Latin

ბახტრიონი - 1

Total number of words is 3372
Total number of unique words is 2370
16.6 of words are in the 2000 most common words
23.8 of words are in the 5000 most common words
28.3 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
I
დღემ დაიხურა პირბადე,
მთებმა დახუჭეს თვალები.
აღარ შფოთობენ საფლავში
გმირთ ოფლის მღვრელი ძვალები.
ქარი ქვითინებს... ღრუბელთა
ზარი თქვეს შესაზარები.
გული ვერ მოუფხანიათ,
ცრემლი სდით ალაზნიანი;
ჩარეცხეს, ჩაალამაზეს
მთების გულ-მკერდი კლდიანი.
გაცოცხლდა, ცას ემუქრება
ღრმა ღელე, წყარო-ფშიანი.
გადაიკრიფნენ ღრუბელნი,
ქუჩი გასწირეს ცვრიანი.
გაივსო რძითა მთათ ძუძუ,
დაუშრომელად რძიანი.
მოგესალმებით, ქედებო,
მომაქვს სალამი გვიანი,
ჩემსამც სამარეს ამკობენ
თქვენი დეკა და ღვიანი!
თქვენგანა გულობს ეს გული,
შიგ გრძნობა უდუღს ღვთიანი.
თქვენი მიწოვავ მეც ძუძუ,
ღალიან-ბარაქიანი.
ნუმც გაჯავრდება პირიმზე,
ნუმც დამწყევლიან იანი,
რომ იმათ დედის ძუძუთი
მსუქდები ცოდვილიანი.
მეც მიგემებავ იგი რძე,
რითაც თქვენ დაიზარდენით;
თქვენავე გარგებსთ, დობილნო,
თუ უხვად დაიხარჯენით!
II
გორი რამ ჩასდგამს შუბის წვრად,
მუხა-იფნებით ფარული.
იქ ჰყრია დიდი ლოდები
შავფერი, ციხის-კარული,
ლიბო-დათხრილი კოშკები,
უმზეოდ ჩამოგვალული.
ბერი ტიროდა დიაცი,
ისმის ქვითინი ქალური.
რამდენი სიპები აწყვავ!
მოსჩანს აკლდამის პირები.
გმირთა სამარეს, როგორც ხატს,
სამთხვევლად დავეღირები.
ეს ფშაველთ სალოცავია,
დღეს დღეობაა ამისა.
არ ვიცი, თვალი მატყუებს, მიშლის წყვდიადი ღამისა!
ხალხს ნუთუ დაჰვიწყებია
წმინდა გიორგი თავისა?!
ეს რაღაც ცუდს საქმეს ჰნიშნავს.
მომასწავებელს ავისა.
საჯარეს დიაცს რა უნდა?
არ თუ ეშინის დავისა?
მარტოს აუნთავ სანთლები
და ხატიც უდიდებია;
მარტოდ-მარტოკას დიაცსა
ხატ-ღმერთი უხსენებია!
აქ არც ხებისბრის ხმა ისმის,
არსად ფშაური ღრეობა.
ვინ გიჟი იტყვის იმასა,
რომ დღეს აქ იყოს დღეობა?!
ბრალადა ბჟუტავს სანთელი,
ცრემლი წინ უდგა გუბედა.
მტრისამც დედასა გველი ჰკბენს
და ჩაუძვრება უბედა, გმირთა გამზრდელთა ძუძუებს
გაიხდის თავის ბუდედა!
III
უცბად გაისმა ფეხის ხმა,
კაცი გამოჩნდა უცხო რამ,
ჩამოგლეჯ-ჩამოწეწილი,
ერთი ყარიბი, უშნო რამ.
სანთლისა შუქზე წამოდგა
დატანჯულისა ფერითა,
მხარზე თოფ-გადაგდებული,
გაბუდებულის წვერითა.
დანჯღრეულ ქარქაშიანი
ხმალი წელს ერტყა წნელითა.
ადვილად საცნობი იყო
კაცი ფშაურის ერითა.
დადგა, დაეყრდნო თოფის ტუჩს,
ცრემლებს იწმენდდა ხელითა,
იზიარებდა ბებრის დარდს
სახის შეჭმუხვნით ხმელითა.
თავისს დარდებში გართული
დიაცი მიჰხვდა ვერასა,
ტიროდა, ემდურებოდა
ხოშარელთ ბედისწერასა.
გულს იმიჯღავდა, ჰკითხავდა
ნანგრევებს ცრემლის დენითა:
„სრულ ჩვენ რადა ვართ ტანჯვაში,
კვენსა რად ისმის ჩვენითა?
როდემდის უნდა ვსტიროდეთ,
მიწა ვასველოთ ცრემლითა?
ან მიწა რად არა ძღება
დამდნარის გულის წვენითა?!
როდემდის უნდა ვიბანოთ
სისხლით პირი და ხელები?
შვილთა მაგივრად დედებსა
ძუძუს გვიწოვდეს გველები?!
როდემდის უნდა ფეხითა
ვლახოთ ჩვენივე წელები,
ცეცხლები გვერტყას ათასი,
გულის, გონების მწველები?!
ვაჰმე, გაგვიწყდა, აღარ გვყავს
ამ ფშავის ხევის მცველები!“
დიდხანს უცქირა უცნობმა
მოხუცის მოთქმას მწარესა;
მიჰხვდა, რომ უბედურება
სწვევია ფშავის არესა.
ათრთოლებულის ხმით ჰკითხავს
უცნობი უცნობს დიაცსა:
ვინა ხარ, ნეტარ, დობილო?
ვისას რას მოსთქვამ ზიანსა? ვერ გაიგონა ნათქვამი,
ისევ ზარს ამბობს ხმიანსა...
- შენ გეკითხები, დედაო,
რად ჰსვამ ბალღამით ფიალსა?
სანათა (ბებერი)
მადლობა ღმერთსა, თუ კიდევ
კაცი ვიხილე თვალითა. ადგა და ჯოხზე დაეყრდნო
ხანხალით, - ძალის-ძალითა. - მოხვედი, შვილო, მშვიდობით.
შვილო, წყალობა ხატისა!
აღარ მეგონა, თუ მამრი
კიდევ მიწაზე დადისა...
მგზავრი
შენიმცა მწყალობელია,
შენთა შვილთა და ქმარისა.
ერთს გკითხავ, დედა-შვილობას,
მითხარ პასუხი ამისა:
დიაცს ვინ მოგცა ის ნება,
საქმე აკეთო მამრისა?
ვფიქრობ, დროება დამდგარა
იმ მეორ-მოსვლის წამისა.
ხომ არ აყრილან ფშაველნი,
ჩქამ რო არ ისმის ხალხისა?
როგორც მინახავ, არ არის
ლხინი კაცის და ქალისა.
შენობა მინდა გავივო,
ვარ თქვენის მიწა-წყალისა.
სანათა
ჩემ რა იკითხვის, დედილას,
უკლოსი, ბედით შავისა,
დავკარგე ყველა თვის-ტომი,
ვინაც-კი მყვანდა თავისა...
წარღვნა დაგვეცა ხოშარელთ
წყეულის თათრის ჯარისა.
მამრთა შააკლეს მტერს თავი,
ხსენება გასწყდა კაცისა.
გასუქდა ხოშარის გორი
სამარეებით ხშირითა.
ვინც დავრჩით ცოცხლად დიაცნი,
დახოცილებსა ვსტირითა.
ჩვენ რო გვნახავენ მტირალთა,
ბალღებიც ატირდებიან;
გლოვის მიზეზსა გვკითხავენ,
დედებს რო გვაკვირდებიან;
არ მიიღებენ პასუხსა,
უფრორე აყვირდებიან;
ძუძუთ ვათირებთ ბალღებსა,
რძისთვინ რო აბირდებიან!
რად გვინდა დედებს შვილები?
რაზედ ვსწვალობდით ნეტავი?
გაჰზრდი, გალაღებს ვაჟკაცი,
ლამაზი, გორის მდრეკავი.
გალაღებს, მაგრამ ტყუილად:
დღეს მთელი, ხვალე მკვდარია;
მოვა, წაიღებს უეცრად
სისხლისა ნიავ-ღვარია!
პირსისხლიანის მსინჯველი
შვილის, დუშმანიმც არია!
სანათაი ვარ მე, შვილო,
აფხოშოური ქალია.
აქა ვარ გამოთხოვილი,
ბერიძე მყვანდა ქმარია.
შვიდი გავზარდე ვაჟკაცი,
თითო ლომისა დარია.
შვიდივ გამიწყდა ერთ დღესა,
მამაც იმათთან მკვდარია.
ხოშარის გორზედ დავმარხენ,
თავზე დასტირის ქარია.
ორს კვირას საფლავებ ვსთხარე,
იმათ თავშესაფარია. რა ეს სთქვა, ამოქვითინდა,
ღვარა ცრემლები მწარია. ჩემს ქმარ-შვილებთან ბევრს სხვასა
გამოეჯარა კარია.
ვინ ემსახუროს, მაშ, ხატსა?
მაშ ვინ აუნთოს სანთელი?
მაშ ვინ დაგვიკლას საკლავი?
ვინ მოაკმიოს საკმელი?!
უკაცურთ კაცობა გვმართებს,
მანამ სული გვჩრავ პირშია.
ხატიც შაგვინდობს ცოდვასა,
რო გვნახავს გასაჭირშია.
ეხლა ის მითხარ, დედილას,
სადაური ხარ, ვისია?
იქნება ჩვენობა გეთქმის.
იქნება იყოს სხვისია?
მგზავრი
დედაო, დედა-შვილობამ,
მეც ბევრი ვნახე ჭირია.
ოცს წელს სრულ სხვიშვილადა ვარ,
სამშობლო გამიწირია,
მათურელი ვარ ძირადა,
სახელად მქვია კვირია,
ჩემფერა უკეთურები
ყუნჭებიც ბევრი ჰხირია.
ფშავს უბინადროდ რჩენილი,
წაველ საძებრად ბედისა, ვაჰ, მოგონება ჩემის დღის
დამსხმელი არის რეტისა!
მზიდველი არის ეს ქედი
ტანჯვისა მეტის-მეტისა.
ჩემი ამბავი შორს წავა,
მოკლედ რო მოვსჭრა სჯობია:
ვინ არ გეტყოდა ჩემს ამბავს,
ვინაც-კი ჩემი მცნობია;
ობლობის, ბეჩაობისა
დღესაც ზედ მაძე ობია.
სად სიცივეში ვგდებულვარ,
ორ-კვირაობით მშიერი,
არც ისე დროულიცა ვარ,
უცხოს ვგონივარ ხნიერი...
ოცი წელია მწყემსად ვარ
თუშეთს, უცხოსა მხარესა,
და ფშავის ხევის სტუმარსა
მარტო ვხედავდი მთვარესა.
საბაროდ გადმამავალთა
ამბავს ვკითხავდი წეროთა, რა წერილობას გაგვიწევს,
თოვლზე ამბავი ვწეროთა?
ოცს წელს მიწა მაქვ ლოგინად,
ცა მახურია საბნადა;
ავდარში შავი ნისლები
ტანზე მეხვევა საბნადა.
სანათა
მიკვრის, ან ეხლა რო მოხვალ,
ოცს წელს ნამყოფი სხვაგანა?
მგზავრი
საქმე გაჭირდა, დედილო,
ურჯულო თათრებისგანა:
დათარეშობენ... კახეთი
მისცეს ქარსა და ნიავსა;
საცა ჰსურთ, ყურძენსა სჭამენ,
საცა - ჭანჭურს და ქლიავსა.
აწიოკებენ ქალ-რძალსა,
ნამუსსა ჰხდიან ძალადა.
ჰკრეფავენ ურჯულოები
სილამაზესა ღალადა.
არა ჰზოგავენ, დედილამ,
ვინც კი მოუათ თვალადა.
მთელი კახეთი ქცეულა
ჩიქილა-მოხდილ ქალადა.
არა სჩანს ხელის შამქცევი,
მტრის ამომყრელი ჯავრისა,
კაცი არ ჩნდება შამყრელი
და წინ გამძღოლი ჯარისა.
იქ, ჩვენთანამდიც მოდიან,
ცხვარსა ფარობით გვტაცებენ.
არვინ გადურჩათ რჯულ-ძაღთა,
ყველას ბეგარას ადებენ.
ვისაც ჰკვლენ გზა-გზის პირებზე,
თავებს მარგილზე აგებენ.
შადიან სხვისა სახლშია,
კარს უკრძალავად აღებენ.
დაჯავრდენ თუშნი, რო ნახეს
ქვეყანა ნაოხარია.
პირი ქნეს, იმათ წინ უძღვის
ზეზვაი საოცარია.
სუყველამ ტანზე აისხა
აბჯარი საომარია.
მე გამომგზავნეს საჩქაროდ
ფშავს და ხევსურეთს მზირადა
და დამაბარეს ხვეწნითა
სიტყვა, სათქმელი პირადა:
„ჩვენაც ხომ თქვენი ძმანი ვართ
სისხლით, ხორცით და რჯულითა.
მტერმა დაგვჩაგრა, გვიშველეთ,
გაუტეხელნო გულითა.
უბაროდ, განა არ იცით,
მთანიც რო ვერა გვარობენ.
გვიშველეთ, ფშაველ-ხევსურნო,
ბარზე თათრები ხარობენ.
ჩვენის საყდრების ტრაპეზთან
ეხლა მოლები გალობენ.
ბევრია დაღონებული,
უთხარო: ბევრნი წვალობენ!“
მახსონდა, ამ დღეს ხოშარელთ
აქ გექნებოდათ ხატობა;
ვიცოდი, ეწყინებოდათ
კახეთის რბევის შატყობა.
ღმერთმა აცხონოს ისინი,
ჩვენც იმათ მივდევთ კვალზედა.
იქნება ამ ორს კვირაზე
შავხვდე შავეთის კარზედა.
მანამა ვცოცხლობთ, მტერი გვყავ,
ბევრად სჯობს ვიყვნეთ ცდაზედა.
როცა დრო მოვა... დე, გაქრეს
ბედის ვარკვლავი ცაზედა!
ცოცხალს კი უნდა ეხუროს
ვაჟკაცსა გული თავზედა.
სიცოცხლეს აუგიანსა
სიკვდილი მიჯობს ხმალზედა.
როს ჩემი ბინა სხვას ჰრჩება,
ჩემი ცოლი და შვილები, თუ დუშმნის ხმალი არ მომკლავს,
მე თვითონ გავიგმირები.
დედა-შვილობას, ნუ სჩივი,
ღმერთმან აცხონოს გმირები,
რომ არ წაიღეს საფლავში
ლაფით მოსვრილი პირები.
სანათა
ეგებ ინებოს ბატონმა,
გაგმარჯვებიყოსთ მტერზედა;
თუ ამას გავიგონებდი,
არ ვიტირებდი მკვდრებზედა:
იმავ დღეს, შვილო, დედილამ,
ჭრელს ჩავიცომდი კაბასა,
არ ვიგლოვებდი იმიერ
ჩემს ჯუღურას და საბასა;
ჩემს წარბ-დაღურბლვილს ივანეს,
კარგა ხმარობდა დანასა;
ვენაცვლე იმის გულ-მკერდსა,
შაიხდომლებენ შანასა;
ჩემს ტანა-დაბალს ხუმარას
ბატარას, შუბიანასა;
ვაჟკაცის წესი სცოდნიყო,
არა ჰგავ ჯუბიანასა,
მეხად დაეცა მტრის ჯარსა,
მისთიბდა, როგორც ყანასა.
ეცადა, მაგრამ ვინ დაჰლევს
რიყეზე ქვებს და ლოდებსა!
ვინ დაჰლევს თათრის ლაშქარსა,
უთვალავს, გასაოცებსა?!
თუ ამამყრიდით მტრის ჯავრსა,
შვილთ არც კი მოვიგონებდი,
რაღა მიჭირდა, თუ მტრისას
გაჟლეტას გავიგონებდი.
გულიდამ ეკლის სალტასა
მაშინის მოვიფონებდი.
შვილო, დედილამ, მე თვითონ
წავალ, შავტირებ ფშაველთა;
ყველას შავტირებ ჩემ დარდსა,
ვისაც შავხვდები გზა-ველთა.
მე თუ რვა სული შავსწირე,
თითოს ვერ გაიმეტებენ?
ფშაველნი აიშლებიან,
თუ მტერს სამ დაიმედებენ...
ღმერთო და ჩვენო გამჩენო,
ხატებო ფშავეთისაო!
აავსეთ თათრის სისხლითა
ველები კახეთისაო.
შენ გაუმარჯვე ჩვენს ჯარსა,
დავლათო ახმეტისაო!
გვაკმარე, ღმერთო, ზარალი,
გვეყო, რაც სისხლი გვიღვრია,
გვეყო, რაც მტერთან ბრძოლაში
ძვალები გადაგვიყრია.
გვეყო ამდენი ცრემლის ღვრა,
დაუშრომელი ვაება;
არ თუ ვებრალვით საყმონი,
რო აღარ გვწყაობს ღვთაება?!
გვიშველე, ლაშარის ჯვარო,
დაგვჭირდა შენი თავია;
შენის ფრანგულით აკურთხე
თუშ-ფშაველ-ხევსურთ ზავია;
ნუმც დაეღუპვისთ, შენს მადლსა,
ზღვაში შასული ნავია.
ჩაუძვეღ, ლაშარელაო,
ტანზე შაიბი ხმალია,
გვიჭირს და გამოგვაყენე
შეუმოსავი ძალია.
ასე მოსთქვამდა დიაცი
თავ-დაკიდებით მდგომარე:
გვიშველე, - სულ ბოლოსა სთქვა:
შენა ხარ ჩვენი მომხმარე!
მგზავრი
ამინ! გიშველოს უფალმა,
ღმერთმა გიცხონოს შვილები;
გაცხონოს, ჩემო დედაო,
ღვთისგანმც ნუ გაიწირები!
დიდხანს სუბარს ვაგძელებ,
სვლას-კი არ ვფიქრობ რადა მე?
სანათა
ძნელადა ბნელა, დედილამ,
ვეღარსად წახვალ ამ ღამე.
მგზავრი
ხევსურეთს მინდა გადასვლა,
მეტი არ არის ჩარაო,
მიტანა უნდა იმ ამბავს,
რაც ზეზვამ დამაბარაო!..
უნდა ჩავიდე სოფლებსა,
ვიარო კარი-კარაო.
სანათა
ღვთით ხელიმც მოგემართება!
წადი იარე ჩქარაო.
მეც სულელი ვარ, ბებერი,
წასვლას რო გირჩევ ხვალაო.
პური-ოთ გშიან, დამწვარო,
ნამგზავრ-ნატანჯი ხარაო...
აიღო ქადა-პურები,
მთლიანად ჩააბარაო.
- ნეტავ მაჩვენა კიდევა
ფშაველის ჯარის ფარაო!
მგზავრმა ჩაიდვა საგძალი,
პირ-თავქვე ჩაეფარაო.
ქვეით გაისმა ლოდებზე
მგზავრის ხმლის ბუნის ჩხარაო.
IV
ცაზედ დამქრალან ვარსკვლავნი,
პირი ემურვის მთვარესა,
მთანი, თავ-ჩაჩქნიანები,
ფიქრს მისცემიან მწარესა.
ცა თვალს უცემდა სატრფოსა,
გრიალი მოდის შორითა;
მოდის ხმა ჟრიამულისა
მარჯვნივ და მარცხნივ გორითა,
თან გამოისმა ზარის ხმა
ლაშარის ჯვარის გორითა.
ცხრა-ათ კუთხიდამ მოდიან
ფშაველ-ხევსურნი რბოლითა...
თითქოს გასწუდენო, ფშაველთა
იტყოდენ აღარ ყოლითა!..
არა, ყოფილა კიდევა,
გადარჩომიან რბევასა,
თათრების უბრალებლობას,
იმათ ხმალ-ხანჯრის ქნევასა.
ფიქრობენ ხოშარელების
სისხლის თათრებზე ზღვევასა.
ივსება ლაშარის გორი
ქორ-შავარდნების ფარითა;
დროშებიბ გზას უკურთხებენ
ჟღერით, აწვდილის ტარითა:
როშკვით მოიდენ ხევსურნი,
სუმელჯაურნი ცხრანია,
ამღითა - ბაკათის ძენი,
ჭინჭარაულნი ძმანია,
გუდანელთ ჩამასძღოლია
ხოშარეული ხარია;
ხევსურთ, რო ზვავმა მთისამა,
წინ მაიმძღვარეს ქარია;
ჭორმეშელთ, ჭიელთ ბიჭებსა
ღულელებიცა სტანია.
ხახმატელთ ცხენთა ფეხის ხმამ
შააზრიალა მთანია;
მგლური დააწყვეს ნაბიჯი,
მოკლედ გადმოვლეს გზანია.
თითოს ხევს არაგვისასა
თან მოსდევს ლაშქრის ღვარია.
ფშვლის შვილებიც მოვიდენ,
სულთქმა თან მოჰყვა ჩქარია.
რა საამური დრო არის,
რა საამური წამია!
მოვიდენ აფხუშელები,
მცოდნენი თათრის ზნისაო;
წინადაც უცდავ თათრები,
როს დრო ყოფილა ცდისაო.
ბერი მაუძღვა ლუხუმი,
ლურჯამ მაიღო თქერანი,
პატრონის გულის მცოდნეა
თვალმოელვარე ჯერანი.
წითელს ფარს აჯიელავებს
მახინცაური ვერანი.
ძმობამ, რა კარგი ჰყოლია,
არც იმას ჰმტყუვნობს მერანი!..
კლდეთაც ეს ესმით, სალს კლდეთა
მათურელთ გულის ძგერანი...
ცაბაურ-გაბიდოურთა
ცხენთაც მაიღეს ტყერანი.
მოგროვდენ ყოველის მხრიდამ
ვაჟები ლომის ფერანი.
დიაცთ-ღა დაჰრჩათ მარტოთა
მატყლის სართავად კერანი.
V
მთაზე დაენთო ცეცხლები,
როგორც ვარსკვლავნი ცაზედა;
თავმოხდით სდგანან მხედარნი
თავის ბატონის კარზედა.
ბრჭყვინავენ ალმასივითა
დროშები ცეცხლის ალზედა.
ცივი უბერავს ნიავი,
ლაშქარს ნამს აყრის თავზედა.
მდუმარედ სდგანან, პირქუშად,
სულთქმაც კი გაიგონება,
მხედართა გულის პასუხი
ერთს ფიქრად შაიკონება:
ხატი რას ურჩევს ლაშქარსა,
რა გამოუვა ბრძანება?
ქადაგი ხატს ეკითხება,
ჩურჩული მოდის საჯარეს.
მხედართ, საუბრის გამგონეთ,
მუზადარები დახარეს.
მუხლმოდრეკილნი ჩამოსხდენ,
პირს ჯვარი დაისახიან,
ციურის კრძალვა-შიშითა
პირები შაიჩმახიან.
აგერ ქადაგიც გამოჩნდა
განაცრებულის სახითა;
შემკრთალი იყო ისიცა
ხატის პირისპირ ნახვითა.
შემოუძახა ლაშქარსა
ხმით მედიდურით, მკვახითა:
„უამს ჩვენს ლაშარის ჯვარსა,
მის კარს რო შავიყარენით,
ქვეყნის წამწყმედთან საომრად
მალევ რო ავიყარენით.
წინ მომეგება სიცილით,
ბეღლის კარს მოდგა მზებურა,
ტანთ ეცვა ლურჯი ბექთარი,
თავზე ჩაჩქანი ეხურა.
დიდია ჩვენი ბატონი,
მადლით ცას სწვდება მთებურა;
თან გვატანს თავის ლოცვასა,
ფრანგული ამეეწურა.
გვიქადის გამარჯვებასა,
წის წაგვიძღვება თავადა.
ჰნახეთ, - ნუ გაგიკვირდებათ,
სიტყვას ნუ ჰკადრებთ ავადა.
გაიგებთ იმის წაძღოლას,
მიჯხვდებით კილა-კავადა.
რო ჰნახოთ, ქება უთხროდით,
სალმით იყვნოდეთ, საღადა.
ლურჯს ცხენზე მჯდომი იქნება,
წინ მოარული ლაღადა“.
- ვენაცვლეთ მაგის დავლათსა!
ღირსნიც არა ვართ ნახვისა!
რად კადრობს ადგილით დაძვრას,
საყმო რად ვყევართ თავისა? ამოსთქვა სულთქმით ლაშქარმა,
ცეცხლ-დანთებულმა პირზედა.
- უყვარან ფშაველ-ხევსურნი,
დამდგარნი ერთსა პირზედა, უთხრა პასუხად ქადაგმა,
მდგომმა საჯარის თხრილზედა.
ლომი საომრად მზადდება,
კბილს აიჩქამებს კბილზედა!
VI
საღმრთო ქნეს ფშაველ-ხევსურთა,
დაკლეს ხარი და ცხვარია.
ჩამოსხდნენ, ბეღელს საჯარეს
გარს შემოერტყა ჯარია.
ყველას თან უდგა საგზაო,
საჩქაროდ ნადუღარია.
ადიდეს ლაშარის ჯვარი,
თამარის ნაჩუქარია;
ადიდეს დიდი თამარი, ის ღმერთთან წილნაყარია, თავის ოფლით და ამაგით
ხმელეთი დაუფარია.
მოიხსენიეს მხედარნი,
ვინც ველზე დარჩა მკვდარია.
არსადა მათთვის სამარე
და მიწა ზედა საფარია.
ყორნებს რო უთხრავ თვალები,
სვავთ მხრებით დაუფარია,
მაგრამ იმათი სახელი
დროთ-სვლას ვერ მოუპარია!
ხევისბრობს ბერი ლუხუმი,
ხმა-ტკბილად მოუბარია.
გმირთა ქებით და დიდებით
გული ვერ მოუფხანია.
VII
ყველა პურსა სჭამს, საუბრობს
ავსა თუ კარგსა მქუხარედ.
მარტო კვირია არა სჭამს,
სდგას ჯოხ-დაყრდნობით, მდუმარედ.
ჩასჩერებოდა მიწასა
ყელ-გადაგდებით, მჭუმუნვარედ.
რას ფიქობს ობოლ კვირია,
ამის გამგები ვინ არი?
არა მჟღავნდება გულიდამ
ფიქრები ამამდინარი.
- ობოლ კვირიავ, ძმობილო,
პურა შეჭამე ბატარა,
იქნებ შაგცივდა, ობოლო,
არაყათ შაჰსომ რად არა?
ჰა, ვაჟო, ცოტანი შასვენ,
არა, დაიჭი მათარა.
დღეს თუ რას შავსჭამთ, თორო ხვალ
ვისღა სცალიან საჭმელად,
ერთურთის საპატიჟოდა,
ტკბილის სიტყვების სათქმელად?
ამას ეტყოდენ მხედარნი
კვირიას მუდარებითა.
ახლა კვირიამ მიუგო
ოხვრით და მწუხარებითა:
- არა, კვირია გენაცვლოსთ,
სასმელს არ დავეკარები.
საჭმელსა, თუკი მშიოდეს,
აროდის დავეზარები.
წეღანის ხალი შევსჭამე,
გუდაშიც მიძე მრავალი.
თუ ვინ გინდარისთ, მიირთვით,
თუ ვის გაკლიათ საგძალი.
- იქნება ცუდ სიზმარ ჰნახე,
გულზე დაგაწვა ისაო? შაჰკითხა ბერმა ლუხუმმა,
ვადა უტაცა ხმლისაო.
- რა ჰნახე, ჩემო კვირიავ,
აგრემც მიტირებ ბერასა,
გვითხარ და ნუ დაგვიმალავ,
ლუხუმი მოგხდის წერასა.
კვირია
რა გაიგება სიზმრისა, მე მაინც გეტყვით ვერასა.
ლუხუმი
თუ არ გვიამბობ, კვირიავ,
ცამოგყრით დროშის ჭერასა,
სიზრის დამალვა გირჩევნავ
ამდენის ხალხის წყენასა?!
სთქვი წუხანდელი სიზმარი,
მითომ კი ჰხმარობ ენასა,
საპოხი უნდა, ობოლო,
მხედართა გულის კბენასა.
კვირია
გიამბობთ, თუ გიამებათ,
მე რაცა ვნახე, ეს არი,
დღე იყო მეტად მრისხანე,
ცა მოღრუბლული, მჭეხარი...
მივდივარ ტრიალს მინდორზე
თავ-მომწონარი მხედარი.
შავს ცხენზე ვიჯე, მიჰქროდა,
მეგონა, ვზივარ ქარზედა.
სამი დაენთო სანთელი
ჩემის ფრანგულის ტარზედა.
შუქი ციური ჯვარადა
გამომესახა ფარზედა.
მინდორი იყო ტრიალი,
არა რაი ჩნდა მაზედა,
ყოილი, ხშირი ყოილი
დაფენილიყო გზაზედა...
გავხედე, მინდვრად მოცურავს
შავი ვეშაპი ქშენითა,
ყოილთან მიწას მაჰლოკდა
ცეცხლის მსროლელის ენითა.
პირითაც ცეცხლი სდიოდა,
საზარელ იყო მეტადა.
მნახა, გულზვავად მომმართა,
ვუნდოდი დასაკვნეტადა.
პირი დააღო ვეება,
ჩასაყლაპავად მიტია,
მაგრამ ხმლითა ვეც, გავუპე
თავი, როგორაც ფიტია.
მოკლულმა შემომანთხია
ბოროტი სისხლი პირზედა.
ცხენი წამექცა, თვითონაც
მიწას დავეცი ძირზედა.
გონი წამსვლიყო.. გონთ მოვედ,
მეოცა სახილებელი:
ქვეშ მეგო თეთრი ლოგინი,
ტკბილადა საძინებელი,
გვერდს ეგდო ჩემივე ცხენი,
ცრემლითა სატირებელი;
თავს მედგა დიდი ჭანდარი,
სიცხეში საჩრდილებელი;
ზედ იჯდა ბერი ქედანი,
დამღუღუნებდა თავზედა.
მზეც ამობრწყინდა... მეჩვენა,
მნახა, გაბრუნდა წამზედა,
წითლად გაწირა ხოლოდა
ობოლი სხივი მთაზედა.
გაბრუნდა, თვალთ დამიბნელდა
და მიმეძინა მკლავზედა.
რა დაასრულა კვირიამ,
ჩაიკასკასა ტკბილადა.
ეწყინა ლუხუმს სიზმარი,
ცრემლები მოსდის წყვილადა:
- კეთილად ახდეს! - მაინც სთქვა
გულ-აჩუყებით, რბილადა.
VIII
სიზმრის თქმით ყველა ჩაფიქრდა,
დაბლა ჩაჰკიდა თავია...
გამოერკვივნენ მალევე,
გაჩნდა სხვა სანახავია:
ქვიშის ჩხრიალი მოისმა,
თან ფეხის ჩქამი ცხენისა...
ეს ვინ-ღა მოდის, ნეტარა,
ჩუმად, უძრავად ენისა?
დადუმდნენ, ზოგნი წამოდგნენ,
იქით მიაპყრეს თვალია...
თამამად, ვაჟკაცურადა
თავს წამოადგათ ქალია.
ცხენს იჯდა მამაცურადა,
წელთ თუმც არ ერტყა ხმალია;
ხელთ ეპყრა შუბი წვერ-მახვი,
მომისთვის მონაპარია.
უცხო ქალი
ხელ მოგიმართოსთ, მხედარნო!
მადლი ხატ-ღმერთის თქვენზედა!
გწყალობდესთ ლაშარის ჯვარი
გასულებს ბრძოლის ველზედა! ღიმილითა სთქვა ლელამა,
შუქი გამოჰხდა პირისა. საამურია საცქერად
ვარდზე ცვარები დილისა! ქალი ჰგავს სამოთხის ყვავილს,
ნარწყავსა უკვდავებითა;
ხორცშესხმულს სიყვარულსა ჰყავს,
აუწყველს უწყავებითა.
ლუხუმი (ლელას)
ვისი ხარ, შვილო, რას დახვალ?
მტრობა გგულავდეს იქნება?!
ლელა
სამოყვროდ მოველ, მამილამ,
თუკი უფალმაც ინება.
შანშეს ქალი ვარ ბაჩლითა,
მენაც თქვენს კვალზე დამდგარი;
ავად თუ კარგად, ღმერთმ იცის,
დედათ ჯარზეით ამდგარი.
ხოშარეული
ეს სწორედ მოჩვენებაა,
ეშმაკეული ხმა არი!..
ახლა რო ასდეგ, დიაცო,
ადგომის მიზეზ რა არი?
ლელა
სხვა არა მინდა, გენაცვლეთ,
თქვენს მტერს გულსა ჰხვდეს ლახვარი
და ჩაეყაროს უსურმაგს
ბოროტს თვალებში ნაცარი!
(ლაშქარში ჩოჩქოლი ისმის:
„ეს სადიური, რა არი?!“)
ვერ მიჰხვდით? პირდაპირ გეტყვით:
თათრებთან ომი მწადიან,
მინდა რო ჯავრი ვიყარო,
ბევრს რამ ავს საქმეს სჩადიან:
იკლებენ საქართველოსა,
ბუმბერაზობით დადიან.
რად გიკვირსთ, ფშაველ-ხევსურნო,
იქნებ მიწუნებთ ქალობით?
ჩემთ ძმათ ცხონებამ, გარგებდით,
ჩვენთა სალოცავთ წყალობით!
ხმლის ქნევით ვერ გაგაკვირვებთ,
ფარ-შუბის დაგელებითა,
მაგრამ ჩემს საცდელს მაინცა
ვეცდები გამგელებითა.
ნუ გავიწყდებათ, ბახტრიონს
ციხე სამ უდგათ მაგარი,
შიგითაც მოწყობილი აქვთ
სანგალ-საყუჩებ-საფარი;
კარებსა, მაგრამ დაკეტილს,
ათას მხრივ უნდა ჩაფარი.
ნეტავ იქ დედასთან მომკლა,
თათრებისაა საპყარი!
მაგ ძაღთ ძმათ სისხლიც მიმართებს,
უნდა ვიძიო იგია.
სისხლის აღება, ხომ იცით,
მუდამ წესი და რიგია.
ან უნდა თათრის ხმლით მოვკვდე,
მე თავი გადამიდვია.
ლუხუმი (ლელას)
მამა სადა გყავ, სულ-კრულო?
ქალს რადა გგზავნის ომშია?
რაკი არ გვიჭირს მხედარი
ამ სულის მხუთავ დროშია!
ხოშარეული (თავისთვინ)
დიაცს უყურეთ, სულელსა,
უნდა გეგვრეკოს ფონშია...
კაცჩი დედაკაცს რა უნდა?
რად არა ფიქრობს გონშია?
ლუხუმი (ლელას)
მაშ, არა თქვაა შანშემა,
ჩამეეშველოს ლაშქარსა?
მაშ, არ თუ ჰკაზმავს ლურჯასა,
ტანთ არ ისხამსა აბჯარსა?
ლელა
რაკი არ უნდა ბეჩავსა,
რაკი არ ერჯის გულია!
ლოგინშია წევს... საბრალოს
მრავალივა სჭირს წყლულია.
თქვენი პირის ქნა გაიგო,
ცა გაუწითდა სნეულსა,
მაგრამ რას იზამს, რო სული
ვეღარ ერევა სხეულსა.
აბჯარნი მიმატანინა,
შამაკაზვინა ცხენია;
ზედ შეჯდა, მაგრამ დასუსტდა,
დაბლავე გადმეერია.
თქვენს მტერს, რომ იმის ყოფნაა,
მე ვშველ, გვერდს უქცევ ხელითა;
მკლავშიაც ხომ სჭირს ნაჭრევი,
ვეღარ მუშაობს წელითა.
რა ეს სთქვა, ლელას ცრემლები
წამოუვიდა ხშირადა:
„ვინ იცის, იქნებ მამიკვდეს,
გამიხდეს დასატირადა!“
სუმელჯი (ლელას)
შენ, ჩემო დაო, გირჩევნავ,
მამასვე ჰყვანდე გვერდითა:
ამ წყალს მიაწვდი, ან წყლულებს
შაუხვევ ნაკუწებითა.
ჩვენაც ვეყოფით თათრებსა,
ჯავრს არ შეგაჭმევთ მტრისასა;
უერთოდ აღარ დავლახავთ
ბილიკებს ჩვენის მთისასა;
ჩვენ ვიძევთ სისხლსა, ნუ სწუხარ,
შენის დედის და ძმისასა.
ლაშქარი
სუმელჯიმ კარგი გირჩია,
წასვლა გირჩევნავ, ქალაო,
შენის ყოლით და არყოლით
არ გვიბედებს ძალაო.
ჩვენაც ვგვიანობთ, გზა გველის,
ეს საუბარიც კმარაო,
ზოგი ხო დღეს ვიუბენით,
ზოგის ვიუბნოთ ხვალაო.
ლუხუმი (ლელას)
ჩემს ძმას უთხროდი, შანშესა,
ყოჩაღად იყოს, ფხიანად,
ყველაად ვკმარვართ მტრისადა
სადავლოდა და ზიანად,
ლუხუმმა დამაბარაო,
კარგა უამბე, ჭკვიანად.
ლელა
როგორ წავიდე? ვერ წავალ;
სიზმრებსა ვსინჯავ ავებსა...
კაცი რამ მოდის კუპრივით,
დაათრევს კაცის თავებსა;
მოდის, წინ მიწყობს ღრეჭითა
ჩემთ ძმათ სისხლიანს მკლავებსა.
ის რო წავა და სხვა მოვა
დიაცი მზისა ფერია;
მეტყვის: უთხარ რამ, ლელაო,
ეგ არის თქვენი მტერია!
ამ ტანჯვაში ვარ სულ მუდამ,
ძილი არაა ჩემთვინა... ესა სთქვა განაცრებულმა,
ცრემლებიც ჩამეედინა.
ცხენი მოღრიჯა, გასწია,
ქვითინი გაჰყვა კვალადა;
წავიდა გულ-ჩათუთქვილი,
მივალის ძალის-ძალადა.
ქალის ქვითინსა მდუღარეს
მთანი იწერენ მკერდზედა;
ცრემლით ატირდნენ წყარონი,
ჩამომდინარნი გვერდზედა;
დაბერებულა პირიმზე,
კუზი ეტყობა წელზედა...
ოცნება ტანჯულის ქვეყნის
ქვითინებს მთისა წვერზედა.
IX
ღელეს ჩავიდა მწუხარე
ვარდი, ვარდის წყლით ნაბანი;
უძრავი ჰხურავ თავზედა
ყვავილიანი საბანი.
მოულოდნელი ხმა ესმის,
კაცის კივილი შორითა,
ჩამორბის, ჩამოუძახებს
კაცი ახადის გორითა:
- მოიცა, ქალო, და-ძმობას
ცოტას იარე წყნარადა.
რა გაქვითინებს, ბეჩავო,
იყავი უწყინარადა!
ლელა ჩამოხდა ცხენიდამ,
ცხენი მიაბა ხეზედა,
ჩამოჯდა დაღონებული,
შუბი დაიდვა გვერდზედა.
აგერ გამოჩნდა ისიცა,
ვისიც ესმოდა ძახილი,
ქალთან პირისპირ მივიდა,
ვით ამოწვდილი მახვილი.
კვირია
შენ და და მე ძმა, ლელაო!..
თუნდა მიმიღე მამადა.
ჩემს ესე დატევებასა
ნუ ჩამამართმევ ავადა.
მე კვირია ვარ, მიტირე,
თუშეთით მოსულ მზირია,
თუმცა კი თქვენის წყლისა ვარ,
ფშაური მიდგა ძირია,
გოგოლაურთა დისწული,
მათურელ გივის შვილია...
შენი პასუხი მესმოდა,
იქვე ლაშქარში ვერიე,
უფროსთა საუბარშია
მე ვეღარ ჩამოვერიე.
თუმც კი დამიჯდა ჭკვაშია
შენი გაყოლა თანაო...
აჩქამდნენ, იუკადრისეს
დიაცის წამოყვანაო.
რომ ხერხი ღონეს სჯობია,
ლაშქარი ფიქრობს განაო?
საცა ჰოს უნდა ამბობდენ,
იქ იძახიან: არაო!
როდი ფიქრობენ, - ბახტრიონს
ბევრი თათარი სტანაო;
ჯერ შასვლა არი საჭირო,
რო კაცმ იხმაროს დანაო.
საქმე ციხეა, უფრო კი
მაგარი ციხის კარები,
რომ ლაშქარს ჰქონდეს მტრისაკე
გზა, ლაღად გასატარები.
მე და შენ, დაო, ესრე ვქნათ,
მეც თავს არ ვზოგავ, იცოდე:
ჩვენ ჯარზე უწინ წავიდეთ,
შენაც ჩენთანა ხვიდოდე.
ჩვენ ორნი წავალთ ერთადა, მივმართოთ თათრის ბინასა;
მივესალმებით ყარაულს,
სხვებზე თავს მდგომს და წინასა.
თან ვეტყვი: ყეინს მოვართვი
ფეშქაშად ტურფა ქალიო;
გთხოვთ მანუგეშოთ მენაცა,
კაცი ვარ შესაწყალიო.
კარს გაგვიღებენ ციხისას,
მარჯვედ მოვხვდებით შიგითა.
შენ თუნდა ხელსაც ნუ გასძრავ,
ჩვენს ჯარს მე ვუშველ იქითა.
ჯარი ხვალამდე არ მოვა,
ჩვენ სრულ წინდაწინ ვიაროთ;
მზას ვიყვნეთ, ციხის კარითა
საქმე წაღმ დავატრიალოთ.
ცისკრის ხანს მოვა ლაშქარი,
ჩვენც იქ დავხვდებით მარჯვედა;
ვეცდები კარი გავუღო,
თუნდ დამკლან ციხის კარზედა.
შენ რაღას იტყვი ამაზე,
ვამბობ თუ არა ჭკვაზედა?
ლელა
მზადა ვარ, შენი ჭირიმე,
როგორც სჯობ, იცი უკედა;
მე კი გონება არ მიჭრის,
გამხდარს დარდ-ბოღმის ბუდედა.
მტრის ჯავრი გულში მიდგია
შავს ალაზანის გუბედა
ეგრ იყოს, როგორც შენ ამბობ,
უარს არ ვიტყვი მაგაზე,
ოღომც დააბას ჩვენმ ჯარმა
თათრები ვირის ბაგაზე.
იმოდენს როგორ არ შევძლებ,
რო დამკლან დედის კალთაზე...
ამ პირობაზე დამდგარნი,
ორნი გორი-გორ ჩადიან;
ოღომც ეშველოს ჩვენს ჯარსა, ორსვე სიკვდილი სწადიან.
X
ცამ გადიბანა პირიდამ
მური, ნაცხები ღრუბლისა,
გადაეფინა სამყაროს
ლოცვა-კურთხევა უფლისა.
შუქი დაეცა ლაშქარსა
მთების ბრწყინვალის შუბლისა.
ლაშარის გორზე წავიდა
ლაშქარი დროშის ჟღერითა.
„შადეგით“, ჰყვირის ლუხუმი
სამკლავიანის ხელითა:
„ვერა ჰნახეთა, ბატონი
წინ მიგვიძღვევა ცხენითა?!“
პირველი მხედარი
ვნახე, ცის ტატნად დავატყვე,
მთა გადალახა სწრაფადა;
გარს ევლო შუქი ბრწყინვალე,
ციდამ მოსული ძაფადა.
მეორე მხედარი
ლურჯს ცხენზე იჯდა, ლამაზი
სხივი თავს ედგა ღვთიური;
რო ვნახე, გულში ჩამიდგა
სიამოვნება ციური.
მესამე მხედარი
მე ტრედის-ფერად მეჩვენა,
სხივი მისდევდა მზიური;
შორს გაანათა ელვასებრ
ასი ბარული დღიური.
მეოთხე მხედარი
ჯერაცა ვხედავ, მივალის
ტურფა, სიტურფით ქსოილი;
ისრ ჰშვენის ცხენზე, ვით ველზე
გაზაფხულისა ყოილი.
ლაშქარი (ერთხმად)
იდიდოს შენი სახელი,
ჩვენო ბატონო, ძლიერო!
ჩაგვიძეღ, მოგდევთ ჩვენაცა,
საყმოს საშველად მშიერო!
ადიდე ლაშარის ჯვარი,
ცისა და ქვეყნის იერო!
ნეტავ, რა მტერი იქნება, -
ეხლა გაგვიძლოს, ბიჭებო,
ჩვენი კვალი ხარ დღეს შენა,
ლურჯაის დანაბიჯებო!
ლაშარის ჯვარის ცხენისა
ნატერფალია ელვარე;
აღტაცებულსა ლაშქარსა
გული გაჰხდია მღელვარე.
XI
იჟიჟრიბანდა, ცისკარი
სულს ჰლევს, თანდათან ჰქრებოდა, ნეტავი ყველა ლამაზსა
ესრე სიკვდილი ჰხვდებოდა!
დღეს მკვდარი, ხვალე დილითა
ცოცხალი წამოდგებოდა;
სრულის ჯანით და იერით
თვალებს წინ დამიდგებოდა.
ნეტავი ცეცხლი ციური,
ვისაც კი გულში ჰნთებია,
ჯერ არ გაუქრეს, თუ გაქრეს,
ისივაც ამოჰგზნებია!
მკვდარია უგრძნობი კაცი,
უსაზარლესი მკვდარზედა,
მით რომე სიცოცხლე უდგას
სალის ყინულის ტახტზედა.
არ ებრალება მოყვასი,
მის წინ რო აცვან ჯვარზედა.
ისე მოკვდება, ვერ შედგეს
ერთს წამს ტრფობისა მთაზედა.
შორს არის, მეტად შორს არის
დშორებული მაზედა.
ჭაობში არის ჩაფლული,
ვიცნობ მოწამლულს ხმაზედა.
საზარელია დადგომა
უგრძნობელობის გზაზედა.
XII
გადგიდენ ალაზნის თავსა,
მთების წვერები ჩნდებოდენ.
საცა გაჰხედავ, ყოველგან
გასაშტერონი დგებოდენ:
ზოგნი ცის გულ-მკერდს ჰკოცნიან,
ზოგნი უკანა რჩებოდენ;
იმათ ჩაუთქამ ქვეყანა,
ბუნების სისხლით ძღებოდენ;
ნამძინარევი დევები
ისევ ბურანში არიან,
ერთს ადგილას დგომით ტანჯულნი
შეჭირვებულან ძალიან.
მზე რომ მოვალის, მაშინის
შავს ნისლებს გადაიყრიან,
თუნდ მთლად ქვეყანა დაეცესთ,
აბჯართ არ ჩამაიყრიან.
გულ-მკერდს ერთმანეთს აბჯენენ,
წარბ-შეუხრელად მდგარნია,
წვანან ხმა-ამოუღებლად,
როგორც საფლავში მკდარნია.
ნეტავ ბუნების ქმნილება
სხვა მათ რა შაედარება,
მალ-მალე შავი ჯანღები
თავზე რომ დაეფარება?
ნისლი ფიქრია მთებისა,
იმათ კაცობის გვირგვინი.
მიყვარს შეუდრეკს მათს მკერდზე
ხშირის ბალახის ბიბინი,
ტიალის ობლის ნიავის
გულის მგმირავი სისინი.
არწივნი დაფარფაშობენ,
უფსკრულს ავლებენ თვალებსა,
მაღლიდამ ჩამოჰხარიან
თავისგან დახრულს ძვალებსა;
ლაღი შვილები მთებისა
ერთმანეთს ეძრახებიან;
ამ დროს ომში მყოფს გმირებსა
ტიალნი ემსგავსებიან.
უყვარსთ, რო ჰხედვენ ერთურთსა,
იმიტომ ეხასებიან!
ლაშქრისა გულიც აივსო
სიამოვნებით სრულითა,
ყველა დაჰხედავს კახეთსა
ათრთოლებულისა გულითა.
XIII
ლაშქარი შედგა ცოტა ხანს,
ხმა გამოისმის კითხვისა:
„კაცნო, კვირია რა გვექნა?“
ყველა ამასა სჩივისა.
ენთება ხოშარეული,
როგორაც ბურდო თივისა.
ხოშარეული
იფიქრეთ, ფშაველ-ხევსურნო,
ეგრე არ გარგებთ ტარება,
მზირმა მზირობა არ გვიყოს,
თავს არ მოგვხვიოს წვალება.
ვინ იცის, ნათრევ კაცია,
არ იყოს ღალატიანი,
დუშმანი არ გაგვიფრთხილოს,
საქმე ქნას ნახლართიანი.
ლაშქარი
რა გაიგება, იქნება
ბრიყვმა გაგვყიდოს ფულზედა,
ფიცი გატეხოს უსირცხვოდ,
ხელი აიღოს რჯულზედა,
ცოცხლად დაგვმარხოს, თვითონვე
მიწა გვაყაროს გულზედა.
ლუხუმი
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბახტრიონი - 2
  • Parts
  • ბახტრიონი - 1
    Total number of words is 3372
    Total number of unique words is 2370
    16.6 of words are in the 2000 most common words
    23.8 of words are in the 5000 most common words
    28.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბახტრიონი - 2
    Total number of words is 1331
    Total number of unique words is 1065
    20.1 of words are in the 2000 most common words
    27.3 of words are in the 5000 most common words
    31.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.