Latin
Total number of words is 3657
Total number of unique words is 1931
28.8 of words are in the 2000 most common words
40.2 of words are in the 5000 most common words
46.2 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
თქვენ დღეს ხატზე დაიფიცეთ და მორჩილება გამოთქვით. სათემო ხატი
რისხავდეს, ვინც ეს ფიცი გატეხოს!»
_ ამინ! _ დაიძახეს ჩოხლებმა.
_ ამინ! _ თქვა ბათილამ.
_ თქვენც თქვით, ქალბატონო, _ ძალა დაატანეს ავადმყოფს.
_ ამინ! _ ამოიკნავლა იმანაც.
სებამ ზარები დარეკა. ბანიდან დროშა ჩამოვხსენით და ხოზისაკენ გავუდექით
გზას. ხოზამდე იგივე მანძილია, რაც ჩობოლაურიდან ლიდამდე.
სოფელს ზემო მხარეს ტყე აკრავს, ხოლო წინ დიდი მინდორია გაშლილი.
მთავარსარდალმა მზვერავები გაგზავნა და იმათ ამბავი მოიტანეს, ერთი მოხუცი
ქალი სულს ებრძვის და წუთიწუთზე სიკვდილს ელოდება ხოზაშიო.
_ როგორ თუ ელოდება! _ გაბრაზდა სარდალი, _ სასწრაფოდ შეტევაზე და, რაც
შეიძლება, ვიჩქაროთ, რომ ამ კაცმა საქმე არ ჩაგვიშალოს.
სოფლისათვის ალყა აღარ შემოგვირტყამს და სულ რაღაც ხუთ წუთში ჩვენი
დროშა აფრიალდა ხოზის მაღალ ბანზე.
_ სად არის მომაკვდავი? _ უყვირა ხოზელებს მთავარსარდალმა.
_ აქ არის, _ აჩვენეს იმათ.
_ აბა, ექიმო, ჩვენ აქ ყოფნამდე არაფერი მოუვიდეს ამას, თორემ.. _ გააფრთხილა
ზინაი ვაჟი გოგიმ.
_ დაიჩოქეთ! _ ბრძანა დეკანოზმა და მოლაშქრეებმა თოფები შეაყენეს. იმათაც
დაიჩოქეს და დეკანოზმა მორჩილებაზე დააფიცა. სულ პირველად მომაკვდავი
დააფიცეს, ის უფრო სასწრაფო იყო. ექიმმა გონზე მოიყვანა მომაკვდავი და დაიწყეს
მისი ფილოსოფიური დაკითხვა.
სული და ხორცი
(ფილოსოფოსის რვეულიდან)
_ სახელი და გვარი.
_ თამარ ხოზელი (მომაკვდავი).
_ რამდენი წელი გინდა სიცოცხლე?
_ რამდენსაც შევძლებდი. ადამიანმა იქამდე უნდა იცოცხლოს, მანამდე თავის
ზიდვა შეუძლია. კაცმა სხო არ უნდა დააღონოს თავის სიცოცხლით.
_ მეორედ მოვლენ თუ არა მკვდრები?
_ შენი მტერი მოვიდეს, როგორც ესენი მოვლენ. მოგონილია, მოგონილია ისაცა,
ვითომა სულნი არიანო, როგორც სიზმარშიო. სუ ტყუილია, მოკვდა კაცი და იქცევა
მიწად. აღარც სული იარსებებს.
_ სულიც მიწაში წაჰყვება ხორცს?
_ არა, როგორც კი ტიკი გაჰბერო და მერე გამოუშვა, აეგე ამუვა სული კაცს და
ჰაერში წავა.
_ ჰაერში ვერ იარსებებს?
_ აბა რას იარსებებს. წავა და ჰაერად იქცევა.
_ ღმერთი არსებობს?
_ არ ვიცი. ვერც იმას ვიტყვი, ვერც ამას.
_ რა აიძულებს კაცს თვითმკვლელობას?
_ ერთი ის, რო აღარ შეუძლია, საქმე აწუხებს, მეორე, _ მწარე სიცოცხლე, ზოგს
კიდევ ეშმაკი დაადგება თავზე და ის აბედვინებს თავის მოკვლას. მერე იმის სული
ეშმაკთ რჩება, ეშმაკად იქცევა იმის სული.
_ ეშმაკები სად არიან?
_ კლდეში. მე ვიხილე, ანთებენ ღამე ცეცხლსა. ეხლა ხალხი იქცა ეშმაკადა.
_ ინატრებ რამეს?
_ არა.
_ რატომ?
_ დამაცა, ამოვისუნთქო..
ქალმა ამოისუნთქა და გათავდა.
მეშვიდე თაობა
( მოთხრობა მწერლის რვეულიდან)
ის ქალი, რომელიც ეს ეს არის მიიცვალა, ასპანიანთ გვარის უკანასკნელი
წარმომადგენელი იყო. რატომ ჰქონდათ ქართველებს წყევლაში, შვიდი თაობის მერე
გაწყდიო, არ ვიცი, ყოველთვის კი ასე იყო. იშვიათად შესწყევლიდნენ გვარს,
გაწყდიო და თუ შესწყევლიდნენ, ყოველთვის ასე:
_ მეშვიდე თაობაზედამც გაწყდება შენი გვარი. ასეა თუ ისე, შვიდი შემთხვევითი
რიცხვი არ არის.
სწორედ ამ ქალის წინაპარი, შვიდი თაობის იქით, გუდამაყარში საქვეყნოდ
განთქმული და მტრიანი ვაჟკაცის, კვირია ხარხელაურის ძმადნაფიცი იყო. კვირია
არავის ენდობოდა, გარდა ასპანიანთ ბუთულაისა, იმას აპარსვინებდა ხოლმე წვერს
ხმლით. არასოდეს იარაღს არ იხსნიდა კვირიაი.
იმისმა მტრებმა ბუთულაი მოისყიდეს და ერთხელაც, როცა კვირიას პირს
პარსავდა, გამოუსვა ყელში ხმალი და გააგდებინა თავი. მიგორავდა ნახევრად
წვერმოპარსული კვირიაის თავი დედამიწაზე და ეძახდა ბუთულას:
_ შვიდი თაობას ქალებზე ჩამაილიოს შენი გვარი და მერე გასწყდითო.
სიტყვა, რომელიც დეკანოზმა წარმოთქვა
(მემატიანის რვეულიდან)
_ ღრმა მწუხარებას განვიცდით, ასეთ გაჭირვებაში რომ გხედავთ. ვიზიარებთ
თქვენს მწუხარებას, მით უმეტეს, ეხლა უფრო, როცა ერთხელ კიდევ დაგვიფიცეთ
მორჩილებაზე. მოკვდა _ ასე იტყვიან მაგათ გვარზე. ჩვენ კი ვაგრძელებთ გვარებს და
რაც შეიძლება მეტი სიახლოვე და მხარდაჭერა გვმართებს. თუ რამე გაგიჭირდეთ,
ჩვენ გვითხარით. განსვენებულს კაკლის კუბო გაუკეთეთ. კაკლები, საერთოდ, მარტო
სამასალედ არის კარგი.
სათემო ხატი გაუწყრეს, ვინც ფიცი გატეხოს!
_ ამინ! _ დაიგუგუნეს ჩოხლებმა.
_ ამინ! _ თქვეს ხოზლებმა.
_ ჩამოხსენით დროშა! _ ბრძანა დეკანოზმა და მეზარემ ზარები აახმიანა.
მთავარსარდალმა წასვლის ნიშანი მოგვცა, ჩვენ უხმოდ გავედით სოფლიდან. ამით
პატივი ვეცით მათ. ხომ უნდა იცოდნენ, რომ კულტურული და შეგნებული თემი
ვართ.
მცირე საიდუმლო
(საიდუმლო დავალებათა რვეულიდან)
დღეს მზვერავებმა ამბავი მოიტანეს. საზღვაო ნაწილს ერთ ადგილზე დატბორილი
არაგვი უნახავს, ტბორი, თურმე, კალმახით არის სავსე. დღესვე საიდუმლოდ გაიცა
განკარგულება, რომ შენიღბონ თოვლით ის ადგილი და დროდადრო ლაშქარი იმ
კალმახით მომარაგდეს.
ცუცქუნაურნი
(მემატიანის რვეულიდან)
ხევი გავიარეთ და მთავარსარდალმა ლაშქარს შეჩერება უბრძანა. უკვე შუადღეა.
საქმე კარგად მიდის. ელენამ სუფრა გაშალა. ცეცხლი დავანთეთ და მზვერავების
მიერ მოტანილი კალმახი შევწვით. აქედან ცუცქუნაურამდე ერთი კილომეტრია.
თივის ზვინები ჩანს. აქა იქ კვამლი ამოდის. მზვერავები დასაზვერად წავიდნენ.
მზვერავები
მობრუნდნენ
და
მთავარსარდალს
მოახსენეს,
რომ
სოფელი
დედაკაცებით არის სავსე. მთავარსარდალმა მადლობა გადაუხადა და მწერალს
უბრძანა, დაეწერა ბრძანება მზვერავების დაჯილდოების შესახებ.
სუფრა ავალაგეთ და საბრძოლოდ დავიძარით. სოფელს სწრაფად მივუახლოვდით
და სულ მალე ალყაში მოვიმწყვდიეთ. ჯერ მყვირალები შეცვივდნენ საშინელი
კივილ ჭყივილით, მერე ქვეითები მიჰყვნენ, თოფოსნებმა თოფები დაცალეს.
ფილოსოფოს ისტორიკოს მწერლებიც მივყევით მთავარსარდალს. მოვიარეთ მთელი
სოფელი, მაგრამ კაციშვილს ვერ წავაწყდით.
მთავარსარდალმა მზვერავებს უხმო:
_ აკი სოფელი დედაკაცებით სავსეაო?
_ სათემო ხატსა ვფიცავთ!
_ მერე, მერე და, სად არიან თუ იყვნენ?!
_ იყვნენ და..
_ დაგინახათ ვინმემ?
_ მგონი, არა.
_ სუსტად მუშაობთ. გააუქმე ბრძანება ამათი დაჯილდოების შესახებ! _ უბრძანა
მთავარსარდალმა მწერალს.
_ არის! _ თქვა მწერალმა და ბრძანება გადახია.
_ ეტყობა, ამათი დაზვერვა კარგად მუშაობს, _ თავი გააძეძა მთავარსარდალმა.
_ დროშა გამოვკიდოთ? _ ჰკითხეს ვაჟი გოგის.
_ არა. ჯერ არა, სირცხვილი არ ვჭამოთ, ჯერ ხომ არ ვიცით, რას გვიპირებენ.
გაამაგრეთ ალყა.
_ გირჩევნიათ, გამოჩნდეთ, თორემ დამალვისთვის ცეცხლს მივცემთ თქვენს
სოფელს! _ ოთხივე მხარეზე გასძახეს მყვირალებმა.
_ ხუთამდე გაძლევთ ვადას, _ დაიძახა სარდალმა, ჯოხის ერთ ბოლოს თივა
გამოაბა, ცეცხლი მოუკიდა, თივის ზვინთან დადგა და დაიწყო დათვლა:
_ ერთი.. ორი.. სამი.. ოთხი..
რას სჩადით, მართლა არ დაგვღუპოთ!
დაიძახა ვიღაც დედაკაცმა და თივის ზვინიდან გამოძვრა. თან ოცამდე დედაკაცი
გამოჰყვა იქიდანვე.
_ ხედავ?! აი სტრატეგია! _ გაიკვირვა მთავარსრდალმა და თივის ზვინში შეიხედა.
_ ხელები მაღლა! _ დაიყვირეს თოფოსნებმა და ჩახმახი შეაყენეს.
დედაკაცებმა ხელები ასწიეს.
_ დაიჩოქეთ!
იმათ დაიჩოქეს.
_ დაიფიცეთ ამ სათემო ხატზე, რომ დღეის მერე არც დაგვემალებით, ქალებსაც
მოგვათხოვებთ საქმის გაუჭიანურებლად და კიდევ სხვა რამესაც შეგვისრულებთ! _
უბრძანა დეკანოზმა და მორიგეობით დააფიცა ხატზე.
მაღალ ბანზე ჩვენი დროშა აფრიალდა.
დაიწყო ფილოსოფიური დაკითხვა.
წერამწერალი
(ფილოსოფოსის რვეულიდან)
_ გვარი და სახელი.
_ ცუცქუნაური ელისო მიხას ასული.
_ რამდენი წლისა ხარ?
_ მესამოცეში ვდგავარ.
_ შენი აზრით, რა არის სიცოცხლე?
_ მე არაფერი არ ვიცი რა, კაცო, გამანებე თავი!
_ მაინც რატომა ვართ?
_ ღმერთს დაუწერია, როგორ რატო. ღმერთმა ჩაგვიბერა სული და ღმერთი
ამოგვაძრობს ისევ სულსა.
_ რა მიზნით? რა აზრი ავქს ან ჩაბერვას, ან ამობერვას თუ ამოძრობას?
_ ღმერთია სუყველაში.
_ ყველაზე კარგი დღე, შენი გავლილი დღეებიდან.
_ ვერა, ვერ მოვიგონებ.
_ თუ შეშინებულხარ სადმე, ისე რომ დღესაც გახსოვს?
_ ბუსარჭილიდან მოვდიოდი ღამე და წკნავილით რამ დამყვა. მე და ძალუაი
ვიყავით როგორც კატაო ისე მოგვწკნაოდა. ეგ არ დამავიწყდება, სანამ ცოცხალი ვარ.
_ რა თქვეს, რა იყოო.
_ ეშმაკიო.
_ რატო არ გეჩვენა?
_ არ მეჩვენა, რავი, შეიძლება მჩვენებოდა, მაგრამ ესე მითხრა ძალუამ, უკან არ
მიიხედო, ხუმრობა საქმე არ არიო.
_ სხვებსაც უნახავს?
_ რო მიიხედავს, ზოგს ეჩვენება.
_ სიკვდილისა გეშინია?
_ რატო მეშინია?!
_ რატომ არა?
_ იმიტომა რომა, სიკვდილი ვალია, უნდა მოიხადოს კაცმა თავისი ვალი.
_ რო მაიხდი, მერე სად წახვალ.
_ შავეთში, აბა სად წავალ, ჩემ წილ სამარეს ამოვავსებ.
მამამთილის სამართალი
(მოთხრობა მწერლის რვეულიდან)
მართაი ცუცქუნაური სოფელ კიტოხში იყო გათხოვილი. ზაფხულში იქორწინა
მართამ და შემოდგომაზე ცხვარში წავიდა იმისი ქმარი. სხვა მეცხვარეებიც ცხვარში
წავიდნენ. სოფელში მარტო ხეიბარი კაცები, მოხუცები და ქალ ბალღებიღა დარჩნენ.
ზამთარია.
თოვს.
მართაის
მამამთილი
ფანჯრიდან
გაჰყურებს
თოვას.
ოთხმოცდამეათე თოვლის მოსვლას შეესწრო წელს. ერთი კვირის წინ იმათმა ძროხამ
პირველი ხბო მოიგო.
_ ადრე ბალღებს კლავდნენ, _ თქვა მოხუცმა.
_ ჩუმად, ბალღებმა არ გაიგონონ, _ აფრთხილებს რძალი და მეზობლის ბალღებზე
ანიშნებს. ისინი ყურადღებით შესცქერიან მოხუცს.
_ გაიგონონ, მერე რა, განა ეხლაც ხო არ ვკლავთ ბალღებს.
_ ვინა კლავდა, პაპავ?
_ თავის პატრონები.
_ რატო კლავდნენ?
_ პირველად რომ ბალღი გაჩნდებოდა, ის ხატში უნდა დაეკლათ.
_ ეხლა?
_ ეხლა აღარა კლავენ. პირველგაჩენილ ბოჩოლებსა კლავენ იმათ მაგიერ.
_ ჩვენ როდის დავკლათ? ჰკითხა რძალმა.
_ თორმეტი დღისა რომ გახდება მერე, მანამდე არ შეიძლება.
_ ხვალ გახდება.
_ გადადი ნინიასთან და სთხოვე თავი მოგიჭრას, დიდი თოვლია, მე ვერ ამოვალ
იქამდე.
მართაი ნინიასთან გადავიდა. ნინიამ პირობა მისცა, წაიყვანე ბოჩოლაი ხვალ
ხატში და ამოვალო. ხატი სოფლის მაღლა არის, მთის წვერზე.
მეორე დილა გათენდა. თოვს. თეთრია ყველაფერი. მართას ძლივს მიჰყავს
აღმართზე ხბო. ხანდახან ფეხი უსხლტება და ორივენი ეცემიან. მერე ხბოს ეტყობა,
აღარ შეეძლო მეტი, წინა ფეხები ჩაიკეცა და ენის წვერით ფეხი აულოკა ქალს. იმან
ზურგზე მოიკიდა და ისე ატარა მთის წვერამდე.
მთის წვერზე სალოცავი ნიშია აშენებული.
მართამ ხბო დაბლა დასვა და რატომღაც გააჟრჟოლა. «კიდევ კარგი, ხბო ამოვიყვანე
დასაკლავად და ბალღი არაო», _ გაიფიქრა.
ისევ თოვს.
თოვს.
ხბო საცოდავად მოიბუზა.
გავიდა კარგა ხანი, ნინიაი არ გამოჩნდა.
ხბოს ეტყობა, მოშივდა, დაიბღავლა. მერე ქალს ხელები აულოკა პატარა ენით.
დიდხანს იცდიდა ქალი. ნინიაი მაინც არ გამოჩნდა.
ქალმა იცოდა, რომ ხატში მიყვანილი ხბო უკან არაფრით არ უნდა წაეყვანა და
იცდიდა.
თანდათან შემობინდდა.
გაღმა გორზე მგელმა დაიყმუვლა. ჯერ ერთმა, მერე გამოღმიდანაც მისცა
რამდენიმემ ხმა. ქალმა იცოდა, რომ არ უნდა წაეყვანა ხბო უკან და თან არც ნინიაი
ჩანდა.
უფრო ჩამოიბურა. მგლებმაც მოუხშირეს ყმუილს.
ქალმა სანთელი აანთო, დაილოცა, ხბოს შუბლი შეუტრუსა და სანთლები
სალოცავის კედელზე მიაკრა.
დანა არ ჰქონდა. კედლიდან თოვლი გადახვეტა და ბასრპირიანი სიპი ქვა
ამოარჩია.
წამოაქცია ხბო და გამოუსვა ყელში სიპი.
ხბომ დაიბღავლა.
თეთრ თოვლში თბილად ჩხრიალებდა სისხლი.
მოჭრილი თავი იქვე დატოვა, დანარჩენი მოიკიდა და სირბილით დაეშვა
სოფლისაკენ.
უკან მგლების ყმუილი მისდევდა და ზურგს უხვრეტდა.
_ სადა ხარ აქამდე? _ ჰკითხა მამამთილმა ეჭვით.
_ არ ამოვიდა..
_ მაშ თავი ვინ მოგიჭრა?
_ მე.
_ სანთელიც შენ აანთე?
_ ჰო.
_ თავი რით მოსჭერი?
_ სიპით.
_ წადი!
_ სად?
_ ჩემ სახლში არ დავინახო შენი ფეხი.
მგლები ურო ხმამაღლა აყმუვლდნენ.
_ მაშ უკან ხომ არ წმოვიყვანდი, დაკანონებული ეგეა და..
_ დაკანონებული ისიც იყო, ბალღებს რომ თავებს აჭრიდნენ. წადი, ჯერ ბოჩოლაის
თავი ჩამაიტანე, ხატი არ შელახოს შენმა მოჭრილმა, მერე სახლში წადი.
_ პირდაპირ სახლში წავალ.
_ ჯერ თავი ჩამაიტანე.
_ იქ მგლები არიან.
_ ნუ გეშინია, მგლები შენ ვერას გიზამენ.
_ მეშინია.
_ მე გეუბნები!
მართაი ადგა და ხატისაკენ წავიდა. უკვე საკმაოდ ჩამობნელდა. ძლივს მიაგნო
სალოცავს. მგლები აღარ ყმუოდნენ. სანთლებიც ჩამწვარიყო. ხელების ფათურით
თავს დაუწყო ძებნა. რამდენიმე ძვალიღა შერჩა ხელში. ადგილზე გაიყინა. ასე
ეგონა, სისხლი გაუჩერდა და ყინულად ექცა. მერე რაღაც მძიმე და თბილი დაეცა
ზურგზე და რატომღაც წეღანდელმა სურათმა გაუელვა თვალებში ხბოს სისხლი
თბილად ჩხრიალებდა თეთრ თოვლში.. ბოლოს ისღა იგრძნო, რომ რაღაც არსებები
მის სხეულს ერთმანეთს ეცილებოდნენ..
მართაი ცუცქუნაურთიდან იყო.. სხეულები კი საერთოდ ეცილებიან ერთიმეორეს
არსებობაში.
დეკანოზის სიტყვა
(მემატიანის რვეულიდან)
მზე ჩასასვლელად გადაიხარა და ცუცქუნაურთიდან კოტორიანთ მიმართულებით
დავიძარით. ჯერჯერობით ყველა მოლაშქრე ადგილზეა. საზღვაო ნაწილიდანაც
კარგი ამბები ისმის. ჰაერიდან არაფრის გვეშინია, ჩვენმა მთავარსარდალმა ჰაერში
ბრძოლა და იქაური ამბები ზეპირად იცის. კოტორიანთამდე ორი ვერსია. ვჩქარობთ,
მაგრამ ეს რა ხდება? დეკანოზმა ჯარი შეაჩერებინა მთავარსარდალს.
_ რა მოხდა?
_ სიტყვა დამავიწყდა, _ თქვა დეკანოზმა, _ მოაბრუნეთ ჯარი!
_ გვაგვიანდება, დაღამებამდე როგორმე კოტორიანთი უნდა ავიღოთ.
_ არ შეიძლება, მოკლედ მოვუჭრი და წამოვალთ, _ გაჯიუტდა დეკანოზი.
ვაჟი გოგიმ მზვერავები გაგზავნა კოტორიანთას და ჯარი ისევ ცუცქუნაურისაკენ
შემოაბრუნა.
ცუცქუნაურთ დედაკაცები ისევ სამალავში შეიმალნენ.
_ გამოვრეკო? _ ჰკითხა დეკანოზს სარდალმა.
_ არა, ნუ შეწუხდები, იქაც გაიგონებენ.
_ ჩვენი ხმა გესმით? _ შესძახა ვაჟი გოგიმ დედაკაცებს.
_ გვესმის! გვესმის! _ გამოსძახეს იმათ.
_ აბა, სიწყნარე იყოს!
დეკანოზმა სიტყვა თქვა:
«ქალებო და დედაკაცებო! ცუცქუნაურებო! არ იფიქროთ, რომ თავს დაგესხით, ეს
ისე, მეგობრობა გვწადია თქვენთან. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. იმას რა სჯობია,
მთელი გუდამაყრის ხეობა ერთად რომ ვიყვეთ. ავაშენოთ ერი დიდი სახლი და
ვიცხოვროთ შიგ. პროექტი უკვე შედგენილი გვაქვს. რო იოდეთ, როგორი სასადილო
გვექნება, დღესვე დაჭრიდით ამ თქვენ თხილ კაკლებს. მასალა არის აშენბისთვის
საჭირო, მასალა! თქვენიც არის ის სახლი, განა მარტო ჩვენია. ჩვენ ხომ მეგობრები
ვართ, ჰოდა, უნდა დაგვიჯეროთ კიდეც, ქალი უნდა მოგვცეთ და კაკალიც,
სხვანაირად გარეშე მტერს ვერ გავუმკლავდებით. დაგვიჯერებთ?
_ დაგიჯერებთ! დაგიჯერებთ! _ გამოსძახეს დედაკაცებმა.
_ უჩვენოდ არაფერი გადასწყვიტოთ მანდ!
_ არა, არა!
_ აბა, მეგობრებო, ნახვამდის! სათემო ხატი გაუწყრეს, ვინც ფიცი გატეხოს.
_ ამინ! _ დაიგუგუნა ჯარმა.
_ ამინ! _ გამოსძახეს დედაკაცებმა თივის გულიდან.
ჩვენ ისევ კოტორიანთაკენ ავიღეთ გეზი. გზაში მზვერავები შეგვხვდნენ და
მთავარსარდალს მოახსენეს, კოტორიანთას ერთი მოხუცი კაცია და ხუთიც
დედაკაციო.
_ დამალული რაზმი ხომ არსადა ჰყავთ?
_ არა, გულდაგულ გადავათვალიერეთ.
_ არა სცდებით?
_ არა, _ სთქვეს მზვერავებმა.
_ დაწერე ბრძანება ამათ დაჯილდოების შესახებ, _ მიუბრუნდა ვაჟი გოგი
მწერალს.
_ არის! _ თქვა მწერალმა.
_ ჩვენ ელვის სისწრაფით წავედით წინ. მზის ჩასვლამდე როგორმე უნდა
მოვასწროთ
კოტორიანთ
აღება
და
სრული
დამორჩილება.
დამორჩილებაში
ვგულისხმობ ფილოსოფიურ გამოკითხვებსაც. თუ ეს მეხუთე სოფელიც ავიღეთ,
მაშინ
ვიტყვი,
რომ
ჩვენი
მთავარსარდალი
უდავოდ
დიდი
ნიჭით
არის
დაჯილდოებული. დღემდე მსოფლიოს არ ახსოვს არც ერთი სარდალი, ერთ დღეში
ხუთი ქვეყანა რომ აეღოს. მართალია, ჩვენ სოფლები ავიღეთ ქვეყნების მაგიერ,
მაგრამ, რიცხობრივად თუ შევადარებთ ჩვენი ჯარის და დანარჩენი სარდლობის
რაოდენობას, გამოდის, რომ ჩვენც ქვეყანა აგვიღია, მერე როგორ, ჯერ წვეთი სისხლი
არ დაგვიღვრია და ყველა ქედს იხრის ჩვენს წინაშე, ყველა მონურ მორჩილებას
გვპირდება. რა კარგა მოვიგონეთ ეს სათემო ხატი და ფილოსოფიური გამოკითხვები!
სათემო ხატით ვაზავებთ და ვზარავთ, ფილოსოფიით ვაბნევთ.
ხუთი ქვეყანა ერთ დღეში.. თუმცა ჯერ მეხუთე არ აგვიღია და აი, მოვსულვართ
კიდეც. ჯარისკაცები სოფელს ალყას არტყამენ, მყვირალები სოფელში შერბიან არევ
დარევის შესატანად. მედროშე მაღალ ბანზე გარბის. ჩქარა! ჩქარა, თორემ მზე ჩადის
და მერე აღარ გამოჩნდება დროშის ბრჭყვიალება. მზის ჩასვლის შემდეგ გამარჯვებას
რა ფასი აქვს.
მეთოფეებმა თოფები დაცალეს. ქვეითები სოფელში შედიან. ყველაფერი რიგზეა.
სახლებიდნ გამოჰყავთ დამარცხებულები და სათემო ხატთან იჩოქებენ. ისინი
მორიგეობით გვპირდებიან მორჩილებას.
მზე სადაცაა ჩავა.
ასეთი მთავარსარდალი, მართლა არ ახსოვს მსოფლიოს. დროა, დრო! იწყება
ფილოსოფიური დაკითხვა.
სიყვარული და სიცოცხლე
(ფილოსოფოსის რვეულიდან)
_ გვარი და სახელი.
_ ვასილი კოტორაშვილი.
_ რამდენი წლისა ხარ?
_ სამოცდამეთექვსმეტეში ვდგავარ.
_ რა ურო ძლიერია, სიყვარული თუ სიცოცხლე?
_ სიცოცხლე დიაღაცა. თუ ცოცხალია კაცი, ჯერ სიცოცხლეა კარგი და მერე
სიყვარული.
_ რა არის სიცოცხლე?
_ სიცოცხლე ის არის რომ, თოლებს ვახილებთ და ვხილულობთ მზეს, მთორეს.
_ სიბერისა გეშინია?
_ მე არ მეშინია, მაგრამ მუხლებს ეშინია. მე ის მგონია, გუშინ თუ გავჩნდი მეთქი.
_ სიკვდილისა?
_ არ მეშინია.
_ რატო?
_ არ ვიცი, ალბათ ისეთი გული მამცა რამანმე, რომ არ მეშინია. კაცი რო ავად არის
და უნდა მოკვდეს, ისევ ის ჰგონია, არ მოვკვდებიო.
_ რისა უფრო გეშინია?
_ არაფრისა არ მეშინია, გაჯინთული ვარ. არ ვიცი, როდის მოვკვდები და, აბა, რა
მაშინებს.
_ მიწა უფრო გიყვარს, თუ ჰაერი?
_ ჰაერი, ჰაერი რო არ იყვეს, მაშინ კაცი არც იცოცხლებდა, მიწა რაღას უშველიდა.
მიწა რო არ იყვეს, მაშინ ჰაერი რაღას უშველიდა?
_ ეგ სწორია, მაშინ სუ დავიღუპებოდით.
_ როგორ გგონია, სულ იქნება ეს დედამიწა?
_ მაშ სად წავა, იქნება და იქნება..
_ დიდი ომი რომ მოხდეს?
_ მაინც დარჩება და მაინცა. ზღვა რომ გადმოვარდნილა, მაშინ წყალმა სამჯერ
მოუსვა ცას ქაფიო, მაინც არის დღეს დედამიწა.
_ ღმერთი ადამიანშია თუ გარეთ?
_ აბა რა ვიცი, არის რამ კიდო თორე, რამ გააჩინა ეს ქოყნიერობა. ეს მზე თორე და
აი, ეს ხალხი. იქნებ ჩვენა ვართ ღმერთები?
_ რას ამბობ? ეგ რამ გათქმევინა?!
_ ადმიანს როცა ეყრება სული, სად მიდის?
_ არსად. კაცი როცა მოკვდება, დაიკარგება.
_ მაშ უაზრობა ყოფილა აქ ყოფნა. რაში დასჭირდა ეს ღმერთს?
_ ვლოცულობთ და იმად.
_ მარტო მაგიტომ?
_ აბა მაშ?
_ მაგით რა ერგება ღმერთსა?
_ არაფერი. იმან მე უნდა მიშველოს, ჩემი შველა რად უნდა იმასა.
_ ჩვენ რაღა შველა გვინდა, თუ სიცოცხლის მერე აღარ ვიარსებებთ.
_ მანამ ცოცხლები ვართ, ხომ გვინდა კარგად ვიყვნეთ.
_ აი იმ კარგა ყონას რა თავშიღა ვიხლით, თუ მერე აღარცა ვიარსებებთ.
_ აბა, რა ვიცი, სულ ხომ არ ვიქნებით, არა?
_ მაშინ რაღა აზრი აქვს, ერთი წელი ვიქნებით თუ ასი.
_ სად ერთი წელი და სად ასი..
_ ასი წელი იცოცხლე და მერე სულ დაიკარგე, ეგ რაღა არის?
_ მართლა მაინც ცოცხლობდეს სული. არა, არა, მე მგონი, იქნება რამე იქ. სიზმარი
აკი არის? აქა ვარ და იქა ვარ.. სული არ წავიდა, მა რა არის?!
_ ბოროტება უნდა იყვეს თუ არა?
_ მაშ, აბა, როგორ, სიკეთეს უიმისოდ ფასი აღარ ექნებოდა.
_ ყველაზე კარგს რას ეძახი ადამიანის ცხოვრებაში?
_ ჯეელი რომ ხარ და ვიღაც გიყვარს. მერე თუ იმასთან კარგ დღესა და კარგ
წუთისოფელს ჩამოლევ, ის არის ყველაზე კარგი.
_ ძალიან მაგრა რომ გაგჭირვებიყო, თავს მოიკლავდი?
_ არა! არ მოვიკლავდი თავსა, რას ამბობ?!
მეთევზე
(საიდუმლო დავალებათა რვეულიდან)
ჩვენ 6 თებერვალს ღამის გათევა კოტორიანთას გადავწყვიტეთ. ამის შესახებ ჯერ
არავინ არაფერი იცის. მზვერავები გავგზავნეთ საზღვაო ნაწილში და იმათაც
შევატყობინეთ ჩვენი ადგილსამყოფელი. იმათ გათოკილი კაცი მოიყვანეს. საზღვაო
ნაწილს დაუჭერია არაგვის პირას.
ვიდრე დაკითხვას დავიწყებდით, ჩვენმა მთავარსარდალმა განზე გაგვიყვანა და
გაგვაფრთხილა: თუ ვინიცობაა, დაკითხვის დროს მაგ კაცმა პირში რამე ჩაიდოს,
იმწუთში ხეთქეთ, რომ გადაყლაპვა ვერ მოასწროს. ეგ შეიძლება შემოპარულია, მაგათ
თან პატარ პატარა ამპლუები აქვთ, გადაყლაპავენ და მორჩა, გაფშეკენ ფეხებს, ჩვენ კი
ვეღარაფერს გავიგებთო.
მთავარსარდალი საბძელში შევიდა დ ბრძანა:
_ შემოიყვანეთ!
მზვერავებმა ტყვე შემოიყვანეს.
_ გაუხსენით ხელები! _ ვინა ხარ? რა ხარ? სადაური ხარ?
_ ფასანაურელი ვარ, მაგრამ მელიქიშვილი, მეთევზე.
_ ხეობაში საიდან შემოხვედი?
_ შემოსასვლელიდან..
_ მერედა, ზვავებით არ იყო ჩაკეტილი? არ გაგიჭირდა?
_ ისე, რა.
_ მზვერავებო! ვერ მუშაობთ კარგად. ეს არის, შემოსასვლელი ჩავკეტოთო?
მწერალო! გააუქმე ბრძანება ამათი დაჯილდოების შესახებ!
_ არის! _ თქვა მწერალმა.
_ მერე ჩვენ როგორ დაგიჯეროთ, რომ მეთევზე ხარ? საბუთები გაქვს?
_ მაქვს.
_ გვაჩვენე.
მეთევზემ უბის ჯიბე გაიხსნა, ხელი პირთან წაიღო და კბილებში რაღაც ამპულის
მსგავსი ჩაიდო.
_ ხეთქეთ! _ იყვირა მთავარსარდალმა, მაგრამ სანამ ამის თქმას მოასწრებდა, ტყვე
უკვე დაბლა ეგდო თავგატეხილი.
_ ამოაცალეთ პირიდან ამპულა!
მზვერავები
მისცვივდნენ
და
ძლივს
გამოაძვრეს
კბილებიდან
პატარა
ქინძისთავი.მთავარსარდალი გაშრა. ტყვე როცა გონზე მოვიდა, ჰკითხა:
_ რა მიზნით ჩაიდევი «ქინძისთავი» პირში?
_ მა სად უნდა წამეღო?!
_ როგორ თუ სად? რად გინდოდა მეთქი, გეკითხები!
_ ჯიბის გასაკრავად, რომ საბუთები არ დამეკარგოს.
_ აქ რაღაც იმალება, _ თქვა მთავარსარდალმა.
მზვერავებმა საბუთები წართვეს.
_ არაფერიც არ იმალება, მეთევზე ვარ, მორჩა და გათავდა.
_ ზამთარში ვის გაუგონია თევზაობა!
_ მე ყოველთვის ზამთარში ვიჭერ, ზემოთ ერთ ადგილზე არაგვი დავტბორე და
როცა იყინება, იქ თევზი ყოველთვის არის.
_ აა, ეგ საიდუმლოც იცი? ეხლა კი წვეთი აღარ გაუვა, რომ შენ საზღვაო ჯაშუში
ხარ. დააკავეთ!
მზვერავებმა მაგრა გაკოჭეს ჯაშუში.
_ ჩასვით! _ ბრძანა ვაჟი გოგიმ და ჯაშუში სახლიდან საგანგებოდ ამისთვის
წამოღებულ გოდორში ჩასვეს და ზემოდან გულდაგულ დახურეს.
ხატად ქცეული კაცი
(მოთხობა მწერლის რვეულიდან)
მამუკას არ უყვარდა მუშაობა. გამოვიდოდა მსხლებთან, წამოუწვებოდა ძირს და
ნატრობდა ქარის ამოვარდნას.
შააწუხა ცოლმა წყევლით და მერე გაექცა. ბევრი არ უდარდია მამუკას. შვილებიც
თან გააყოლა ცოლს.
კოტორაანთ ზემოთ, მთის წვერზე სალოცავია აშენებული. არასოდეს არ ასულა
მამუკაი იქ და ერთ დღესაც მოსწადდა მთაზე ასვლა და იქიდან გადმოხედვა. ძალიან
მოეწონა ის ადგილი.
ვითომ რა იქნება, ხატად, რომ ვიქცე?» _ გაიფიქრა თავისთვის და მოეწონა კიდეც ეს
აზრი. ჩამოვიდა სახლში, გაიხადა ტანსაცმელი, თუკი რამ თეთრეული ჰქონდა,
ტანზე შემოიხვია და ერთი კივილ ჭყივილით შეუდგა აღმარს:
_ მოვდივარ, შე დალოცვილო! მოვდივარ! _ კიოდა გზადაგზა. ხელში ანთებული
სანთელი ეჭირა. კოტორიანნი შეშინებულები მისდევდნენ უკან. მთის წვერზე რომ
ავიდნენ, მამუკაი ნიშთან დაჯდა და ბრძანა:
_ დაიჩოქეთ! მე თქვენი ხატი ვარ და მამუკაის პირით გიბრძანებთ, რო დაიჩოქოთ!
ხალხი მიწაზე დაემხო.
_ ეხლა ადექით!
ხალხი ადგა და თან პირჯვარს იწერდა.
_ ჩადით დაბლა და არაგვის ჭალაზე რაც ლამაზი ქვებია აქ ამომიზიდეთ. ჩქარა!
შეშინებული ხალხი დაბლა გაიქცა. აარჩიეს ლამაზი ქვები და წაიღეს მთის წვერზე.
_ ესენია ლამაზი ქვები?! მეტი არ მეკუთვნის?! _ გაბრაზდა მამუკაი და დაუგორა
დაბლა ქვები.
_ ეხლა ჩამოდით და როგორიც მეკუთვნის, ისეთი ქვები ამომიტანეთ, თორე შვილძირიანად ამოგწყვეტავთ.
ხალხი ისევ დაბლა დაეშვა.
მთელი თვე იჯდა მამუკაი იმ მთის წვერზე და ქვების გორებით ერთობოდა.
რომელი ქვაც არ მაეწონებოდა, ხატი ამ ქვას არა ღებულობსო, იტყოდა და უკანვე
დაუგორებდა ამომტანს.
შემოდგომა იყო. დარები დაიჭირა. სუ ჩაყვითლდა გუდამაყრის ტყეები. არც
წვიმდა, არც სასმელ საჭმელი აკლდა მამუკას.
კოტორაანთ წიწას იმ დღეს არც ერთი ქვა არ მიუღო. თორმეტი ქვა აიტანა,
თორმეტივე უკან დაუგორა. მეცამეტე გზობაზე ბროლის ქვა წაიღო წიწამ, თან იმედი
ჰქონდა, ამას მაინც მიიღებსო.
_ არ ვარგა, _ თქვა მამუკამ და ფერდზე დააგორა ქვა. თვითონ დაჯდა და
ჩაჰყურებდა, როგორ მოგორავდა ქვა. ქვემოთიდან მწკრივად ამოდიოდა ზურგზე
ქვებმოდებული ხალხი.
წიწამ თავი ვეღარ შეიკავა, დასტაცა მამუკას ხელი და გადმოუშვა მთიდან. კაცს ისე
სცოდნია, თუ დაგორდა, ისევ შეიკვრის, როგორც ბურთი. მამუკაიც ისე მოგორავდა.
ქვემოდან ამომავალ ხალხს ისევ ქვა ეგონა და ამ ამბავს ისე იყვნენ მიჩვეულნი, არც
უგდეს ყური, გააგრძელეს გზა..
დარდი
(დარდების შემგროვებლის რვეულიდან)
_ გვარი?
_ კოტორაშვილი.
_ სახელი?
_ ნინო.
_ რა გადარდებს?
_ ბევრი რამ.
_ მაინც?
_ ბალღი დაგვეწვა გუშინწინ.
_ ვისი?
_ მეზობლის, მარინე ერქვა.
_ დაწვრილებით არ შეგიძლია, რომ მომიყვე?
_ როგორ არა. აგე დამწორ ჩანახშირებულ კედლებს ხომ ხედავ?
_ ვხედავ.
_ იმ ხანებში მაგის პატრონი გიგუაი ციხეში დაიჭირეს.
_ რატო?
_ რატომაც თავმჯდომარე ვერ გაიხარებს, გიგუაის ცოლი მოსწონდა.
_ ქალსაც მოსწონდა?
_ მერე?
_ ალბათ ქალსაც მოსწონდა.
_ ერი პატარა ბიჭი ჰყავდათ. იმას დააძინებდა და მიდიოდა თავმჯდომარე. მერე
წამაიზარდა ის ბიჭი და ცალკე ოთახში აწვენდა თავის დედა, რომ ვერაფერი გაეგო.
ერთ დღეს მთვრალი მივიდა თავმჯდომარე და ბალღიც იქ ყოფილა.
_ მერე, მერე?
_ ქალისთვის ძალადობა დაუწყია მთვრალს, ჩქარაო, ხდიდა თურმე ტანსაცმელს.
ქალს წინააღმდეგობა გაუწევია, ბალღისა თუ შერცხვა, რა ბალღისა, პატარა ბიჭი
იყო. რო დაუნახავს თავის დედა ასეთ დღეში, ცეცხლის გამოსაჩხრეკი ხეჩენკალი
აუღია. აბა ის რაღას დაარტყამდა. გადარეულა ამაზე თავმჯდომარე და გაუსროლნია
გარეთ ბალღი. დაუწყია ქალს ტირილი. იმას კარები მოუკეტია, ქალი თურმე გარეთ
იზიდება ბალღთან, ი კაცშავას თავის საქმე გაუკეთებია და წასულა.
_ მერე?
მთორიან ღამეში წაიყვანა ქალმა ბალღი საყორნის ტყეში, თან ორი საბელი წაუღია,
ერთი თავისთვის, ერთი ბალღისთვის. ჯერ ერთი ჩამოუბია, მერე მეორე. მერე
დამჯდარა, მოხვევია ბალღს და დაუწყია ტირილი. შაშინებულა ბალღი და
გამაჰქცევია. ამბობდა, ჯერ კი მამდევდა დასაჭერად დედაიო, მერე თავი გამანება და
უკანვე მიბრუნდაო. ისევ თავის სახლში მისულა ბალღი.
დილით, არ ვიცი, ვინ დაინახა სახლიდან ამოსული ბოლი, მგონი კანუშამ,
დაუძახნია და, ხმა რომ არავინ მისცა, შესულა. შესულა და, რას ხედავს, სახლს
ცეცხლი უკიდია. თურმე ცეცხლს ანთებდა ი ბალღი და, რა ვიცი, სახლს როგორ
გაეკიდა.
_ მერე?
მივცვივდით უცბად, გამოვიყვანეთ გარეთ. ზოგს საქონელი გამოჰყავდა. ეგე
ტყვრებოდა ცეცხლისაგან დაბერილი საქონელი, როგორც თოფი.
_ ბალღი?
_ ბალღს ცეცხლი ეკიდა ტანისამოსზე იქვე ვედროთი თურმე ნავთი ედგა იმ
ქალობაბნელს, ჩვენ წყალი გვეგონა და.. დავწვით ბალღი.
_ დედა?
_ დედა რაღა, მეორე დღესღა მოვხედეთ.. რა გადარდებსო, კიდევ მეტყვი, მეტი რა
უნდა ადარდებდეს კაცის გულსა..
იქვე გამიხარდაის მინაწერია:
ღმერთთან რო წავალ, მეორეს თუ არა, მესამეს მაინც ამ დარდს მოვახსენებ.
წერილი გალილეის – მთავარსარდლისაგან
(წერილებიდან)
«გამარჯვება გალილეი!
პირველ რიგში მოგიკითხავთ დიდი მოწყენით და შორიდან ხელის ჩამორთმევით.
ჩვენ ბრძოლით გამოვიარეთ ხუთი სოფელი და ახლა კოტორიანთას ვართ
დაბანაკებულნი. ჩვენი საბრძოლო გეგმა მართლდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ აქ,
მანდ შენ იცი და შენმა კაცობამ. სოფელს თავი არ მიანებო. გაუფრთხილდი
მოხუცებსა და ქათმებს. თუ გაგვიჭირდა გამოგიძახებთ. მანამდე ფეხი არსა გაადგა.
თუ მტერი შემოგესიოთ, შეგვატყობინე.
ჩოხლების ლაშქრის მთავარსარდალი
ვაჟი გოგი».
გალილეის პასუხი
(მემატიანის რვეულიდან)
«ნუ გეშინიათ!
აქილევსს წავასლიკე თავი, ჯალალედინს, ჰიტლერს და სხვებმა რა უნდა მიყონ..
თუ მტერი შემოგვესია, თქვენ არ შეგაწუხებთ, თვითონვე წავასლეკ თავებს.
თქვენ მარტო შეთე არ მოიყვანოთ ქეთინოს გარეშე.
გალილეი».
ღამე საბძელში
(მემატიანის რვეულიდან)
დაღამდა. ეს დღე მართლა სასახელო იყო გუდამაყრის ცხოვრებაში. დღეც ჩვენმა
მთავარსარდალმა თავისი გენია გამოავლინა. ახლა კი დროა, მსოფლიომ მართლა
გაიგოს, რომ დედამიწის ზურგზე არსებობს ხეობა, რომელსაც გუდამაყარი ჰქვია.
მერე თუ ვინმე მოისურვებს გუდამაყრის ცხოვრების გაცნობას, გვეწვიოს, მანამდე კი
ვეტყვი, რომ უმთავრესად ცხვარ ძროხით ვცხოვრობთ, მოგვყავს კარტოფილი.
მცენარეებიდან აქ კარგად ხარობს კაკალი. აი ეხლაც, ცუმცა ღამეა, მაგრამ ჩვენმა
დეკანოზმა სოფლის დათვალიერება მოინდომა და ძალიან ნასიამოვნები მობრუნდა,
იმდენი კაკლის ხე უნახია. იქიდან მობრუნებული ზის და კოტორიანთ უყვება იმ
დიდი სახლის შესახებ, რომელიც მომავალში უნდა ავაშენოთ. კაკლის ხე ყველაზე
კარგი სამასალეაო, ეუბნება.
გუდამაყრელებს გვზღუდავს ძალიან მაღალი მთები ოთხივე მხრიდან, გვახურია
საკუთარი ცა, საკუთარი მზითა და მთორით. ვარსკვლავებიც, რამდენიც გინდა,
იმდენი გვაქვს. ჩვენთან მოედინება მსოფლიოში ყველაზე შავი მდინარე. სხვაც ბევრი
რამე გვაქვს, მაგრამ ახლა ამის დაწვრილებით ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს და
ლაშქრობის ამბავს აგვაცდენს. მაშ ასე:
მოლაშქრენი სუფრას შემოუსხდნენ, რაღა თქმა უნდა, ჩვენ კულტურული თემი
ვართ და კოტორიანიც ჩვენ სუფრაზე დავიპატიჟეთ. ტყვეს ადგილზე მიართვეს
მზვერავებმა საჭმელი. სოფლის გარშემო ყარაულებია დაყენებული.
მთავარსარდალმა შეთე მოიხმო და ეკითხება:
_ რა ჰქვია შენ საცოლეს?
_ ქეთინო, _ ამოღერღა შეთემ მორცხვად.
_ შენ ხომ უარზე არა ხარ?
_ არა. მინდა ცოლი.
_ მთავარია, შენ არ იყო უარზე, თორემ თუ ჩვენი ლაშქრობა ასე გაგრძელდა, სამ
დღეში ჩავაბარებ ქეთინოს.
შეთე გაიბადრა.
შემდეგ ბევრ საშინაო საქმეზე მოველაპარაკენით კოტორიანთ და რადგანაც ჯარი
დაღლილია და ხვალ უთენია უნდა გავილაშქროთ, ყარაულების გარდა, ყველანი
საძილედ დავწექით.
ნისლაურნი
(ისევ მემატიანის რვეულიდან)
გათენდა. მეზარემ ზარი დარეკა. ელენამ სუფრა გაშალა და მცირედ წავიხემსეთ.
მთავარსარდალმა
ჯარი
დააწყო.
დეკანოზმა
გამოსათხოვარი
სიტყვა
უთხრა
კოტორიანთ. ჩამოვხსენით დროშა და დავიძარი სოფელ ნისლაურთასკენ. ნილაურნი
აქედან ორ კილომეტრზე არიან. წინ მზვერავები წავიდნენ. რამდენიმე ხანში უკან
მობრუნდნენ და უცნაური ამბავი მოიტანეს:
_ ნისლაურნი, შავებში ჩაცმულები, _ უმრავლესობა ქალებია, _ გორდაგორ მოდიან
და რაღაცას მოასვენებენ ნება, ცივ ცივად, თითქოს კუბოაო, მაგრამ მიცვალებული არ
არის შიგ. რა კაცი უნდა ჩაეტიოს, კუბო ასანთის კოლოფის ტოლია.
_ ცივ ცივად მოაქვთ? _ დაეჭვდა სარდალი.
_ ჰო, თითქოს მკვდარი მოაქვთო, ისე.
_ გასაგებია. თუ არა ვცდები, მაგათ ბომბი მოაქვთ და ეშინიათ არ აუფეთქდეთ:
შავად კიდევ იმიტომ არიან ჩაცმულნი, ჩვენ უნდა შეგვიყვანონ შეცდომაში, ეს
მანევრია, მაგრამ ამით ვერ მოგვატყუებენ. ეხლავე ალყა შემოვარტყათ და ალყაში
რომ გვეყოლებიან, ხომ ვეღარ ააფეთქებენ, ყოჩაღ მზვერავებო, თქვენ რომ არა,
შეიძლება
გზაში
ჩაგვიდებდნენ
იმ
ბობსა.
სასწრაფოდ
დაწერეთ
ბრძანება
მზვერავების დაჯილდოების შესახებ, _ მიუბრუნდა მთავარსარდალი მწერალს და
მთელი სისწრაფით დავიძარით წინ. ნისლაურნი ვერც კი მიხვდნენ, როგორ
აღმოჩნდნენ ჩვენს ალყაში.
_ შეჩერდით! _ უბრძანა სარდალმა.
_ ისინი შედგნენ.
_ ცივად დაასვენეთ ეგ ბომბი!
_ რომელი ბომბი, რა ბომბი?!
_ მა რა გაქვთ მაგ ყუთში?
_ მიცვალებულია.
_ თავს ნუ იგდებთ მასხრად, რომელი მიცვალებული ჩაეტევა მანდ!
_ რომელი და თაგვი..
_ რაო?!
_ თაგვი მოკვდა ჩვენ სოფელში.
_ მერე?
You have read 1 text from Georgian literature.
Next - Adamianta Sevda - 4
  • Parts
  • Adamianta Sevda - 1
    Total number of words is 3703
    Total number of unique words is 1800
    30.7 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Adamianta Sevda - 2
    Total number of words is 3445
    Total number of unique words is 1932
    28.1 of words are in the 2000 most common words
    38.5 of words are in the 5000 most common words
    44.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Adamianta Sevda - 3
    Total number of words is 3657
    Total number of unique words is 1931
    28.8 of words are in the 2000 most common words
    40.2 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Adamianta Sevda - 4
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 1983
    29.4 of words are in the 2000 most common words
    40.2 of words are in the 5000 most common words
    46.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Adamianta Sevda - 5
    Total number of words is 3416
    Total number of unique words is 1890
    30.2 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.