Latin
Total number of words is 3445
Total number of unique words is 1932
28.1 of words are in the 2000 most common words
38.5 of words are in the 5000 most common words
44.7 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
_ ამხსენით, მე თქვენი! _ ღრიალებდა გალილეი, მაგრამ იმას ყურს აღარავინ
უგდებდა. ყველანი ხატის ქვემოთ, სამანთან იყვნენ დაჩოქილები.
გამიხარდაი გარახტინასთან მივიდა და დარდი ჩაიწერა.
_ რა გადარდებს?
_ მამწყდი თავიდან, ჩემო გამიხარდავ!
_ მითხარი რა გადარდებს.
_ ლამის არის, გულმა გამიტანოს დედაკაცი და ეს კიდევ..
_ შენ მაინც მითხარი, _ ახლა ტაშკენტას მიუბრუნდა გამიხარდაი.
_ ის მადარდებს, რომ ჩოხლებს დღეის მერე უპირატესობა გვეკარგება გუდამაყრის
ხეობაში. დღეს დიდებათ გვითხრეს უარი, ხვალ გამსივლები გვეტყვიან, ზეგ
ჩობოლაურნი.
_ სწორია ტაშკენტაი! _ წამოიძახეს აქეთ იქითიდან.
_ სათემო ხატი უნდა გამოვაბრძანოთ და იმით შემოვიაროთ სოფლები, რომ
მეორედ ვეღარავინ გაბედოს წინააღმდეგობა, _ თქვა ვაჟი გოგიმ.
ეს აზრი, ეტყობა ჭკუაში დაუჯდა ხალხს, დეკანოზს ასძახეს ზემოთ (თვითონ
სამანს ქვემოთ იდგნენ, იქით არ შეეძლოთ წასვლა):
_ სათემო ხატი გამააბრძანე, ბიბღაო!
_ იმის გამობრძანება არ იქნება, ჩამოსძახა ბიბღამ.
მაშინ ვაჟი გოგი, სებაი, და სამხარაული ზემოთ ავიდნენ და დეკანოზს
მოეთათბირნენ, სწორედ ის დროა, სათემო ხატით დავაშინოთ გუდამაყრელები, რომ
ძველი უფლებები აღვიდგინოთ სხვა სოფლებზეო.
სათემო ხატი
გუდამაყრის ხეობაში პირველად ჩოხლები დასახლდნენ და თავიანთ სოფელს
ჩოხი
დაარქვეს.
მაშინ
ჯერ
კიდევ
არ
იყო
ქრისტიანობა
და
ჩოხელებიც
კერპთაყვანისმცემლები იყვნენ, ხოლო როცა ქრისტიანობა მიიღეს, თავიანთ მთავარ
სალოცავად მთვარის ღვთაება _ წმინდა გიორგი იწამეს.
გუდამაყრის ხეობაში თანდათან ახალ ახალი სოფლები გაჩნდა. ხევსურეთიდან
მოსისხლეებს გამოქცეულნი იმ მიუვალ ხეობას აფარებდნენ თავს და აქვე
სახლდებოდნენ. იმათ თავ თავიანთი სალოცავები აიშენეს.
წმინდა გიორგი სამას სამოცდასამ ნაწილად დაშლილა და ჩოხლების წმინდა
გიორგი _ ენა არის. ამის გამო ადრიდანვე ერიდებოდნენ გუდამაყრელები ჩოხელების
«ენა-ყბაში ჩავარდნას».
ჩოხლებმა ოქრომჭედელს ხატი გამოაჭედვინეს და გუდამაყრის ხეობაში ახლად
გაშენებულ სოფლებში ჩამოატარეს.
რომელ სოფელშიც შევიდოდნენ, ჯერ ზარებს დარეკავდნენ, მერე იმ სოფლის
ხალხს
ხატზე
დააფიცებდნენ,
რომ
ჩოხლებს
უნდა
დამორჩილებოდნენ.
ამ
მორჩილების შინაარსი ძირითადად ის იყო, რომ დანარჩენი გვარები ცნობდნენ
ჩოხლების გვარის უპირატესობას და თუ ჩოხელი მათთან ქალის სათხოვნელად
მივიდოდა, უარი არ უნდა ეთქვათ, თუნდაც სანეფო კოჭლი ან ბრმა ყოფილიყო.
იმ დღიდან მოყოლებული დღემდე მოდიოდა ეს წესი, დღეს კი პირველად
დაირღვა საუკუნეების მანძილზე და ამან ისე შეაშფოთა ჩოხელები, დედაკაცებიც კი
აღშფოთებას ვეღარ მალავდნენ, სათემო ხატის გამობრძანებას მოითხოვდნენ.
ხატს სხვა მისიაც ეკისრებოდა. თუ მტერი მოადგებოდა საქართველოს, მაშინ ამ
ხატს ჩამოატარებდნენ გუდამაყარში და ვისაც კი შეეძლო, უკან უნდა გაჰყოლოდა
ხატიონს, უკანასკნელად კრწანისისაკენ მიმავალი სამასი არაგველი ეამბორა მას.
_ გამოაბრძანეთ, ჩვენც დავიფიცავთ, რომ ან აღვადგენთ ჩვენ უფლებებს, ან არც
ერთი აღარ მოვალთ უკან! _ შეჰკიოდნენ დედაკაცები დეკანოზს. რომელმაც მართლა
გამოაბრძანა ხატი და ზარ ბაურაყი შეაჟღრიალა.
იმ ღამეს ვაჟი გოგის სასტუმრო დარბაზში თავყრილობა ჰქონდათ ჩოხელებს.
უმრავლესობას დედაკაცები შეადგენდნენ და ისეთი ჟრიამული გაუდიოდათ,
ყურთასმენა აღრ იყო.
გადაწყვიტეს, მეორე დღიდანვე მოეწყოთ ლაშქრობა გუდამაყარში. ჩამოწერეს
მოლაშქრეთა სია და წესისა და რიგის მიხედვით დაანაწილეს.
შეკრებილთ ერხმად აირჩიეს ვაჟი გოგი მთავარსარდლად და მასვე მიანდეს ჯარის
შედგენა.
_ ყველაფერი იმთავითვე ისე უნდა მავაწყოთ, რომ მერე აღარაფერმა შეგვაფერხოს,
_ თქვა ვაჟი გოგიმ და დედაკაცებს განუმარტა, რასაც გულისხმობდა:
_ არც ერი სახელოვანი ლაშქრობა ბრმად და უწესრიგოდ არ ჩატარებულა, _
ამბობდა
ვაჟი
გოგი,
_
ყველა
დიდ
მთავარსარდალს
როცა
სხვა
ქვეყნის
დასალაშქრავად მიდიოდა, თან მიჰყავდა ხოლმე მწერლები, ფილოსოფოსები,
ისტორიკოსები და გეოგრაფები. ეს, პირველ რიგში, მათ კულტურულობას უსვმდა
ხაზს და ჩვენც ხომ არა ვართ მთლად შეუგნებლები. ეს ხალხი კიდევ იმიტომაა საჭირო, რომ ჯერ ერთი, მოწინააღმდეგე დაინახავს, რა განათლებულ გვართან აქვს საქმე,
მეორეც, ჩვენთვისვეა სასარგებლო. ჩვენი ფილოსოფოსები და მწერალ ისტორიკოსები
ბევრ რამეს ჩაიწერენ იმათგან, ვისაც სათემო ხატზე დავაფიცებთ. ეს ჩანაწერები
შემდეგში ჩვენ შვილებსა და შვილთაშვილებს, ვინ იცის, რაში გამოადგებათ. თუ არ
გამოადგებათ, ხომ არაფერს დაუშავებს? თანაც რაღაც რაღაცებს რომ ჩავიწერთ, ამით
უფრო დავაბნევთ და დავიმორჩილებთ მოწინააღმდეგეს. პირველ რიგში საჭიროა,
ავირჩიოთ
ისტორიკოს
გეოგრაფი,
ეს
აუცილებელია.
ისტორიკოსი
ისევე
აუცილებელია ამ ლაშქრობისათვის, როგორც მთავარსარდალი, თუ არა ვცდები,
სამხარაული უნდა ავირჩიოთ ისტორიკოს გეოგრაფ მემატიანედ. ადგეს ფეხზე
სამხარაული.
სამხარაული ფეხზე წამოდგა.
_ ხართ მომხრე?
_ ვართ, _ დაიძახეს აქეთ იქედან.
_ მე მგონი, ლაშქრის მწერლად ჩაღი უნდა წავიყვანოთ, _ თქვა დარდების
შემგროვებელმა.
ჩაღი ჯერ უარზე იდგა და, საერთოდ, წინააღმდეგი იყო ამ ლაშქრობისა. როგორ არ
ეცადა, დაერწმუნებინა დედაკაცები, რომ სისულელეს სჩადიოდნენ, რომ დიდებათ
მწარიაი მართალი იყო.
_ როგორ თუ მართალი?!
_ ისე რომ, გოგო იმისია, ვიზეც უნდა იმაზე გაათხოვებს და რატომ ცდილობთ,
ვიღაცა დაიმონოთ და დაიმორჩილოთ?
_
როგორ
თუ
იმისია,
რატო
ჩოხლებისთვის უარი უთქვამთ..
უნდა
გვითხრას
უარი?
როდის
ყოფილა,
_ მინდა ცოლი და რატო მეუბნებიან უარს? _ წამოიძახა კუთხეში მობუზულმა
შეთემ.
_ ამხსენით ხალხოო, შემცივდა, _ მოისმა გარედან გალილეის ყვირილი და ჩაღი
გარეთ გავიდა. რამდენიმე წუთში შემობრუნდა. უკან გალილეი მოჰყვებოდა და
გაიძახოდა:
_ დედას გიტირებთ მეოცე ოთახში წაგასლეკთ თავებს!
_ მაიცა, გალილეი, ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ, _ დააწყნარა ჩაღიმ და გალილეიც
დაწყნარდა.
_ იქნები თუ არა ლაშქრის მწერალი? _ ჰკითხა მთავარსარდალმა ჩაღის.
_ ჰო მაინც ნარკვევი უნდა დასწერო გუდამაყარზე, ჩაუჩურჩულა დარდების
შემგროვებელმა.
_ ვიქნები, _ დათანხმდა ჩაღი.
_ შენ გევალება ჩაიწერო მომხდარი ამბები, ფილოსოფიურ ამბებს მე ჩავიწერ და
თან გამოკითხვებსაც ვაწარმოებ, _ თქვა ქიმბარმა.
გადაწყდა.
იმავე ღამეს შედგა მოლაშქრეთა სია და მთავარსარდალმა ყველას თავისი ადგილი
მიუჩინა ამ სიაში. ჯარი განაწილდა საჭიროებისა და საომარი წესის მიხედვით.
გამოყვეს ქვეითი მოლაშქრენი, მყვირალები, მზვერავები, საიდუმლო ნაწილი,
საზღვაო ნაწილი სამი ქალის შემადგენლობით, რადგან გუდამაყარში ზღვა არ არის,
ლაშქრობის ადათ წესებს მაინც სცეს პატივი და «საზღვაო ნაწილს» დაავალეს, რომ
არაგვ არაგვ იარონ, მანამ ლაშქრობა არ დამთვრდება, რამდენიმე ქალი და გალილეი
თავიანთ სოფელში დასატოვებლად გაანაწილეს.
_ რაო? მე არ მიგყავართ ჯარში! _ იწყინა გალილეიმ.
_ შენ აქ დარჩი, აქაც ბევრი საქმეა.
_ რომელი ხართ ჩემზე კარგი მეომარი, ვერ დაინახა თქვენმა დასათხრელმა
თოლებმა წეღან, რამდენ სახელოვან მეომარს წავასლიკე თავი? _ ჯალალედინი,
მაკედონელი, აქილევსი, ჰიტლერი, ვერ დაინახეთ?
_ დავინახეთ.
_ მერე? რატო მირიდებთ.
_ ხო იცი, რო მტერი შეიძლება ჩვენ სოფელს დაესხას, აქ რომ არ ვიქნებით, ვინ
უნდა გაუმაგრდეს?
_ აქა გყავართ! ვრჩები აქ! _ დაიძახა გალილეიმ.
_ არის კიდევ ერთი რთული ამბავი, _ თქვა მთავარსარდალმა და ჯარს გადახედა.
_ რაო?
_ ექიმი ხომ გვინდა.
_ გვინდა.
_ ჰოდა, ზინაი როგორმე უნდა წავიყვანოთ.
იმავე ღამეს გალილეი აფრინეს კიტოხში ცხენით და გუდამაყრის საერთო ექიმი
მოაყვანინეს. გალილეიმ მოატყუა ექიმი, ვაჟი გოგი ავად არის, კვდებაო. აქ თავის
გეგმა გააცნეს და ზინაი ჯერ უარზე დადგა, მერე დააშინეს: თუ არ წამოგვყვები,
მოგკლავთო.
_ ჰო, წაგასლეკთ თავს, მაშ! _ დაამატა გალილეიმ და ზინაიც დაითანხმეს ამ
ლაშქრობაზე.
იმავე
ღამეს
გადაწყდა,
რომ მზვერავებს
მეორე
დღიდან ზვავები
უნდა
ჩამოექანებინათ გუდამაყრის ხეობის შესასვლელში. რომ მანამ ლაშქრობა არ
დამთავრდებოდა, ხეობაში არავინ შემოსულიყო.
_ მე ფეხით სიარული გამიჭირდება, ცხენი უნდა შემიბათ მარხილში, _ თქვა ზინამ.
_ მართლა ვერ ივლის ეს, _ დაემოწმა ტატია.
_ კარგი, სურსათი რომელ მარხილზეც გვექნება, იმ მარხილზე დაჯდები, _ ნება
დართო მთავარსარდალმა ექიმს.
იმ ღამეს თვალი არავის მოუხუჭავს. შეადგინეს საბრძოლო გეგმა. გადაწყდა, რომ
იმ სოფელს, საიდანაც ქალი უნდა წამოეყვანათ, ბოლოს დასხმოდნენ.
_ ჰო, ეგრე სჯობს, ჯერ სხვები დავაფიცოთ, რომ მერე პირდაპირ ქორწილზე
გადავიდეთ, _ მოიწონა გარახტინამ სარდლის გეგმა.
შეაგროვეს სურსათი და, ვისაც როგორ შეეძლო, ისე შეიარაღდა. ყველაზე კარგი
თოფები მზვერავებს მისცეს. თეთრი კაბები შეიკერეს მიტკლისაგან მზვერავებმა, რომ
თოვლში შეუმჩნევლები ყოფილიყვნენ.
გათენებისას ერთი-ორი საათით წაიძინეს და კარგად რომ გათენდა ატყდა ზარების
რეკვა.
ლაშქარმა გაიღვიძა და ხატის ქვემოთ, პატარა მინდორზე მოგროვდა. ყველა
საბრძოლოდ იყო მზად.
_ სიმაღლის მიხედვით მოეწყვეთ! _ ბრძანა მთავარსარდალმა და დედაკაცები
ერთიმეორის მიყოლებით ჩამწკრივდნენ. ზოგს თოფი ეკიდა, ზოგს _ ხმალი.
სებამ ზარები შეაჟღრიალა. დეკანოზმა სათემო ხატი გამოაბრძანა. გორზე
გადმოდგა და დაიძახა:
_ ხატი გაუწყრეს, ვინც ლაშქარს უღალატებს!
_ ამინ! _ დაიგუგუნეს დედაკაცებმა.
_ დაიფიცეთ, რომ ძველ წესს აღადგენთ!
_ ვფიცავთ!
_ გწყალობდეთ!
_ ამინ!
ამის მერე მთავარსარდალმა წასვლის ბრძანება გასცა და ლაშქარიც დაიძრა.
ისევ ავტორისაგან
ეს ყველაფერი გადმოცემით ვიცოდი და შეიძლება ბევრი რამ დავაკელი კიდეც,
რაც
შეეხება
ჩანაწერებს,
რომელთაც
გარეთა
ყდაზე
აწერია:
«ლაშქრობა
გუდამაყარში», შევეცდები ასე წარმოგიდგინოთ, რომ ამ სასახელო ლაშქრობის
თანმიმდევრობა არ დავარღვიო. ჩანაწერები სულ ხუთი საერთო რვეულისაგან
შედგება.
¹. ისტორიკოს გეოგრაფის რვეული. რომელსაც ყდაზე მსხვილი ასოებით აწერია _
«მემატიანე».
/. ფილოსოფოსის რვეული, რომელსაც ასევე მსხვილი ასოებით აწერია _
«გუდამაყრელთა ფილოსოფია».
". მწერლის რვეული, რომელსაც აწერია _ «ადამიანთა სევდა». ეს სათაური ძალიან
მომეწონა და ჩემს რომანსაც იმიტომ ვუწოდე «ადამიანთა სევდა».
". დარდების შემგროვებლის რვეული, რომელსაც გარედან აწერია «გუდამაყრის
დარდები».
:. საიდუმლო ნაწილის რვეული. გარედან აწერია «საიდუმლო დავალებანი».
აი, ამ ხუთ რვეულში თითქმის ყველაფერია იმ ლაშქრობის შესახებ, არა მგონია,
ყველაფრის აქ მოყვანა საჭირო იყოს. შევეცდები, რაც შეიძლება საინტერესო ამბები
ამოვარჩიო.
კინაღამ გამომრჩა; ამავე რვეულებთან არის წერილები, რომელთაც მოლაშქრენი
უგზავნიდნენ სოფელში მყოფთ და რამდენიმე ბრძნული ჩანაწერი, მთავარსარდალი
გზადაგზა რომ იწერდა.
პირობა დაირღვა!
(მემატიანის რვეულიდან)
პირობა დაირღვა!
ამ ცნობამ ელვასავით დაუარა მთელ გუდამაყარს და ჩოხლები იძულებულნი
შეიქმნენ გამოებრძანებინათ სათემო ხატი. უნდა დაილაშქროს მთელი ხეობა და
მოსახლეობამ
ხელახლა
დაიფიცოს,
რომ
კვლავაც
შეასრულებენ
ჩოხლების
მოთხოვნებს.
ლაშქარს სათავეში უდგას გამოცდილი ჩოხელი, მრავალ ომში ნაცადი, თორმეტ
წელიწადს წყალქვეშ ნამყოფი, სახელოვანი მთავარსარდალი _ ვაჟი გოგი.
დღეს, ამა წლის I თებერვალს, ჩოხლების ლაშქარი აღმოსავლეთისკენ დაიძრა. წინ
დეკანოზი მიდის სათემო ხატით ხელში, უკან მთავარსარდალი მიჰყვება, შემდეგ
მეზარე და ამის შემდეგ მივდივართ ჩვენ, ისტორიკოს ფილოსოფოსნი და
მოლაშქრენი.
ბრძოლის გეგმა
(”საიდუმლო დავალებათა” რვეულიდან)
მთავარსარდლობამ თვალი გადაავლო გუდამაყრის ხეობას და გადაწყდა შემდეგ
სოფლებზე თავდასხმა:
1. ჩობოლაური,
1 კოტორიანი,
2.ლიდა,
11. ნისლაურნი,
3. ხოზა,
12. ლაგაზიანი,
4. ცუცქუნაურნი,
13.თორელაანი,
5.ფახვიჯი,
14. ბახანი,
6. საჩალის ჭალა,
15. წინამხარი,
7. ქიჭოხი,
16. მაქართა,
8. ლუთხუბი,
17.
კიტოხი.
9. დიხჩო,
კიტოხის შემდეგ არის სოფელი დიდებანი. მთავარსარდლობამ გადაწყვიტა,
კიტოხის აღების შემდეგ არ შევიდეს ამ სოფელში. აქ შევალთ ბოლოს, როცა ყველა
სოფელს დავაფიცებთ ხატზე და ამათაც სხვა გამოსავალი აღარ ექნებათ. ამ სოფელს
ჩუმად ავუვლით გვერდს და შემდეგი თანმიმდევრობით ვიღებთ დანარჩენ
სოფლებს:
18. გამსი,
23. საქორე,
19. ჭალიველნი,
24. ქაქეენი,
2 . ათნოხი,
25. ბუსარჭილი,
21. ბოსელი,
26. სალაღო.
22. დუმაცხო,
ამის შემდეგ მთავარი ძალებით შევუტევთ სოფელ დიდებათ.
დღესვე ხეობის შემოსასვლელში გაიგზავნენ მზვერავები, რათა შემოსასვლელი
ზვავებით ჩაჰკეტონ. საზღვაო ნაწილი გაგზავნილია არაგვზე.
ჩობალაურნი
(მემატიანის რვეულიდან)
სოფელი ჩობოლაურნი ჩოხის აღმოსავლეთით ორიოდ კილომეტრზე მდებარეობს.
სოფელს იქით და აქეთ კლდიანი ხევები ჩამოუდის. სოფელში შესვლა თოვლის გამო
გაძნელებულია,
ჭირს
მარხილებით
გავლა
საცალფეხო
ბილიკზე,
მაგრამ
მთავარსარდლის ბრძანება ურყევია: «პირველი დარტყმა ელვისებური უნდა იყოს და
ამისათვის
ყველა
ძალა
უნდა
გამოვიყენოთ.
პირველმა
გამარჯვებამ
უნდა
აღაფრთოვანოს მებრძოლები და მომავალი გამარჯვებისკენ გაუკვლიოს გზა». _ ეს
მთავარსარდლის სიტყვებია.
ჯარი წინ მიიწევს. ირგვლივ თოვლი და სიწყნარეა. სოფელი გამოჩნდა.
მთავარსარდალმა მოლაშქრენი შეაყენა და რაკი მზვერავები ჯერ არ დაბრუნებულან
ხეობის დასაწყისიდან, ელენაი და სალომე გაგზავნა ჩობოლაურთას. ქალები
თხუთმეტ წუთში მობრუნდნენ.
_ რა ამბავია? _ ჰკითხა მთავარსარდალმა.
_ დედაკაცები ბანზე სხედან და წინდებს ჰქსოვენ, _ თქვეს მზვერავებმა.
ჩვენი ლაშქრობა იმითაც არის გონივრული, რომ ზამთარში მამაკაცები ცხვარში
არიან წასულნი. თუმცა ჩვენი ლაშქარიც დედაკაცებისაგან შედგება, მაგრამ ჩვენი
დედაკაცებიი!..
მთავარსარდალმა შეტევის ნიშანი მისცა და საშინელი ყვირილით შეცვივდნენ
სოფელში მყვირალები. მეზარემ ზარი აახმიანა. მეთოფეებმა თოფები დააქუხეს.
სოფელი ალყაშია მოქცეული. საშინელი წივილ კივილია. მგონი მტერი გვნებდება,
მაღალ ბანზე ჩვენი დროშა არის გამოკიდებული. აი, შეტევაც ამას ჰქვია!
პირველი გამარჯვება
(ისევ მემატიანის რვეულიდან)
პირველი შეტევა პირველი გამარჯვებით დამთავრდა. ჯარი სოფელში შევიდა.
მაღალ ბანზე ჩვენი დროშა ფრიალებს.
მთავარსარდალი და დეკანოზი ტახტზე სხედან. ჩვენებს მოწინააღმდეგენი ბანზე
დაუჩოქებიათ და მორიგეობით აფიცებენ ხატზე, რომ კვლავაც სცნობენ ჩოხლების
უპირატესობას, უმეტესად ქალის საკითხში. რა შეედრება ამ წუთს. ხატზე დაფიცება
დამთავრდა და ახლა ფილოსოფოსებისა და მწერლების ჯერი დადგა. მოწინააღმდეგე
ფილოსოფიით
უნდა
დააბნიო,
რომ
შემდეგში
ადვილად
ვეღარ
გაგიწიოს
წინააღმდეგობა. ცალკე მწერალი იწერს ამბებს, ცალკე ფილოსოფოსი, ცალკე
ჯარისკაცები სწერენ სახლში გასაგზავნ წერილებს. მოწინააღმდეგე გაოგნებულია..
კითხვები
(ფილოსოფოსის რვეულიდან)
_ გვარი.
_ წიკლაური სოლომონი.
_ რამდენი წლისა ხარ?
_ მეოთხმოცეში ვდგავარ.
_ შენი აზრით, რა არის სიცოცხლე ან საიდან მოვიდა.
_ ვითომ სიცოცხლე ღვთისგან არის, მე ეგე ვიცი.
_ კაცი რო დაიბადება, თავისა და მთორის სავალსა, მაშინ დაუწერს მწერალი,
თავის თავგადასავალსა. თავში აწერიაო.
_ რა აწერიაო?
_ ბედი. ადამიანს თავის ბედი თავში აწერიაო. ერთი დედაკაცი ყოფილა
მშობიარედ და ბიჭი ჰყოლებია. იმ ღამეს მისულა სამი მწერალი. ეს დედაკაცი ისმენს
იმათ ლაპარაკს, ისენი ბედს უწერენ.. ერთს უთქომს რო: ემ ბალღმა იმდენ ხანს
იცოცხლოს, სანამ ხეზე ახდომა შეეძლებაო, ჩამოვარდეს და მერე მოკვდესო. მეორემ _
არაო: წყალმა წაიღოსო. მესამემ _ ვიდრე აეს ნიგზურაი არ ჩაიწვებაო, _ კერაზე
ნიგზურაი ენთო, იმაზე თქო. ი, ბიჭის დედამ აიღო ნიგზურაი, ჩააქრო და შაინახა.
_ მერე?
_ გაიზარდა ის ბალღი, მაიყვანა ცოლი, იმ ნიგზურაის ამბავიც უთხრა თავის
დედამ.
_ მერე?
_ ერთ მთვარიან ღამეს ცხვრიდან მოდიოდა სახლში. ყანებში თავის ცოლს წააწყდა
მეზობელთან მწოლარეს. ისენი იქვე დახოცა, თვითონ ავიდა და ის ნიგზურაი
ცეცხლში დაწო. იმავე ღამეს მოკლეს თოფით მოკლულის ძმებმა.
_ შენ რომ გქონდეს ეგეთი ნიგზურაი შენახული, რას უზამდი, როდისმე
დასწვავდი?
_ ზოგჯერ ისე ჯავრი მამივაკე ჩემ თავზე, მეც დავწოვდი.
_ სიკვდილი რა არის?
_ ეგეც ღვთისგან არის. ღმერთს უთქომს: ორი ბიჭი ჰყავდეს ადამიანს და ერთი
ქალიო. მერე ეშმაკმა უთხრა: შენ ვინღა გახსენებს, ადამიანები რომ არ მოკვდნენ და
სუ ცოცხლები იყვნენო. მერე ისე გამიგონია, რომ მოიგონა ღმერთმა სიკვდილი.
_ ადამიანი რომ კვდება, სად მიდის?
_ იცვლებაო ადამიანი, ასე გამიგონია.
_ რა აზრი აქვს კაცის ხანგრძლივ სიცოცხლეს?
_ სიცოცხლე გვიყვარს, მეტი არაფერი.
_ ღმერთმა რომ გითხრას, რამდენი ხანიც გინდა, იმდენი წელი მთხოვეო. რამდენი
წლის სიცოცხლეს სთხოვდი?
_ ოთხმოცდაათსა.
_ რო ეთქვა, არა, ორასს მოგცემო?
_ ვერ შავძლებდი, ვერ გადავიტანდი.
_ რატო ვერ შასძლებდი?
_ სიბერის გამო. დავვუძლურდებოდი.
_ როგორ გგონია, ეს დედამიწა სულ მუდამ იარსებებს?
_ რა თქმა უნდა, მე ეგე ვფიქრობ. მაშ რამ უნდა შაჭამოს, რომ ვთქოთ?
_ ომი რომ მოხდეს?
_ ომი არ არის, თქვენ რომ დაგვესხით, მა რა არის?
_ დიდი ომი რომ მოხდეს?
_ ომი მიწის ზევიდან იქნება, დაბლიდან ხო არა. დედამიწა რატო ჰქვია _ ომსაც
შაიშრობს და სისხლსაცა.
_ რო მოსწყდეს მოულოდნელადა? სად წავა?
_ თუ აორთქლდება, თორო სხოგან სად უნდა წავიდეს, აღარ ვიცი. წყალი წაიღებს,
სად წაიღებს?!
_ აორთქლდება?!
_ ჰო, აორთქლდება.
_ ქვებსა და ხეებს ეყურება თუ არა?
_ ეყურება თავის ენაზე, მაგრამ მე, აბა, რა გავაგონო. ეგენიც თავის ენაზე
ლაპარაკობენ. კლდისა კი რა გითხრა.
_ როგორ გგონია, ღმერთი სად არის?
_ აბა, მე ვინ მანახვებს.
_ სიზმარი რა არის?
_ სულ დადის და დახეტიალობს აქა იქ, ხან საიქიოს, ხან _ საქააოს.
_ როგორ გგონია, ვარსკვლავებზე არიან ადამიანები თუ არა.
_ ზევითაც ხალხია და ქვევითაც, ჩვენ შუაზე ვართ და სარტყლები იმიტომ
გვარტყია წელზედა.
_ აბა, მაშ ვინც ზევით ცხოვრობენ, იმათ თავზე ერტყმის?
_ რა თქმა უნდა.
_ ვინც ქვევით არიან?
_ იმათ ფეხები ექნებათ გაბმული და რანაირ დაიწყებენ სიარულს, არ ვიცი.
_ მკვდარს რატო გაუბამენკე ფეხებს.
_ არ ვიცი, რომ მარხავენ, მერე გაუხსნიანკე. არც ქუდს ახურებენ, გვერდზე
უდებენ, _ მარჯვენა გვერდზე. ერთისთვის დავიწყნიყოთ ფეხების გახსნა, ისე
დაემარხათ, იმის დედა თურმე ყოველღამე სიზმარში ხედავს _ მივა იმისი შვილი და
ეხვეწება დედი, ფეხები მაქვს გაბმულიო. ამოეთხარა იმ დედაკაცს და მართლა
გაბმული ჰქონიყო.
_ ქუდს არ ახურავენ?
_ არა, არ ახურავენ.
_ სიცოცხლე ხომ გიყვარს.
_ სიცოცხლე ყველაზე მეტად მიყვარს. რაც უფრო ვბერდები, მით უფრო მიტკბება
სული.
მცირე გადახვევა
(”საიდუმლო დავალებათა” რვეულიდან)
სანამ მწერლის რვეულიდან მოვიყვანდე ჩობოლაურებში ჩაწერილ მოთხრობას,
მანამდე მინდა ერთი პატარა ცნობა მოვიტანო. «საიდუმლო რვეულში» წერია:
«ხეობის დასაწყისში გაგზავნილი მზვერავები მშვიდობით დაბრუნდნენ. ხეობა
ზვავებით ჩაუკეტიათ. მოქმედება თამამად შეიძლება».
და ერთი წერილი მინდა რომ გაგაცნოთ. როგორც კი შეტევა წარმატებით
დაამთვრეს, ჩოხლებმა თავიანთ სოფელში წერილები აფრინეს. წერილების მიტან
მოტანა ევალებოდა საიდუმლო ნაწილს: კოტორიანთ ქალს, შარვანიანთ ქალს და
ტასიას.
ჩვენ გავიმარჯვებთ
(წერილებიდან)
«გამარჯვებათ, ძვირფასო დებო და ძმებო!
მოგიკითხავთ ყველას სულერთიანად. მოკითხვას გითვლიანთ ჩვენები, დიდის
მოწყენითა და პირზე კოცნითა. მინდა გახაროთ, რომ საქმე კარგად დაიწყო. დღეს
პირველი შეტევა გვქონდა. ჩობოლაურები აღებულია. ვაწარმოებთ ფილოსოფიურ
მეცნიერულ გამოკვლევებს. ყველანი ისევ ჩვენი მორჩილები იქნებიან ამის მერე.
ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!
ქვეითი მოლაშქრეები.
6.II– 68 წ.
დიადი სიტყვა
(მემატიანის რვეულიდან)
როდესაც ფილოსოფიურ_ მეცნიერული გამოკითხვა დამთავრდა, სებამ ზარები
დარეკა და დეკანოზებმა სიტყვით მიმართა ჩობოლაურებს:
«ჩვენ და თქვენ ერთი ხეობის ხალხნი ვართ. ერთი ცა გვხურავს მაღლიდან და
ერთი არაგვი ჩამოგვიდის ჭალაზე. დღეის მერე ერთმანეთთან მეგობრულად უნდა
ვიყვნეთ. თუ ვინმემ რამეზე შეგაწუხოთ სხვა სოფლებიდან, იმწუთში შეგვატყობინეთ
და მოგეხმარებით. ჩვენ რა გვაქს გასაყოფი? არაფერი. ნურც ნურაფერს დავუმალავთ
ერთიმეორეს. ჩვენ, ჩოხელებს, გადაწყვეტილი გვაქვს, ავაშენოთ ხუთასოთახიანი
საერთო სახლი. ამისათვის გვჭირდება მასალა. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ. აი,
ეს კაკლები რომ გიდგათ, ამათაგან ძალიან კარგი მასალა გამოვა. რაც შეეხება ქალების
გათხოვებას, ვინც ჩვენ არ გვინდა, ისინი ვიზეც გინდათ, იმათზე შეგიძლიათ
გაათხოვოთ. თქვენ დღეს სათემო ხატზე დაიფიცეთ, ფიცის გამტეხს რისხავდეს
სათემო ხატი!»
_ ამინ! _ დაიძახეს ჩოხელებმა.
_ ამინ! _ ხმა მისცეს ჩობოლაურთ
ამის შემდეგ მთავარსარდალმა მოლაშქრენი მოაწყო და გზას გავუდექით
მეზობელი სოფლისკენ, რომელსაც ლიდა ჰქვია.
მღვდელი
(მოთხრობა მწერლის რვეულიდან)
გუდამაყარში ერთმანეთშია არეული კერპთაყვანისმცემლობა და ქრისტიანობა.
ახლაც აცხობენ პურისაგან მგლებს, რომელთაც აგურის კბილებს უკეთებენ. პურის
მგელი საქონლის ბაგაზე მიაქვთ. ჯერ წნელით შეუკრავენ პირს და ულოცავენ.
«აესრემც შაუკვრის პირი იმ მგელს, რომელმაც ჩემაი ძროხიაის შაჭმა მაინდომოს».
მერე წნელს ახსნიან და მგელს აგურის კბილებს საქონლის ბაგაზე უმტვრევენ:
«აესრემც დაგენაყება, მგელო, კბილები!»
«აესრემც დაგემტვრევა მუხლები!» _ ამტვრევენ მუხლებსა და ლუკმა ლუკმა
ჩაციცქნილ მგლის კვერს საქონელს აჭმევენ.
ქრისტიანობა უცნაურად შემოდიოდა აქ. ჯერ ვერ ურიგდებოდნენ ახალ
სარწმუნოებას. მერე თანდათან იწამეს.
რამდენიმე გუდამაყრელი მცხეთაში დაიბარა კათალიკოსმა და საყვედური
გამოუცხდა იმის თაობაზე, გუდამაყრელები უმღვდელოდ რატომ იმარხებითო.
მღვდელი არა გვყავსო, _ თავი გაიმართლეს ამათ.
მაშინ გუდამაყრელებს მღვდელი გააყოლეს და თან გააფრთხილეს, უმღვდელოდ
დღეის შემდეგ მკვდარი აღარ დამარხოთო.
ათნოხში თორმეტი ქისტის მამკლავი, აკაი თამნიაური კვდებოდა. მიუყვანეს
მღვდელი.
მოკვდა აკაი.
შემოდგომის გაყინული მიწა ძლივს ამოთხარეს წერაქვებით. ერთი ყარაული
საფლავთან
დააყენეს,
რომ
სამარეს
ავი
სულები
არ
დაჰპატრონებოდნენ,
დანარჩენებმა ხვნეშით მოასვენეს მიცვალებული, სანამ ჩაასვენებდნენ, კიდევ რაღაც
ლოცვები თქვა მღვდელმა: და, როცა მისი თანხმობა მიიღეს, მძიმედ ჩაუშვეს
გაყინულ მიწაში კუბო. მერე უცებ მღვდელს სწვდნენ და თან ჩააყოლეს. ყვიროდა
მღვდელი და ამოსვლას ცდილობდა. მაგრამ რამდენიმე გაყინული ბელტი ისე
მძლავრად მოხვდა თავში, უღონოდ გადააწვა კუბოს. გუდამაყრელები გულდაგულ
ავსებდნენ სამარეს მიწით და თან ბუტბუტებდნენ.
_ მიწა ხარ და მიწად იქეც!
_ მიწა ხარ და მიწად იქეც!..
ამ საქმესაც მორჩნენ და კვირის თავზე ახალი სადარდებელი გაუხდათ, _
დუმაცხოში ხუთი ქისტის მამკლავი გაგილაი გარდაიცვალა. გუდამაყრელები
მცხეთაში ჩავიდნენ და კათალიკოსს მოახსენეს:
_ კაცი მოგვიკვდა და უმღდელოდ ვერა ვმარხავთ..
_ ხომ გაგაყოლეთ მღვდელი! _ გაიკვირვა კათალიკოსმა ამათი «მოქცევა».
_ ის მღვდელი სხვა მკვდარს ჩავაყოლეთ, ხო თქვით, უმღვდლოდ არავინ
დამარხოთო, ეს კიდევ სხვა მკვდარია.
კათალიკოსმა რა უთხრა, არ ვიცი. ქრისტიანობამ კი ფეხი მოიკიდა გუდამაყარში.
თუმცა კათალიკოსი იმის მეტს რას იტყოდა:
_ «არ ცოდნა, არ ცოდვა არისო». _ მე მგონი, მეტს არაფერს იტყოდა.
ლიდა
(მემატიანის რვეულიდან)
ლიდა ჩობოლაურის აღმოსავლეთით ერთი კილომეტრის დაშორებით არის. ამ
სოფელსაც
ორივე
მხრიდან
კლდიანი
ხევები
ჩამოუდის,
გზაც
უფრო
მოსახერხებელია და რაც შეიძლება სწრაფად მივდივართ. წინა შეტევამ გვიჩვენა, რომ
სწრაფად მოქმედება გამარჯვების ნახევარს უდრის. მზვერავები ეს ეს არის
მობრუნდნენ და ამბავი მოიტანეს, რომ სოფელი თითქმის მთლიანად დაცლილია,
მარტო უშვილო ცოლ ქმარიღა არისო დარჩენილი.. ქალი ავად ყოფილა, ლოგინად
ჩავარდნილი. მთავარსარდალი ფრთხილობს: შეიძლება მტერი ჩასაფრებულია სადმე,
რომელიღაც სახლში, საჭიროა ალყა შემოვარტყათ.
სოფელს გარს შემოვერტყით და დაიწყო სახლების ჩხრეკა. მართლა ცარიელი
აღმოჩნდა სოფელი, ქალაქში გახიზნულან საზამთროდ. მთავარი იერიში ცოლ
ქმარზე მივიტანეთ და ისინიც უცებ დაგვნებდნენ. სოფელ ლიდის თავზე ჩვენი
დროშა ფრიალებს. დეკანოზი ცოლ ქმარს ხატზე აფიცებს და მთავარსარდლის
ბრძანებით, ექიმი წამლებს აძლევს ავადმყოფ ქალს. სებაი ზარებსა რეკავს და ამით
გუდამაყარს ამცნობს, რომ ლიდაც კვლავ ჩოხლების სურვილების აღმსრულებელია,
უპირველეს ყოვლისა, ქალების საკიხში. შემდეგ იწყება ფილოსოფიური დაკითხვა.
სული და სიკვდილი
(ფილოსოფოსის რვეულიდან)
_ სახელი და გვარი.
_ ბათილა ლიდიაური.
_ რამდენი წლისა ხარ?
_ ოთხმოცის.
_ შვილები გყავს?
_ არა უშვილო ვარ.
_ როგორ გგონია, სად მიდის სული სიკვდილის შემდეგ?
_ სული? სული არ დაიკარგება. ხორცს გაეყრება და სიზმარივით იქნება. სულ
სიზმარივით იქნება. ცხონებული ვინც არის, ის სულ ნათელში იქნება, ბოროტებს სხო
ადგილი ექნებათ.
_ შენ როგორ გგონია, როგორ ადგილზე მოხვდები?
_ მე.. უშვილოები, თურმე, პირქვე წვანან. ოღონდ მაგას ნუ დაწერ.
_ რატომ ნუ დავწერ?
_ უშვილო ვინმე წაიკითხავს და გულს შამააკლდება.
_ სიკვდილზე რას იტყვი. ქვებსა და ხეებს თუ აქვთ სიკვდილის განცდა?
_ სიკვდილი რომ გამაიგონა ღმერთმა, იფიქრა, მოდი გამოვცდიო და ჯერ ქვას
მიარგინა იმის განცდა. ქვებმა ისე განიცადეს, იმდენი იდარდეს, დარდისაგან სუ
იფშვნებოდნენ,
აღარ
ივიწყებდნენ
თანამოძმის
სიკვდილს
და
ყველანი
იფშვნებოდნენ. ღმერთმა იფიქრა, ამათთვის ეს განცდა არ შეიძლება, ამისათვის
სუსტებიაო, აარიდა ქვებს სიკვდილი და ახლა ხეს მიარგინა, იმათაც ძალიან
განიცადეს, მთელმა ტყეებმა ტოტები ჩამაილეწეს და აღარ ივიწყებდნენ. ხეებსაც
აარიდა და ახლა წყალს მიარგინა. ვერც წყალმა გაუძლო, დაშრობა დაიწყო. ადგა
ღმერთი და ადამიანებს მიარგინა სიკვდილი. ადამიანმა იტირა, იტირა.. მერე
დამარხა მკვდარი და ტირილით გადაიმგლოვა კიდეც. ჰოო, ამის მერე ღმერთმა
ადამიანს მიაკუთვნა სიკვდილის განცდა.
მცირე საიდუმლო
(”საიდუმლო დავალებათა” რვეულიდან)
მზვერავებმა ლიდაში ყოფნის დროს საზღვაო ნაწილის ცნობა მოიტანეს. შიჯანათ
ქალი და ქალთამზე იტყობინებიან, რომ არაგვი რამდენიმე ადგილზე გაყინულია და
საჭიროა ჩამტვრევა, რომ არაგვის გაღმა მყოფმა სოფლებმა გამოღმა კავშირი ვერ
დაამყარონ. ზომები მიღებულია.
დარდი № 1680
(დარდების შემგროვებლის რვეულიდან)
_ სახელი და გვარი?
_ ბათილა ლიდიაური.
_ რა გადარდებს?
_ ის რომ უწილ უკერძომ უნდ გადავიარო.
_ მეტი არაფერი?
_ ამაზე მეტი დარდი რაღა გინდა, ცოცხალი იყო და შენი არსებობის
გამგრძელებლად შვილს ვერა ხედავდე. რა დავუშავეთ იმ დალოცვილ ღმერთს, რომ
აქ შვილი არ გვაღირსა, იქ კიდევ პირქვე უნდა იწვნენ უშვილოები.
_ ჰოო, მართლა დიდი დარდია. ღმერთთან რომ წავალ ამ ჩემი დარდებით,
პირველს თუ არა, მეორეს ვეტყვი უშვილოების დარდს.
სალომე ლიდიაური
(მოთხრობა მწერლის რვეულიდან)
სოფელ ლიდის ზემოთავში ჩამონგრეული სახლ-კარია. ამ სახლში ათიოდე წლის
წინათ მშობლებმა გამსიველ ბათირაზე დანიშნეს სალომე.
ჩალისფერი თმა კოჭებამდე სწვდებოდა სალომეს. ყანაში რომ მიდიოდა ყანისაგან
ვერ გამოარჩევდით, ღელავდა ყანა და ღელავდა ქალიშვილი.
უცნაურად უყვარდათ სალომესა და ბათირას ერთმანეთი. ხანდახან თვეობით არც
კი ნახავდნენ ერთიმეორეს, სიახლოვისა ეშინოდათ.
იმ გაზაფხულზე ბათირაის უფროსი ძმა სალომეს მშობლებს კალობანს უშენებდა.
ბათირაის ძმას საღირაი ჰქვია. ეხლაც ცოცხალია საღირაი. ჩუმი კაცია, უთქმელი.
მთელი დღე, რომ მასთან იყვე, ერთ ორ სიტყვას ძლივს ათქმევინებ.
მაშინ ბათირაი სალომეზე ჯერ არ იყო დანიშნული, ქალ ვაჟი ერთიმეორეს
წყაროზე ხვდებოდნენ ხოლმე მთვარიან ღამეში. მივიდოდა სალომე, კოკას აავსებდა,
მერე მხოლოდ ერთხელ შეხედავდა ბათირას და წამოვიდოდა სახლში.
ერთ ღამეს ყანებში საღირაი დახვდა სახლში მიმავალ სალომეს და მკლავში
წაავლო ხელი.
_ ხომ ვიცი, ვისთანაც იყავი, _ უთხრა საღირამ.
_ მერე რა გინდა!
_ ის რომ, მე მიყვარხარ.
_ მე არ მიყვარხარ..
_ შეგიყვარდები, როცა ჩემი გახდები, შეგიყვარდები.
_ ეგ არასოდეს არ მოხდება.
_ მოხდება. თუ არადა, არც ერთს არ გაგახარებთ.
იმ ღამეს არ დასძინებია სალომეს. მეორე დღესაც შეხვდა ბათირას, მაგრამ
საღირაის შესახებ ხმა არ ამოუღია.
საღირამ მშენებლობა მოათავა და სახლში წავიდა.
შემოდგომაზე ბათირამ მარჯეკლები მიაგზავნა და მშობლებმა სალომე ბათირაზე
დანიშნეს. სალომეს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
გაჯავრებულმა საღირამ ძმას უთხრა:
_ არ გინდა, ნუ მოიყვან სალომეს ცოლად.
_ რატომ?
_ იმად, რომ მე რომ მაგათას ვმუშაობდი, ყოველღამე მალვით მოდიოდა და ჩემთან
წვებოდა.
იმ დღის მერე აღარც წყაროზე მისულა სალომეს სანახავად ბათირაი და არც
ქორწილზე დაუწყია იმის მშობლებთან მოლაპარაკება.
სალომემ აღარ იცოდა, რა ექნა, მერე ამხანაგი გოგოს პირით ჰკითხა ბათირას
მიზეზი, ბათირამ, რა თქმა უნდა, დაუბარა, ჩემი ძმის ნათრევს ცოლად ვერ
მოგიყვანო.
სალომე ჯერ ხატში ასულა და დაუფიცნია, რომ მართალი იყო. მერე თურმე სულ
ყარაულობდნენ მშობლები. თავს არაფერი მოუწიოსო.
გუდამაყრის არაგვი ხომ სუ შავი მოდის, გაღმა სოფლელებს დაუნახავთ, ჩამოვიდა
სალომე არაგვზე, მოიხსნა თავშალი, იხვია თვალებზე და შედგა ხიდზე. ისე
შეშინებულან, ვინც ხედავდა, ისიც კი ვეღარ მოუფიქრებიათ, რომ მიშველებოდნენ.
ბათირასაც დაუნახია. ჯერ კი არც ის გაქცეულა.
გასულა თვალახვეული სალომე ხიდზე. მერე ისევ გამოსულა. მერე ისევ
გასასვლელად მიბრუნებულა და ამ დროს იმისი მეგობარი ქალები გამოჩენილან
წიოკით. შუამდე ვეღარც კი მისულა ხიდზე, გადაშვებულა წყალში. თურმე მისდევს
ხალხი არაგვს და ვერავინ ბედავს შიგ შესვლას. ადევებული წყალი ყოფილა.
გამოქცეულა ბათირაი და შევარდნილა წყალში.
არაგვი ხომ შავია. თურმე მოჰქონდა წყალდაწყალ ბათირას სალომე, იმის თმაი
ეგრე ლივლივებდა მდინარის ტალღებზე, როგორც მოსამკალი პურის ყანა ქარში..
სოფელ ლიდის ზემოთავში ჩამონგრეული სახლ კარია..
ხოზა
(მემატიანის რვეულიდან)
მართალია, ლიდაში ხალხმრავლობა არ იყო, მაგრამ დეკანოზმა მაინც სცა იქ მყოფთ
პატივი და წამოსვლისას გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვა:
«ჩვენ, დღევანდელი ჩოხლები, ვაგრძელებთ და კვლავაც გავაგ-რძელებთ ჩვენი
წინაპრების ადათ წესებს.
ჩვენ ლიდის მცხოვრებლებთან ადრიდანვე მეგობრული ურთიერთობა გვქონდა
დამყარებული. ისინი უარით ვერ გამოგვისტუმრებდნენ ქალის სათხოვნელად
მისულებს. არაერთხელ და ორჯერ გაგვიწევია ერთიმეორესთვის დახმარება, ჩვენ
კვლავაც უნდა დავეხმაროთ ერთიმეორეს, საშენი მასალითაც და ყველაფრით.
მაგალითად, აი, ეს კაკლის ხეები ძალიან კარგ საშენ მასალას მოგვცემს და, რა თქმა
უნდა, ამ დახმარებაზე უარს არ ვიტყვით, მით უმეტეს, მაშინ, როცა ასეთი
გრანდიოზული შენობის წამოწყებას ვაპირებთ. პროექტი უკვე შედგენილია, საჭიროა
მარტო მასალა.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - Adamianta Sevda - 3
  • Parts
  • Adamianta Sevda - 1
    Total number of words is 3703
    Total number of unique words is 1800
    30.7 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Adamianta Sevda - 2
    Total number of words is 3445
    Total number of unique words is 1932
    28.1 of words are in the 2000 most common words
    38.5 of words are in the 5000 most common words
    44.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Adamianta Sevda - 3
    Total number of words is 3657
    Total number of unique words is 1931
    28.8 of words are in the 2000 most common words
    40.2 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Adamianta Sevda - 4
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 1983
    29.4 of words are in the 2000 most common words
    40.2 of words are in the 5000 most common words
    46.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Adamianta Sevda - 5
    Total number of words is 3416
    Total number of unique words is 1890
    30.2 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.