ, თავში არაფერი მრჩებაო.
- დამენანა შენი გაღვიძება, პიტერ, - გამომძახა მამამ. - შენი ხნის ბიჭებისთვის
ძილი მთავარია.
მამას ვერ ვხედავდი; ის სასადილო ოთახში იჯდა. პირველ კარში თვალი
მოვკარი, რომ ბუხარში შეშის სამი ალუბლისფერი ნაპობი იწვოდა, თუმცა
სარდაფდში დადგმული ახალი ქვაბი კარგად ათბობდა. სამზარეულოში, ორ
კარს შუა, ვიწრო გასასვლელში, ჩემი ნახატი ეკიდა - ჩემი სახლის უკანა ეზო
ოლინჯერში. დედა მხრით ჰფარავდა მას. აქ, ფერმაში, დედას მამაკაცის უხეში,
ნაქსოვი სვიტერი ეცვა, თუმცა ახალგაზრდობაში, და მერეც, ოლინჯერში, როცა
ის უფრო გამხდარი და ნაზი იყო, და როცა პირველად შევიცანი, როგორც
დედაჩემი, მას „ჩამცმელი“ ქალის სახელი ჰქონდა გავარდნილი. დედამ ჩემი
თეფშის გვერდით ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქა დადგა და შუშის წკრიალი
უსიტყვო საყვედურივით ჩამწვდა ყურში. დედა მაგიდასა და კედელს შორის
გაჩხერილიყო და გზას მიღობავდა. ფეხები დავაბაკუნე. ის გზიდან ჩამომეცალა.
ჩავუარე მას და მეორე კარს, რომელშიც ბაბუას მოვკარი თვალი, ჟურნალების
გროვის გვერდით დივანის ზურგს მიყრდნობოდა. თავით მკერდს დაბჯენოდა,
თითქოს სძინავს ან ლოცულობსო. მგრძნობიარე თითებიანი, დანაოჭებული
ხელები ლამაზად დაეწყო მუცელზე რბილი, ნაცრისფერი სვიტერის ზემოდან.
ჩავუარე მაღალ ბუხარს. ბუხარზე ორი საათი იყო და ორივე სხვადასხვა დროს
უჩვენებდა - 7.30 და 7.23. ის საათი, რომელიც ჩქარობდა, ელექტრული, წითელი
პლასტმასისა, მამამ ჩამოფასებული
საქონლის მაღაზიაში იყიდა. მეორე, მუქი ფერის, გასაღებით მოსამართი,
მოჩუქურთმებული ხის საათი მემკვიდრეობით გადმოგვეცა პაპაჩემის მამისაგან,
რომელიც ჩემს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე გარდაცვლილიყო. ძველი საათი
ბუხრის თავზე იდო. ელექტრული კი ქვევით, ლურსმანზე ეკიდა. ახალ მაცივარს
- თეთრ ლოდს ჩავუარე და გარეთ გავედი. პარმაღზე ორი კარი გვქონდა. წინკარს
ცუდ ამინდში ხურავდნენ, ამ ორ კარს შუა ქვის ფართო მოედანი იყო. სწორედ
მოედანზე გასვლისას შემომესმა მამაჩემის სიტყვები:
- ღმერთმანი, მამილო, ბავშვობაში წესიერი ძილი არ მღირსებია, ამიტომაცაა,
ახლა ასე რომ ვიტანჯები.
53
ცემენტის პარმაღთან საქაჩავი იდგა. ელექტრონის შუქი კი გვქონდა, მაგრამ
სახლში წყალი ჯერ არ იყო გაყვანილი. საქაჩავის ირგვლივ მიწა ზაფხულობითაც
კი არ შრებოდა, ახლა კი ერთიანად გაყინულიყო. ბალახზე გადაკრული ყინულის
თხელი ფენა ტკრციალით იმსხვრეოდა ჩემს ფეხქვეშ. ფერდობზე, რომელზედაც
ხილის ბაღი იყო გაშენებული, ჭირხლი თეთრ, მრუდე ზოლებად დაჰკვდომოდა
მაღალ ბალახს.
თითქოს ნისლმა გადაუარა და ზედ გახევდაო. სახლის წინ ბუჩქს ამოვეფარე.
დედა ხშირად უჩიოდა სიმყრალეს: სოფელი მისთვის სისპეტაკის განსახიერება
იყო, მე ეს სასაცილოდაც არ მყოფნიდა. ჩემი აზრით, დედამიწა სიდამპლისა და
უწმინდურებისაგან შედგებოდა.
უცნაური რამ მომეჩვენა: თითქოს ჩემი შარდის შხეფები ჰაერში გაიყინა და მიწას
მივეჯაჭვე. ნამდვილად კი გაძარცული, ქვედა საცვლის ამარა დარჩენილი
ბუჩქის ძირში ერთმანეთში ჩახლართული აშმორებული ფოთლები გავწუწე და
მათ ოხშივარი ასდიოდა. ლედი ბუნაგიდან გამოძვრა, ჩალა გაქექა, შავი დინგი
მავთულის ღობეში გამოჰყო და მომაშტერდა.
- გაგიმარჯოს, - თავაზიანად მივესალმე.
როცა ღობეს მივუახლოვდი, ლედი შეხტა. გაყინულ მავთულის ღობეში ხელი
გავყავი და ბეწვზე მივუალერსე, ის კი ერთთავად ცქმუტავდა და კვლავ სურდა
ჰაერში შენავარდება. ყინვისაგან ლედის ბეწვი საოცრად ფუნჩულა გამხდარიყო
და ზედ ჩალა ბღუჯა-ბღუჯა მიჰკვროდა: კისერი აბურძგვნოდა, თავი კი ისე
ჰქონდა გასლექილი,
თითქოს სანთლისაგან იყო გამოკვეთილი. ტყავქვეშ მისი თხელი კუნთები და
სათუთი ძვლები მომხვდა ხელში. ისე თავგამოდებით ატრიალებდა თავის
გრძელ დრუნჩს, ისე ხარბად მელაციცებოდა, რომ შემეშინდა, თვალში თითი არ
ვატაკო-მეთქი. მართლაც უმწეო თვალები ჰქონდა - ორი ჩამუქებული,
გამჭვირვალე ფაფის მსგავსი წერტილი.
- როგორა ხარ? - შევეკითხე. - კარგად გეძინა? ბაჭიები თუ ნახე სიზმარში? გესმის
- ბაჭიები!
მიხაროდა, ჩემი ხმის გაგონებაზე ასე რომ ტოკავდა, კუდს აქიცინებდა და
წკმუტუნებდა.
სანამ ჩაცუცქული ვიჯექი, სიცივე პერანგქვეშ შემისრიალდა და ზურგზე
გადამიარა. წამოვდექი. მავთულის უჯრედები, იქ სადაც მე ვეხებოდი,
გაშავებულიყო. ჩემს სითბოს დაედნო ყინულის თათარა. ლედი ხელიდან
დამისხლტა და ზამბარასავით შეხტა ჰაერში. მიწაზე დაშვებისას თავის ჯამს
54
დაჰკრა თათი და, მეგონა, წყალი გადაიქცეოდა, მაგრამ ჯამში ყინული იდო. სანამ
ჩემი ტვინი თვალით დანახულს ჩასწვდებოდა, წამით თავში გამიელვა,
სასწაულის მომსწრე შევიქენ-მეთქი.
უძრავი და უქარო ჰაერი კანს მწვავდა და ავჩქარდი. კბილის ჯაგრისი
გაყინულიყო და პარმაღთან ბოძზე მიხრახნილ ალუმინის თაროს შეზრდოდა.
ჯაგრისი თაროს ავაგლიჯე და ოთხჯერ შევარყიე საქაჩავი, მაგრამ წყალი არ იყო.
მეხუთეჯერ, ყინვით გათანგული მიწის სიღრმიდან წყალმა ორთქლის ბოლქვები
ამოუშვა და ღარში გაჩენილი შავ-წითელი ყინულის ნაოჭებზე გადმოდიოდა.
ჟანგიანმა ნაკადმა ჯაგრისს ყინულის ქერქი შემოაცალა, მაგრამ, როცა პირში
ჩავიდე, ჯოხზე ჩამოცმულ უგემურ შაქარყინულს ჰგავდა. დაპლომბილი საღეჭი
კბილები ამტკივდა. ჯაგრისზე შერჩენილი პასტა გადნა და პირში პიტნის გემო
დამიტოვა. ლედი შმაგი აღფრთოვანებით ადევნებდა თვალს ამ სურათს,
მოუსვენრად წრიალებდა და ცახცახებდა, ხოლო როცა გამოვაფურთხე, ყეფას
მოჰყვა, თითქოს ტაშს მიკრავსო, თან პირიდან ორთქლის ბოლქვებს უშვებდა.
ჯაგრისი ადგილზე დავდე, ლედის თავი დავუკარი და კმაყოფილმა შევნიშნე,
რომ ტაში მაშინაც არ შეწყდა, როცა ჩვენი ორმაგი კარის ფარდას მივეფარე.
საათები ახლა 7.35 და 7. 28-ს უჩვენებდნენ. სამზარეულოს თაფლისფერ კედლებს
შორის გაბნეულმა თბილი ჰაერის ნაკადმა მომადუნა და სიზანტემ შემიპყრო,
თუმცა საათები მაჩქარებდნენ.
- რა აყეფებს ამ ძაღლს? - მკითხა დედამ.
- ლამის სიცივით სული ამოხდეს, - მივუგე, - ეზოში საყინულეა. რატომ სახლში
არ უშვებთ?
- ძაღლისთვის მაგაზე უარესი არაფერია, პიტერ, - თქვა მამამ გვერდით ოთახში. მიეჩვევა სახლში ყოფნას. ფილტვების ანთება დაემართება და მოკვდება იმ
ძაღლივით, მაგაზე ადრე რომ გვყავდა. ცხოველი ბუნებას არ უნდა მოსწყვიტო,
მისმინე ხესი, რომელი საათია?
- რომელ საათზე?
- ჩემსაზე.
- რვის ნახევარზე ცოტა მეტია. მეორეზე კი ნახევარიც არ არის.
- დროა, შვილო, გავუდგეთ გზას.
- ჭამე, პიტერ. - მითხრა დედამ. მერე მამას მიუბრუნდა:
- ეს შენი მუქთად ნაყიდი საათი წინ გარბის, ჯორჯ. პაპას საათით ხუთი წუთი
დრო კიდევ გაქვს.
55
- მუქთად რომ არის ნაყიდი, ეგ არაფერს ნიშნავს. ასეთი საათი მაღაზიაში ცამეტი
დოლარი ღირს, ხესი. „ჯენერალ ელექტრიკის“ ფირმაა. თუ მაგ საათზე რვას ოცი
აკლია, დამგვიანებია და ეს არის. ჩქარა დალიე ყავა, შვილო, დრო აღარ ითმენს.
- რაღაც არ გეტყობა, რომ მუცელში ობობა გეჯდეს, ისეთ ამბავში ხარ. - შენიშნა
დედამ და მომიბრუნდა: - პიტერ, გაიგონე, მამამ რა გითხრა?
ჩემს ნახატზე თხილნარის ქვეშ გაწოლილი, ვიწრო სოსანისფერი ჩრდილის
ყურებით ვტკბებოდი. მიყვარდა ეს თხილნარი: ბავშვობაში იქ ტოტზე საქანელა
ეკიდა, ნახატზე კი ტოტი ოდნავ შესამჩნევი, თითქმის შავი გამომივიდა.
ვუყურებდი ამ ვიწრო, შავ ზოლს, და კვლავ განვიცდიდი ფუნჯის მოსმას და
არსებობის იმ წამებს, რომელთა შეჩერებაც ასე უცნაურად შევიძელ. მთავარი,
რამაც მხატვრობაში ჯერ კიდევ ხუთი წლის ყმაწვილი მიმიზიდა, სულაც ამ
გაფრენილი წუთების დატყვევება იყო. ჩვენ ხომ ამ ასკში ვგრძნობთ პირველად,
რომ ყველაფერი ცოცხალი, უთუოდ სახეს იცვლის,
თრთის, ხელიდან გვისხლტება, ვით ივნისის ქარიან დღეს მზის ცქრიალა და
დაუდგრომელი ათინათი აგურით მოკირწყლულ ბილიკზე, ყურძნის მწვანე
ტალავრის გვერდით.
- პიტერ!
დედას ისეთი ხმა ჰქონდა, აშკარა იყო, მოთმინების ძაფი გაუწყდა.
ორ ყლუპად გამოვცალე ფორთოხლის წვენი და მისი გული რომ მომელბო,
ვუთხარი:
- საწყალ ძაღლს სასმელი წყალიც არა აქვს, ჯამში ყინულს ლოკავს. მეორე ოთხში
ბაბუა შეირხა და განაცხადა:
- მახსოვს, ჯეკ ბიმი იტყოდა ხოლმე, - წინათ ის ბერტა ფერნესის სადგურის
უფროსად მუშაობდა, ახლა იქ სამგზავრო მატარებლები აღარ ჩერდებიან, „დრო და ოლტონის რკინიგზა არავის უცდისო“.
- მითხარით, მამილო, - თქვა მამაჩემმა, - ამაზე თუ გიფიქრიათ, დროს ვიღა
ელოდება?
ამ უაზრო შეკითხვაზე ბაბუამ არაფერი უპასუხა; დედა, რომელსაც მდუღარე
წყლით სავსე ქვაბი მოჰქონდა, ბაბუას გამოესარჩლა.
- ჯორჯ, -თქვა მან, - სისულელეებით სხვების გაბეზრებას გირჩევნია წადი და
მანქანა დაქოქე.
56
- რაო? - თქვა მამამ. - მამილო ხომ არ გაგვიბრაზდა? მამილო, თქვენი წყენინება
სულაც არ მინდოდა. რაც გულში მედო, ისა ვთქვი. მთელი სიცოცხლე მესმის,
დრო არ იცდისო, აზრი კი ვერ გამიგია. არა, მართლა ვის რაში უნდა უცადოს?
ჰკითხეთ, ვისაც გინდათ, ვერც ერთი ღვთის პირისაგან გავარდნილი ვერ
გეტყვით; მაგრამ აბა თუ აღიარონ. არავინ იტყვის პატიოსნად, არ ვიციო.
- ეს ნიშნავს, - დაიწყო დედამ და შეცბა. ჩემი არ იყოს, მანაც იგრძნო, რომ მამაჩემის
დაუცხრომელმა ცნობისმოყვარეობამ ანდაზას თავისი მარტივი მნიშვნელობა
დაუკარგა, - ეს ნიშნავს, რომ შეუძლებელს ვერავინ მიაღწევს.
- არა, მისმინე, - თქვა მამამ ოდნავ აღგზნებული კილოთი, თითქოს დაქანებულ
ფერდობზე ხელის მოსაჭიდებელს ეძებსო, - მე მღვდლის შვილი ვარ.
ბავშვობიდან სულ ამას მინერგავდნენ და ახლაც მწამს, რომ ადამიანი ღვთიური
შემოქმედების გვირგვინია, ჰოდა, ეს დრო და ჟამი რით არის ჩვენზე მეტი?
დედა სამზარეულოში შემობრუნდა, მაგიდაზე გადმოიხარა და ფინჯანში
ადუღებული წყალი დამისხა. მე შეთქმულივით გავუღიმე დედას. ჩვენ ხშირად
დავცინოდით მამას ზურგსუკან. მაგრამ ამჯერად არც კი შემომხედა, ჭრელი
ხელჯაგით ეჭირა ქვაბი და ფრთხილად აავსო ფინჯანი ისე, რომ ერთი წვეთიც არ
დაუღვრია. მაქსუელის ყავის ფხვნილი პაწია კუნძულივით ამოტივტივდა
წყლის ზედაპირზე, მერე გადნა და წყალი გამუქდა. დედამ ფინჯანს კოვზით
მოურია და ქაფი სპირალივით აიკლაკნა ყავისფერი სითხის თავზე.
- ჭამე ფაფა, პიტერ, - მითხრა დედამ.
- არ შევჭამ, - მივუგე. - არ მინდა. მუცელიმტკივა.
დედაზე შურს ვიძიებდი, რადგან არაფრად ჩააგდო ჩემი ფარული გამოწვევა.
გული მწყდებოდა, რომ მამა, ეს უგერგილო, სევდიანი კაცი, რომელსაც დიდი
ხანია ზედმეტად ვთვლიდი ჩვენს ოჯახში, ამ დილით მთლიანად
დაპატრონებოდა დედაჩემის ყურადღებას. მამა კი ამბობდა:
- ღმერთმანი, მამილო, სულ არ მინდოდა თქვენი წყენინება, მაგრამ ეს გაცვეთილი
სიტყვები ისე მიშლის ხოლმე ნერვებს, ლამის გავცოფდე. მერე რა აღიარებული
სიბრძნეა! მოდი და ნუ გაგიჟდები. ნეტავი გამაგებინა, ვინ ეშმაკმა მოჩმახა, ან ის
ჩვენი დარბაისელი გლეხი წინაპრები მაინც მაჩვენა, რას იტყოდნენ ერთი!..
- ჯორჯ, სულაც შენ არ ახსენე პირველად? მამამ საუბარი გააწყვეტინა. - შენ ის
მითხარი, რომელი საათია?
რძე მეტისმეტად ცივი იყო, ყავა - მეტისმეტად ცხელი. როგორც კი მოვხვრიპე,
სასა
57
მთლად დამეთუთქა, ამის შემდეგ სიმინდის ბურბუშელისაგან დამზადებული
ცხრაწვენა გულისამრევი მეჩვენა. მუცელიც რომ მართლა ამტკივდა?.. ტყუილში
დამემოწმა, მუცლის გვრემა დამეწყო. წამების სრბოლა მივლიდა მუცელში.
ახლა მეც მამასავით უხილავი მაყურებლის წინაშე ვთამაშობდი, ოღონდ მისი
მაყურებელი შორს იყო და ამის გამო მამა იძულებული იყო ეყვირა. ჩემი კი აქვე
იყო, წინა რიგებში. მარცხნიდან სცენაზე შემოდის ბიჭუნა, სასაცილოდ წაუვლია
ხელი მუცელზე. სასადილო ოთახში გავედი, ქურთუკის და წინდების
გამოსატანად. ჩემი განუყრელი, გაფშეკილი ქურთუკი კარს უკან ეკიდა. მამა
სარწეველაში იჯდა, ბუხარში აბრიალებული გიზგიზა ცეცხლისათვის ზურგი
შეექცია. მას ძველი, გაცვეთილი, კუბოკრული პალტო ეცვა, რომელზეც
განსხვავებული ფერისა და ზომის ღილები ეკეთა. ეს პალტო მამამ
საქველმოქმედო ბაზრობიდან მოათრია, თუმცა მისთვის პატარა იყო.
მუხლებამდე ძლივს წვდებოდა. თავზე საშინელი, ლურჯი შალის ნაქსოვი ქუდი
ეხურა, რომელიც სკოლაში იპოვა, უტილის ყუთში. როცა ამ ქუდს ყურებზე
ჩამოიფხატავდა ხოლმე, კარიკატურული ჟურნალიდან გადმოსულ დოყლაპიას
ჰგავდა. დიდი ხანი არ იყო, რაც ამ ქუდის ტარებას შეეჩვია და ვერ
მივმხვდარიყავი,
რაში სჭირდებოდა. ჯერ ისევ ხშირი თმა ჰქონდა, ოდნავ შევერცხლილი. გამიგე,
ჩემთვის ხომ ის არასდროს არ იცვლებოდა. მართლაცდა, თავისი ასაკისათვის
ახლგაზრდად გამოიყურებოდა. როცა ჩემკენ შემობრუნდა, ისეთი სახე ჰქონდა,
თითქოს დროზე ადრე დაკაცებული ქუჩის ონავარი ბიჭუნა ყოფილიყო. პატარა,
მიყრუებულ ქალაქში, პასეიკში იზრდებოდა. მისი სახე - თითოეული
ამონაზნექი, უფერული, ჩვილი ნაოჭები ჩემთვის ნაზიც იყო და მკაცრიც,
ბრძნულიც და გულუბრყვილოც. აქამდე ქვემოდან ვუყურებდი. ბავშვობაში კი
ასე მეგონა, მამა ცას წვდებოდა თავით. როცა აგურით მოკირწყლულ ბილიკზე
ჩვენი სახლის ეზოში, ოლინჯერში, მამაჩემის ფერხთით ვიდექი, მეჩვენებოდა,
რომ მისი თავი წაბლის ხეების კენწეროებს უსწორდებოდა და დარწმუნებული
ვიყავ, სანამ ის მყავდა გვერდით, ცუდი არაფერი შემემთხვეოდა.
- შენი სახელმძღვანელოები ფანჯრის რაფაზეა, - მითხრა მამამ. - ისაუზმე?
- თვითონ არ მაჩქარებდი, მალე მალეო, - შევუღრინე მე.
სახელმძღვანელოებს
გაცვეთილი
თავი
მოვუყარე.
მოფამფალებული
ლურჯყდიანი,
ლათინური. პეწიანი, წითელი ახალთახალი ალგებრა. რომ ვფურცლავდი,
ტკიცინა ქაღალდს ნედლი, უბიწო სუნი ასდიოდა; დაბოლოს დაძენძილი,
ნაცრისფერყდიანი, ფუნჩულა ბუნებისმეტყველება - ამ საგანს მამა გვასწავლიდა.
58
ყდაზე სამკუთხედად იყო ამოტვიფრული დინოზავრი ატომი, რომელიც
ვარსკვლავს ჰგავდა და მიკროსკოპი. წიგნის ყუასა და შემონაჭერზე ლურჯი
მელნით დიდი ასოებით ეწერა ფიდო. ეს უშველებელი წარწერა თანაგრძნობას
და სიბრალულს იწვევდა - თითქოს ძველი მიტოვებული კერპი ყოფილიყოს. იმ
დროს ფიდო ჰორნბეკერი ცნობილი ფეხბურთელი იყო. ვერ გავარკვიე, იმ
გოგონებიდან, რომელთა გვარებიც ყდის შიდა მხარეზე ეწერა, რომელი იყო
ფიდოზე შეყვარებული. ხუთი წლის განმავლობაში მე პირველი ბიჭი ვიყავ,
ვისაც ეს წიგნი ერგო. ჩემი გვარის გარდა, იქ კიდევ ოთხი იყო ჩამოთვლილი:
მერი ჰეფნერი ივლინ
მეიზი, „ნამცეცა“ რეა
ფურსტვეიბლერი
ფილის ლ. გერჰარტი.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - კენტავრი - 05
  • Parts
  • კენტავრი - 01
    Total number of words is 3340
    Total number of unique words is 2166
    24.6 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    44.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 02
    Total number of words is 3612
    Total number of unique words is 2290
    24.5 of words are in the 2000 most common words
    37.5 of words are in the 5000 most common words
    45.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 03
    Total number of words is 3652
    Total number of unique words is 2221
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 04
    Total number of words is 3828
    Total number of unique words is 2253
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.8 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 05
    Total number of words is 3690
    Total number of unique words is 2293
    25.7 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 06
    Total number of words is 3683
    Total number of unique words is 2285
    27.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 07
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2208
    28.2 of words are in the 2000 most common words
    40.8 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 08
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 2203
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 09
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2299
    26.9 of words are in the 2000 most common words
    40.1 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 10
    Total number of words is 3832
    Total number of unique words is 2203
    27.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 11
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2293
    26.4 of words are in the 2000 most common words
    39.1 of words are in the 5000 most common words
    46.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 12
    Total number of words is 3897
    Total number of unique words is 2212
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 13
    Total number of words is 3874
    Total number of unique words is 2126
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 14
    Total number of words is 3804
    Total number of unique words is 2211
    27.9 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 15
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2177
    28.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 16
    Total number of words is 3722
    Total number of unique words is 2183
    27.0 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 17
    Total number of words is 3736
    Total number of unique words is 2200
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 18
    Total number of words is 3771
    Total number of unique words is 2310
    27.4 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 19
    Total number of words is 3048
    Total number of unique words is 1793
    25.5 of words are in the 2000 most common words
    36.6 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.