Latin
Total number of words is 3703
Total number of unique words is 1800
30.7 of words are in the 2000 most common words
42.3 of words are in the 5000 most common words
49.0 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ადამიანთა სევდა
(რომანი)
შესავალი
_ თუ დრო არა გაქვს, ნუ დაიწყებ კითხვას.
_ რატომ?!
_ ერთ მივარდნილ ხეობაზე ვწერ _ გუდამაყრის ხეობაზე. დიდი ხანია
გუდამაყრელებზე დაწერა მინდოდა, მაგრამ ვერა და ვერ მოვახერხე. თუმცა ჯერ
ოცდახუთი წლისა ვარ და სულ სამი წელია მას აქეთ, რაც მწერლობა დავიწყე. მაგრამ,
ასე მგონია, სამი წლის მაგიერ, სამი საუკუნეა გასული და ვიტანჯები, დღემდე
გუდამაყრის ხეობის შესაფერი რომ ვერაფერი დავწერე.
აქამდე მეგონა, გუდამაყრის ხეობა დიდი წიგნია და შიგ უამრავი მოთხრობაა
მეთქი.. არა, არა! ნამდვილად რაღაც არის ჩემს თავს. ადამიანებს ისე აღარ ვუყურებ,
როგორც ამ სამი წლის წინათ ვუყურებდი. ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია
და ყოველ მათგანს სათაურს ვუძებნი. აი, სადმე რომ შემხვდე და ლაპარაკი დამიწყო,
იმწუთში წარმოვიდგენ, რომ მოთხრობა ხარ და სათაურს მოგიძებნი. არ ვიცი, რას
მივაწერო, თავდაპირველად მარტო გუდამაყრელები მეჩვენებოდნენ მოთხრობებად,
ახლა, ვინც უნდა იყოს, და რა ეროვნებისაც უნდა იყოს, მოთხრობა მგონია. თუ
აქამდე მარტო გუდამაყრის ხეობა იყო უცნაური მოთხრობებით სავსე წიგნი, ახლა
მგონია, რომ დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც
უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის. ოო, იცი, რა დიდებულია ეს წიგნი! თვითონ
მოთხრობები უდგამენ კარგ მოთხრობებს ძეგლებს, უხილავი შემოქმედის ხელით
იწერება და იშლება ეს წიგნი და, ნეტა ვიცოდე, რა მემართება _ ახლა წარმომიდგა,
რომ დედამიწა იმ დიდი წიგნის ფურცელია, რომელსაც სამყარო ჰქვია, ნეტა
მაცოდინა, სად არის დალოცვილი მწერალი, რომლის ხელითაც იწერება ეს დიდი
წიგნი. ან დასაწყისი სადა აქვს ამ წიგნს, ან დასასრული. ან იქნებ არ ერთი აქვს და არც
მეორე.. დედამიწა მისი ერი ფურცელია, გუდამაყრის ხეობა კი ალბათ სხვა, უამრავი
მოთხრობების ქვესათაური.
_ მე?
მე ვინღა ვარ?
_ ალბათ მეც მოთხრობა ვარ.
მერედა, რა ხელი მაქვს ჩემს გარშემო მყოფ მოთხრობებთან?
იცი, რა მინდა?
_ რა?
_ რომ გითხარი, გუდამაყარზე რომანის დაწერა მინდა მეთქი, მოდი, მართლა
დავწერ.
ალბათ ვერ წარმოიდგენ, როგორ ვიტანჯები: რომ არ დავწერო, არ შემიძლია,
არადა, რა დავწერო, როგორ დავწერო.. ერთი კია, როგორც არის, ისე ვწერ, არაფერს
გამოვტოვებ, მაგრმ დაწყება მიჭირს. ალბათ შემოქმედსაც ძალიან უჭირდა დაწყება,
როცა სამყაროს წიგნის წერა დაიწყო. როგორ მინდა, ზუსტად ისევე დავიწყო და არ
დავამთავრო.. ყველაფერზე მინდა ისე ვილაპარაკო, როგორც ვხედავ და როგორც
განვიცდი. თანმიმდევრობა ხომ ჩემი საქმე არ არის, მოთხრობებზეა დამოკიდებული,
იმათ კი ასეთი უცნაური ზნე ჭირთ, სულ არ მეკითხებიან არაფერს.
თავი მოგაბეზრე, არა?
რას იზამ, დასაწყისი ვერ ვიპოვე, არ ვიცი, რით დავიწყო, როგორ მოვუყარო ამდენ
მოთხრობას ერთად თავი. აგერ ახლა ფანჯრიდან ვხედავ სამი მთვრალი მოთხრობა
მოდის
გზაზე
სიმღერით.
ერთმანეთისათვის
ხელები
გადაუხვევიათ
და
მობარბაცებენ. მოდი, ისევ სხვა რამეთი დავიწყებ, თორემ ეგენი არ მოგვასვენებენ, იმ
სოფლიდან არიან სადაც სულ გიჟი მოთხრობები ცხოვრობენ. ამას წინათ მაგათ
სოფელზე დავწერე და იმის მერე მოსვენება მაქვს დაკარგული.. აგე, ჩემი სახლისაკენ
ჩამოუხვიეს. წინასწარ ვიცი, ჩემთან ჩხუბი სწადიათ. საეროდ, შეჩვეული ვარ
მაგათთან ჩხუბს. მარტო ეგენი კი არა, ყველა ჩემი მოთხრობა მეჩხუბება.
_ რაზე?
_ ბოლოს რატო გვკლავო. იმიტომ ვკლავ, რომ მიყვარან. ეგენი კი არ მიჯერებენ,
ვერ იტანენ სიკვდილს.
_ სიკვდილს ვერავინ იტანს.
_ მე ვიტან, მიყვარს, როცა მოთხრობებს სიკვდილით ვამთავრებ, სიკვდილი ისევე
ალამაზებს მოთხრობების სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებენ
წყვდიადს.
_ მერედა, სიკვდილისთვის არ გენანებიან შენი მოთხრობები?
_ მენანებიან, მაგრამ წესი მაქვს ეგეთი. ისე არაფერზე ვწერ, თუ არ მიყვარს, ხოლო
რაც მიყვარს, იმას სიკვდილის მომენტში წარმოვიდგენ ხოლმე და მერე ვნანობ, რომ
მოვკალი, ჰოდა, ეს სინანული მაიძულებს სიცოცხლეზე ფიქრს. გუდამაყრელები კი
მოდიან და მეჩხუბებიან.
_ რაო?
_ ჩვენ ჯერ ცოცხლები ვართ და რად დაგვხოცეო?
ვეუბნები ტყულია _ მეთქი..
_ რა არის ტყული?
_ ის, რასაც ადამიანი ხედავს და განიცდის, ყველაფერი მოგონილია და
სიკვდილიც იმიტოა საჭირო, რომ ამ მოჩვენებას მოუღოს ბოლო, თუმცა, რატომ
ვატყუებ, არაფერი არ არის მოჩვენებითი, ყველაფერი მართალია და სიცოცხლე
ძალიან ლამაზია, მე კი ნაადრევად ვკლავ გუდამაყრელებს, ეწყინებათ, მა რა იქნება
ყველამ რომ ერთ დღეს მოიკლას თავი, რა გამოვა.. იმ დღეს ერთ ჩემ მოთხრობას
მიასვენებდნენ დანარჩენები. ცხელოდა, ზემოთ მთაზეა საფლავები, იქ მიჰქონდათ.
რატომღაც ყველანი მე მიყურებდნენ. ადრევე მოვკალი მე ეგ ქალი და მაშინ მეჩხუბა
კიდეც: _ რატომაო? _ ახლა მართლა მოკვდა და დანარჩენები ისე მიყურებდნენ,
თითქოს ჩემი ბრალი ყოფილიყოს, მე განსვენებულს ვუყურებდი და რატომღაც
გავიფიქრე:
_ რა მნიშვნელობა აქვს, ადრე მოკვდებოდა თუ გვიან, მე რომ მოვკალი, მაშინ
იმდენი მეჩხუბა, განა რა არის, რა შეიცვალა მას მერე.
_ ალბათ, აქვს მნიშვნელობა, ალბათ შეიცვალა.
თუმცა ასე არ მინდოდა დამეწყო, სულ სამი მთვრალის ბრალია, ჩამოვიდნენ,
მეჩხუბნენ
და
წავიდნენ.
ისე
საცოდავად
მიბარბაცებდნენ,
მე
კი
იმაზე
მეჩხუბებოდნენ _ რატო წერ ჩვენზეო. ჩვენ არ დავიხოცებითო.. მაგრამ ეს რა
საინტერესოა, მოდი, ვცდი და, ისევ სხვა რამეთი დავიწყებ:
დასაწყისი
მზემ ჩაბრძანება დააპირა და საოცრად მომინდა წერა. ოთახში არ ბნელოდა, მაგრამ
დაწყების წინ გადავწყვიტე, საწერ მაგიდაზე სანთელი ამენთო.
ცეცხლი ავანთე და სანთელი მივუფიცხე. დანით თხლად ვათლიდი გვერდებს და
ხელისგულზე ვზელდი, რომ უფრო კარგად დარბილებულიყო. მერე გამახსენდა, რომ
ჩამოსახვევად ბამბის ძაფი იყო საჭირო, ვეძებე და, რომ ვერ ვიპოვე, შალის ძაფზე
ჩამოვახვიე. მივედი, საწერ მაგიდასთან დავდექი და სანთლის ანთება დავიწყე..
რამდენჯერაც მოვუკიდე, იმდენჯერ ჩაქრა. შალის ძაფს ცეცხლი არაფრით არ
მოეკიდა. მერე ბამბის ძებნას შევუდექი, მაგრამ ვერ აღმოვაჩინე. გარედან ვიღაცამ
დაიძახა. გავედი, თბილისიდან ჩამოსულიყო ერთი გუდამაყრელი მოთხრობა და ჩემ
სანახავად მოვიდა. დავსხედით. მაშინვე მისი სათაურის შერჩევა დავიწყე. ის წასვლას
არ აპირებდა, ბოლოს, ეტყობა, აღარ ვუსმენდი და ვერ გავიგე, როდის წავიდა. ისევ
შინ შევედი და სანთლის გულის ძებნა განვაგრძე. ერთ სკივრში კარგა სქლად
შეკრული ქაღალდების დასტა ვიპოვე, ზედ გასანთლული ბამბის ძაფი ჰქონდა
შემოხვეული. ქაღალდებისთვის ყურადღება არც კი მიმიქცევია, იმ ძაფზე მაშინვე
სანთელი ჩამოვახვიე, ავანთე, ისევ საწერ მაგიდასთან დავდექი და დავიწყე ლოცვა:
_ ღმერთო, სამყაროს დიდო მწერალო, სადაც ხარ და როგორცა ხარ, იდიდე და
იძლიერე. ვიცი, რომ გაჭირდა დაწყება, სხვანაირად არ შეიძლებოდა, გაუჭირვებლად
არაფერი მოდის. ოო, ალბათ რა დიდებულად დაიწყე. მაგრამ შენს წიგნში ყველაფერს
იმდენი მადლი დაახარჯე, ძნელია, კაცმა გაიგოს, სად არის დასაწყისი. თითქოს აქაც
არის, მაგრამ ამავე დროს იქაც არის, ჩემშიც არის და აგე, სამი მთვრალი მოთხრობა,
რომ ჩამოდიოდა გზაზე ბარბაცით, იმათშიც არის. ძაღლშიც არის, ძროხაშიც,
წყალშიც. ჰაერშიც, მიწაშიც. შენ ისე დიდებულად წერ, იმდენ რამეზე და ისე
თავისუფლად წერ.. სურვილი მაქვს, მეც თავისუფლად ვწერო, ერთი ამბიდან
მეორეზე ისე გადავიდე, ვითომც არაფერი. შენ ახერხებ, ყოველნაირ გადახვევა
გადმოხვევაში დიდი კანონზომიერება დაიცვა. აი, სანთელი რომ შალის ძაფზე
ჩამოვახვიე, არ აენთო, იმიტომ რომ შენ წიგნში სხვანაირად წერია _ სანთელი შალის
გულზე არ აინთება და კაცი კიდევ ძაღლის გულით ვერ იკაცებსო..
ამასობაში სანთელი ჩაიწვა და ხელმეორედ მივედი სკივრთან, რომ კიდევ ამეღო
ბამბის ძაფი. ერთი წყება კიდევაც შემოვხსენი და რატომღაც იმ ქაღალდებით
დავინტერესდი.
რამდენიმე გვერდი წავიკითხე და ჩემ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა
საბოლოოდ
დავრწმუნდი,
რომ
აქ
სწორედ
იმ
საოცარ
ლაშქრობაზე
იყო
მოთხრობილი, რომელიც სოფელ ჩოხის მცხოვრებლებმა მოაწყვეს გუდამაყარში. ამ
საუცხოო ლაშქრობაში პირადად ბებიაჩემიც იღებდა მონაწილეობას და რადგან
საიდუმლოს შენახვით განთქმული ქალი იყო, ეტყობა, ეს ქაღალდები იმიტომაც
ჩაუბარებიათ. დედაჩემს ამ ლაშქრობაში არ მიუღია მონაწილეობა, იმ ზამთარს ავად
იყო, ხოლო მე და ჩემი და, რადგან ჩვენთან სკოლა არ იყო, სხვაგან ვიყავით
გაბარებულნი. ასე, რომ ყოველთვის გული მწყდება, როცა ჩემი ტოლები ამ
ლაშქრობაზე მიყვებიან..
აი, ახლა სწორედ იქ მიმიყვანა ბედმა, საიდანაც უნდა დამეწყო და, რადგან
ჩანაწერები არეულია, შევეცდები, ოდნავ მაინც დავალაგო და ისე წარმოვიდგინოთ.
ჩანაწერებს გარედან სქელი ყდა ავქს შემოკრული და მსხვილი ასოებით აწერია:
ლაშქრობა გუდამაყარში
პირველ გვერდზე მოყვანილია ამ სახელოვან ლაშქრობაში მონაწილეთა სია:
1. ვაჟი გოგი _ მთავარსარდალი.
2. ბიბღაი _ დეკანოზი (ანუ მედროშე).
3. სებაი _ ზარის მრეკველი.
4. სამხარაული _ მოლაშქრეთა ისტორიკოსი გეოგრაფი (მემატიანე).
5. ქიმბარი _ ფილოსოფოსი.
6. ჩაღი _ მოლაშქრეთა მწერალი.
7 ზინაი _ ექიმი.
8. გამიხარდაი _ დარდების შემგროვებელი.
9. სალომე _ მესაიდუმლე (ევალება საჭიროების შემთხვევაში ჩანაწერების
გადამალვა).
10. შეთე _ სასიძო.
11. ელენაი _ დიასახლისი (პურის გამოცხობა, კერძის დამზადება და სხვა).
12. ტატიაი - მზვერავი.
13. ტაშკენტაი _ მზვერავი.
14. გარახტინაი – მზვერავი.
(ამათ საჭიროების შემთხვევაში უნდა დაიხმარონ ელენაი და სალომე).
15. სოფიაი – მყვირალი.
16. კატუშაი – მყვირალი.
17. მართაი _ მყვირალი.
(ამათ მტრის ჯარში პანიკა და არეულ-დარეულობა უნდა შეიტანონ ყვირილით,
კარგი ყვირილი იციან).
18. ქეთუაი – უბრალო მოლაშქრე.
19. ნინუაი – უბრალო მოლაშქრე.
20. სიდუაი _ უბრალო მოლაშქრე.
21. ტასაი – უბრალო მოლაშქრე.
22. კოტორაანთ ქალი – საიდუმლო ნაწილი.
23. შარვანიანთ ქალი _ საიდუმლო ნაწილი.
24. შიჯანათ ქალი – საიდუმლო ნაწილი.
25. ქალთამზე _ საზღვაო
ნაწილი (რადგან გუდამაყარში ზღვა არ არის, ამათ
ევალებათ არაგვთან კავშირი, სანამ ლაშქრობა არ დამთავრდება, მანამდე სულ არაგვარაგვ უნდა იარონ).
26. თებრუაი,
27. დარიკო,
28. ლელაი,
29. თამარაი,
30. გალილეი,
(ესენი უნდა დარჩნენ ჩოხში და სოფელს მიხედონ, საქონელს აჭამონ, ფრინველებს
და ლოგინად ჩავარდნილ ბებრებს მოუარონ).
აი, დაახლოებით სრული სია იმ სახელოვან მოლაშქრეთა და მამაც მებრძოლთა,
რომელთა უმრავლესობა ქალებია, იმიტომ რომ ზამთრობით კაცები ცხვარში მიდინ,
ახალგაზრდები _ ქალაქში და გუდამაყარი ქალებსა და ბავშვებსღა რჩებათ.
ავტორისაგან
მანამ დანარჩენ ჩანაწერებს წარმოგიდგენდეთ, მინდა ზემოხსენებულ სიში მყოფი
რამდენიმე მოლაშქრე გაგაცნოთ.
1. ვაჟი გოგი (მთავარსარდალი)
ზამთარია. გუდამაყრის ხეობა თოვლით არის გალესილი. თბილა.
აღმოსავლეთ მთის ფერდზე სოფელი ჩოხია შეფენილი. აქა იქ სახლებიდან
ზლაზვნით ამოდის ბოლი. მზე ნება ნება ამოიწია და სხივები სოფელს მოეფინა.
სოფელში ჯერ სიმყუდროვეა. ძაღლის ყეფაც კი არსაიდან ისმის. მერე თანდათან
გამოვიდნენ სახლებიდან აქ შემორჩენილი მოხუცები. გამორეკეს საქონელი, წყაროზე
დაარწყულეს და მზის გულზე დააყენეს. ძროხებმა სიამოვნებით მიუფიცხეს მზეს
შემცივნებული ზურგები.
გამოვიდა სახლიდან ვაჟი გოგი, კალობანზე დათვის ტყავი მიიფინა და მზეს
მიეფიცხა.
ნებ ნება, თითო-ოროლაობით მოიყარა ვაჟი გოგის ბანზე სოფელმა თავი. რამდენიც
ახლად მოვიდა, იმდენმა ჩაახველა და ჩუმად დაჯდა.
სიჩუმეა ირგვლივ.
ჩუმად ზის ვაჟი გოგიც და გონებაში ახალ ტყუილს იგონებს.
თითქმის ყოველდღე ასეა, მოვლენ ეს მოხუცები, რა ვიცი, ზოგს მოხუცობა არც
ეთქმის, შუახნისები არიან, თუმცა უმეტესობა უკვე ხანშია შესული და იმიტომ
ვამბობ, მოხუცები მეთქი. ისინი ცალკე თავიანთი შვილებისა და შვილიშვილების
უნახაობით არიან მოწყენლნი, ცალკე ზამთრის გრძელი ღამეებითა და სიწყნარით
გულგამოკლულნი. ერთადერთი ვაჟი გოგიღა არის მაგათი გამამხიარულებელი.
ვაჟი გოგი ორ ომშია ნამყოფი და ამით ძალიან მოაქვს თავი. მკერდზე
განუშორებლად რამდენიმე მედალი ჰკიდია და, როცა მზე ადგათ, ისე ბრწყინავენ,
მათი შემხედვარე ჩოხელები ძალაუნებურად იჯერებენ ვაჟი გოგის ტყუილებს. რა
ვიცი, შეიძლება ტყუილებიც არ არის, მაგრამ ისეთ რაღაცეებს ჰყვება, რამდენჯერაც
მოვუსმინე, მგონი ტყუილი უფროა, ვიდრე მართალი.
_ ეეჰ, ხანდახან არ დაგიფასებენ კაცს შრომას.. _ დაიწყო გულნატკენი კილოთი
ვაჟი გოგიმ.
ხალხმა ყური მიუგდო და გაინაბა.
_ მეტი რაღა დაფასება გინდა, მედლებით გაქვს აყვავებული მკერდი, _ წამოიძახა
ბიბღამ.
_ ეე, ეს რა არის, მე რო შრომა დამფასებიყო, ეხლა განა აქ, თქვენთან უნდა
ვმჯდარიყავ?..
_ მაშ სად უნდა იჯდე?
_ იქა, მაშ!
_ რა ყო, სად იქა?
_ რა და, თორმეტი წელი წყალქვეშა გემის კაპიტანი ვიყავ. თორმეტი წელი
წყლიდან არ ამოვსულვარ. დღეს რომ ამ წყლის ძირ ვიყავ, ხვალ კიდევ იქ ვიყავი, ეე!
რა ქალაქები და ქვეყნებია წყლის ქვეშ, რო იცოდეთ, ერთი არ გასჩერდებოდით აქა,
დღესვე წყალში ჩასცვიოდით, მაგრამ, რა გამოგივათ? არაფერი, თქვენ იმათი ენა არ
იცით და იმათ თქვენი.. ვერ შეეწყობით7 ისევ აქ გირჩევნიათ ყოფნა.
_ გინდა ენაც ვიცოდეთ, ზღვა სადა ვნახოთ.
_ აი, ზემოთ ნარიანაის მთაზე რო ტბა არის, იქ შეგიძლიათ ჩასცვივდეთ, ეგ ტბა
ისეთი ძირის პატრონია, პირდაპირ ზღვასთანა აქვს კავშირი.
_ მართლა იძახი?! -– დაეჭვდა ბიბღაი.
_ მართლა, მაშა, განა ერთხელ შამამიცურნია მაგ ტბაშია და ორჯერა, მაგრამ თავის
ამოყოფა არ შეიძლებოდა, საიდუმლოდ დავცურავდი. ზოგჯერ მწყემსების ლაპარაკი
გამიგონია ტბის ნაპირიდან, მაგრამ თავს ხო არ ამოვყოფდი. ერთი ქალაქი მაგ ტბის
ძირშიაც არის.
_ ისენიც სხვა ენაზე ლაპარაკობენ?
_ ისენიც, იქ არავინ ჩავარდეთ, თორო, სუ ერთია, იმათ ლაპარაკს ვერ გაიგებთ და
შეიძლება ვეღარც ამოხვიდეთ.
_ მაინც როგორი ენა აქვთ, როგორ ლაპარაკობენ?
_ აისერიო მისერიო მისერ, _ თქვა ვაჟი გოგიმ.
_ ეგ რას ნიშნავს?
_ კაცს ისე არ აფასებენ, როგორც უნდა აფასებდნენო, _ მართალიც არის. ეხლა მე აქ
უნდა ვიჯდე?! მაგრამ რა გინდა, თორმეტი წლის განმავლობაში ერთხელ ამოვყავ
წყლიდან თავი და მაშინაც სამშობლოს ღალატი დამწამეს.
_ რატომ?
_ არ უნდა ამოგეყო.
_ რაღა უთხარი.
_ ანდე თქვენა და ანდე თქვენი გემი მეთქი.
_ მერე?
_ ორი წელი ჩამსვეს ციხეში. იქიდან რომ გამომიშვეს, რეაქტიულ თვითმფრინავზე
დავიწყე მუშაობა. ისეთი სწრაფი იყო, თოლს ვერ მოჰკრავდი.
_ არც იქიდან უნდა გამოგეყო თავი?
_ არა. როგორი გაძლება გინდა.. გადავუვლიდი ამ ჩვენს სოფელს და გადმოხედვის
უფლება კი არ მქონდა. მივდიოდი, რომელიმე ქვე-ყანას დავბომბავდი და მოვდიოდი
ისევ უკან, გადმოვივლიდი ამ ჩვენი სოფლის თავზე, ჩემთვის კი გავიფიქრებდი,
მოდი, გადავიხედავ, იქნებ ხატობა აქვთ მეთქი, მაგრამ ჯერ მაშინ შევცდი, წყლიდან
რომ ამოვყავ თავი.
_ შენ ადგილზე რომ ვყოფილიყავ, მე თვითმფრინავიდანაც გადმოვიხედავდი, _
თქვა ტატიამ.
_ ჰოდა, რომ გადმოვიხედე, იმიტომაც ვზივარ თქვენთან, _ თქვა ამოოხვრით ვაჟი
გოგიმ და გაჩუმდა.
სხვებიც ჩუმად ისხდნენ.
მერე ეს სიჩუმე ოზანოს მთიდან გამოქანებულმა ზვავის გრიალმა გააყრუა. კარგა
ხანს აძლევდა გუდამაყრის ხეობა ზვავის ხმას ბანს, მერე ისევ დადუმდა ყველაფერი.
ახლა ყველანი ჩუმად გაჰყურებდნენ გალილეის, რომელიც თოვლის კაცებს
აკეთებდა თავისი სახლის ბანზე. გალილეიც ომშია ნამყოფი და, რაც იქიდან
მობრუნდა, სულ ომობანას თამაშობს. ისე ჰყვანან ქათმები მიჩვეული, აღარ
სცილდებიან, ახლაც გარს ახვევია მთელი სოფლის ქათმები. ის კი ჯერ მათ ყურს არ
უგდებს, თოვლის კაცებს აკეთებს, იქვე ახლოს ქათმებისთვის არაყში აზელილი პური
უდგას ქვაბით. კაკანებენ ქათმები. გალილეი არყიან პურს უყრის და ისინი ჯერ
ჩიჩახვებს დაიბერავენ. მერე, საკმაოდ შემთვრალები, ერთმანეთს დაერევიან
საჩხუბრად. გალილეი მთავარსარდალია. როგორც უნდა, ისე მიჰყავს ომის
მსვლელობა, ხან წითელ ქათმებს ეხმარება, ხან თეთრებს. ხელში ყოველთვის ხმალი
უჭირავს, ჰაერში იქნევს და ქათმებს დაჰკივის:
_ ტატიაანთ ქათამო, მარცხენა მხრიდან შეუტევ მოწინააღმდეგეს და რაც შეიძლება
ცოცხლად! ღალატია, ღალატი!!! აეგრე!
ყვირის გალილეი და მთვრალი ქათმებიც აღარ ინდობენ ერთმანეთს. ბრძოლა
იმდენ ხანს მიმდინარეობს, ვიდრე ქათმების ჯარს ბრძოლის ველზე არ ჩაეძინება.
_ რომლებმა გაიმარჯვეს გალილეი? _ ეძახის ვაჟი გოგი ხმალშემართულ
გალილეის.
_ ჭრელებმა! _ პასუხობს გალილეი და ბანის პირზე ბარბაცით მიმავალ ჭრელ
მამალზე უჩვენებს ხმლით. მამალი ნება-ნება მიდის, გამარჯვებულის ნაბიჯებით.
_ ეგენი ვინ არიან? _ თოვლის კაცებზე ანიშნებს ვაჟი გოგი.
_ ეს ნაპოლეონია, _ აჩვენებს გალილეი, _ ეს ალექსანდრე მაკედონელი, ეს
ჰიტლერი, ეს აქილევსი, ეს შაჰაბასი, ეს კიდევ თემურ ლენგი.. ყველანი ჩემს
წინაამდეგ არიან ამხედრებულნი. მაგრამ ვერაფერს გააწყობენ.
გალილეიმ მწყობრი ნაბიჯით ჩამოუარა თოვლის კაცებს. მერე განზე გადგა და
შესძახა: _ წაგასლეკთ თავებს! _ ხმალი ჰაერში დაატრიალა და დაერია. ჯერ თავები
დააჭრა, მერე მიადგა და სულ ერთმანეთში არივ დარია. ცოტა ხანს დაისვენა და ახლა
მძინარე ქათმებს დასჭყივლა:
_ პადიომ, ადექით! ადექით მე თქვენი! _ და რამდენიმე ქათამს წიხლი ამოარტყა,
ქათმებმა გამოიფხიზლეს და წამოფარფატდნენ.
_ სწორდით! _ შესძახა გალილეიმ და ერთი ბღუჯა საკენკი დაუყარა. ქათმებმა
უცებ შეკენკეს და გალილეის მიაჩერდნენ.
_ ეხლა გაღმა სოფელში მივდივართ სალაშქროდ, იქაურ ქათმებს მუსრი უნდა
გავავლოთ. ვაი თქვენი ბრალი, თუ დამარცხდით! _ თქვა ბოლოს გალილეიმ და
ქათმებს გაუძღვა. ისინიც უკან მიყვნენ.
დედაკაცები წიოკით გამოედევნენ გალილეის.
_ სად მიგიდის ქათმები, შე გიჟო, შენა!
_ მამშორდით! _ იყვირა გალილეიმ და ქათმებს ანიშნა, მამყევითო.
_ ნუ გადაგვირიე ე ქათმები, შე ცეტო, შენა!
_ წაგასლეკთ თავებს! _ დაიძახა გალილეიმ და ხმლით გამოუდგა დედაკაცებს.
ვაჟი გოგიმ გალილეი დაიჭირა, ხმალი წაართვა და საბლით ბოძზე მიაბა.
_ წაგასლეკთ თავებს! _ ყვიროდა გალილეი.
დედაკაცები ისევ ვაჟი გოგის მიუსხდნენ და ვაჟი გოგიც მორიგი ტყუილის
სათქმელად მოემზადა.
თანდათან დათბა და გაღმა მთაზე ისევ წამოვიდა ზვავი გრუხუნით.
მერე კვლავ ჩაწყნარდა მიდამო. მარტო ბოძზე მიბმული გალილეი არღვევდა
სიჩუმეს:
_ წაგასლეკთ თავებს! _ ემუქრებოდა დედაკაცებს. ქათმები გარს ეხვეოდნენ და
კრიახ კრიახით რაღაცას ელაპარაკებოდნენ თავიანთ მთავარსარდალს, თავიანთ
ენაზე.
_ სადა ხართ, ხალხო! _ დაიძახა ვიღაცამ გალილეის ბანიდან.
_ მიშველეთ! _ იყვირა გალილეიმ, როგორც კი ამ ხმას ყური მოჰკრა.
_ გამიხარდაი, _ თქვა ვაჟი გოგიმ.
_ აქა ვარ, აქა! _ ყვიროდა გალილეი.
გამიხარდაი მოვიდა და შორიდანვე დაიწყო:
_ ვის რა გიჭირთ, მეზობლებო, ვის რა გადარდიათ, _ თან გუდას იხსნიდა
ზურგიდან და იქიდან სქელტანიან რვეულს იღებდა.
_ ჯერ მე, ჯერ მე! _ იყვირა გალილეიმ. გამიხარდაი მასთან მივიდა, რვეული
გადაშალა და დაწერა:
დარდი №1671
ჩოხელი გალილეი
_ რა გადარდებს?
_ ის, რომ ხელში ხმალი არა მაქვს და დატყვევებული ვარ.
_ მეტი არაფერი?
_ ამხსენი ეხლავე.
_ ეგ ჩემი საქმე არ არის, _ თქვა გამიხარდაიმ.
_ ამხსენ, თორემ წაგასლეკ თავს!
_ ჩემი საქმე არ არის..
_ მაშ რა არის შენი საქმე?
_ მე დარდებს ვაგროვებ, ხალხის დარდს ვაგროვებ, ვის რა უჭირს, ვის რა ადარდია,
_ თქვა გამიხარდაიმ და გალილეის მოშორდა.
_ უჰ შენი! _ ჩაილაპარაკა გალილეიმ.
_ აბა, მეზობლებო, ახალი დარდები თუ გაქვთ, _ დედაკაცებთან მივიდა
გამიხარდაი და რვეულში დარდის ნომერი ჩაწერა:
დარდი №167»
ჩოხელი ვაჟი გოგი
_ რა გადარდებს?
_ ისევ ისა.
_ ისა?
_ ჰო, ისა.
_ მაინც ჩავწეროთ..
_ წყლიდან რომ თავი ამოვყავ, ის მადარდებს.
_ მეტი არაფერი?
_ თვითმფრინავიდან რომ გადმოიხედე? _ იკითხა ტატიამ.
_ ჰო, ეგაც მადარდებს.
_ მე კი არ ვიდარდებდი მაგასა, _ თქვა ტატიამ.
_ მეტი რაფერი გადარდებს? _ იკითხა გამიხარდაიმ.
_ მეტი არაფერი, _ უთხრა ვაჟი გოგიმ, ჰო, თუმცა: აისერიო, მისერიო, მისერ.
_ რა? ეგ რა არის?
_ დარდია.
_ ვისი დარდია?
_ წყალქვეშა ვინც ცხოვრობენ, იმათი.
_ რა დარდია ეგეთი?
_ ის, რომ ხშირად ადამიანს ისე არ აფასებენ, როგორც უნდა აფასებდნენ.
_ ეგ ხომ წყალზემოთ მყოფების დარდიც არის.
_ კი, ჩვენი დარდიც ეგ არის.
_ მადლობთ, ძალიან საინტერესო დარდი ჩამაწერინეთ, _ თქვა გამიხარდაიმ და
მორიგი დარდის ჩასაწერად ნომერი აღნიშნა.
დარდი № 167»
ბიბღაი(სოფლის დეკანოზი)
_ რა გადარდებს?
_ ხომ იცი, რაც მადარდებს.
_ ადრე რაც გადარდებდა, ვიცი, მაგრამ ხომ შეიძლება, დღეს სხვა რამე
გადარდებდეს?
_ მე მაინც ავაშენებ იმ სახლს, მაგრამ ამისათვის საჭიროა..
ბიბღაი ცოტა ხნით გაჩუმდა და მერე, ვინ იცის, მერამდენედ დაიწყო უკვე
გაზეპირებული ამბავი:
_ ჩემო მეზობლებო, ხომ იცი, ტყუილი არ ვიცი, პროექტი უკვე დიდი ხანია
შედგენილი მაქვს, ეს თქვენც კარგად მოგეხსენებათ და გამიხარდაისაც. ამ სახლის
ასაშენებლად სოფლის მოედანი უნდა დამითმოთ და აშენებაში თქვენც მომეხმაროთ.
მარტო ჩემთვის კი არ მინდა იმხელა სახლი.
_ რამდენი ოთახი იქნება? _ ჰკითხა სებამ.
_ მე ხუთასი ოთახი მაქვს გადაწყვეტილი.
_ ხუთასი? მერედა, რად გვინდა მაგდენი, ან მასალა საიდან მოვიტანოთ?
_ მასალას ვიშოვით, რაც სახლები გვაქვს, სულ დავშალოთ და ერთი დიდი სახლი
ავაშენოთ, შევიდეთ და ვიცხოვროთ ტკბილად, სულ ერთი არ არის? მაინც ერთად
გვინდა ყოფნა. ყველაფერი შიგ იქნება იმ სახლში. ჯერ მარტო ოცოთახიანი
სასადილო აიგება.
_ რა საჭიროა მაგდენი ოთახი? _ თქვა ტატიამ.
_ როგორ თუ რა საჭიროა, თუ ჭამა არის, ჭამა უნდა იყოს..
_ მაინც, მაგდენი ოთახი..
_ პირველ ოთხში ფეხებზე დაიხდი, მეორეში _ პალტოს, მესამეში ქუდს მოიხდი
და ჩამოჰკიდებ, მეოთხეში სარტყელს მოიხსნი..
_ ქალებმაც უნდა გავიხადოთ? _ იკითხა სალომემ.
_ არა, ქალებმა ისე რა, შიგადაშიგ.
_ როგორ თუ შიგადაშიგ?
_ ვისაც უნდა გაიხდის, ვისაც უნდა, არა.
_ მეხუთეში რა იქნება?
_ მეხუთე კოვზების ოთახია, აიღებ კოვზს და გახოლ მეექვსეში, იქ თეფშები აწყვია,
ეგე გაჰყვები.. ყველა ოთახში სისუფთავეა, მეათე ოთახში რომ მიხვალ, იქ ბორშიანი
ქვაბი დაგხვდება, დაისხამ ბორშსა და გახოლ მეთერთმეტეში.
_ მეთერთმეტეში რაღა არის?
_ მეთერთმეტე ბლის ოთახია, მაგრამ..
_ რაღა მაგრამ, კარგია.
_ კარგი კია, მაგრამ შეიძლება გავაუქმოთ.
_ რატომ?
_ ზამთარში სად ვიშოვოთ ბალი?
_ როცა ბალი არ იქნება, სხვა რამე შევინახოთ მეთერთმეტეში.
_ ხო, ეგაც შეიძლებ, თუმცა მაინც მადარდებს ეგ საკითხი.
_ ძალიან გადარდებს? _ იკითხა გამიხარდაიმ და საწერი მოიმარჯვა.
_ ძალიან, _ თქვა ბიბღამ.
_ მეტი არაფერი გადარდებს?
_ მეთხუთმეტე ოთახი მადარდებს კიდე.
_ მეთხუთმეტეში რაღა არის?
_ მეთხუთმეტეში მარწყვია და ზამთარში..
_ კიდე რომელი ოთახი გადარდებს?
_ დანარჩენებში კარგად არის საქმე, მეთექვსმეტეში ხინკალია, მეჩვიდმეტეში _
მწვანილი, მეთვრამეტეში _ ვაშლი, მეცხრამეტეში მაგიდები დგას, დასჯდები,
საჭმელებს დააწყობ, ერთი ლამაზ გაიჯორები, გამოხვალ მეოცეში, აქ გაშლილი
ლოგინებია, მისწვები და მიიძინებ.
ბიბღამ სასადილოს აღწერა რომ მოათავა, ამაყად გადახედა მეზობლებს და ჰკითხა:
_ ჰა, როგორია?
_ კარგია, მაგრამ..
_ რაღა მაგრამ?
_ აუცილებლად ძველი სახლები უნდა დავშალოთ, რომ ეგ სახლი ავაშენოთ?
_ კი, კი, ძველები, ჯერ ერთი, აღარაფერში აღარ ვარგანან, მეორეც, რაღა ცალცალკე ვიცხოვროთ, სუ ერთად ყოფნა არა სჯობია, ძველ სახლს რომელსა აქვს ეგეთი
სასადილო? მესამეც ისა, რომ მასალა არის საჭირო.
_ მასალის თაობაზე ხომ არაფერი გადარდებს? _ იკითხა გამიხარდაიმ.
_ ჯერჯერობით არა.
_ ზემოდან რა უნდა გადავახუროთ იმ სახლს? _ ჰკითხა ვაჟი გოგიმ.
_ თუნუქით დავხუროთ, რომ ბრჭყვიალი დაიწყოს და ჩვენ მტრებს თვალები
დააჭრას, დაუბრმაოს, _ თქვა ბიბღამ და მეზობლებს გადახედა.
_ გამიშვით თორო, სუ ქვებით დაგიხვრეტთ იმ თუნუქის სახურავს! _ იყვირა
გალილეიმ, რომელიც აქამდე ჩუმად ისმენდა სასადილოს ამბავს.
_ ვინც ამ სახლს რამეს დაუშავებს, ვერც იმის სასადილოში შევა, _ თქვა ბიბღამ.
_ წაგასლეკთ თავებს! მე მარტო ბლის ოთახში შევალ! _ ყვიროდა გალილეი.
_ გირჩევნია, ჭკვიანად იყვე.
_ ქათმების ოთახი ექნება თქვენ სახლსა? _ იკითხა წყნარად გალილეიმ.
_ ქათმებისიც ექნება და ვირებისიც.
_ იცი, რას გიზამთ?
_ რას გვიზამ.
_ ჭამას რო მორჩებით მეცხრამეტეში, მეოცეში ხო დაიძინებთ..
_ დავიძინებთ.
_ ჰო, მაგრა დაიძინებთ..
_ მაგრა დავიძინებთ.
_ ჰოდა, შემოვალ და მძინარეებს წაგასლეკთ თავებს! _ თქვა გალილეიმ და
ნასიამოვნებმა გადაიხარხარა.
დარდი № 1674
სებაი
_ რა გადარდებს?
_ არაფერიც არ მადარდებს!
დარდი №1675
სამხარაული
_ რა გადარდებს?
_ ძალიან მადარდებს გუდამაყრის მივარდნილობა.
_ როგორ თუ მივარდნილობა?
_ ისა რომა, ისტორიულად და გეოგრაფიულად მივიწყებული და მოუხვედრელი
ადგილია. ხევსურებს იცნობენ, ფშავლებს იცნობენ, თუშებს იცნობენ, მთიულებს
იცნობენ, მოხევეებს იცნობენ და რომ სთქვა, გუდამაყრელი ვარო, ყველა სიცილით
მოკვდება.
_ რატომ?
_ აბა, რა ვიცი, რა არის გუდამაყარიო. იშვიათად თუ ვინმემ იცის, რომ
მსოფლიოში, საქართველოში არსებობს ხეობა, რომელზეც შავი არაგვი მოდის და
ხეობას ჰქვია გუდამაყარი, სადაც გუდამაყრელები ცხოვრობენ. რომ გუდამაყრელები
ძველთაძველი და მეომარი ხალხია, რომ იმ სამასი არაგველიდან, კრწანისის ველზე
რომ დაეცნენ, უმეტესობა გუდამაყრელები იყვნენ. რომ იმათ სარდლობდა ათნოხელი
ნინია აფციაური და რომ პირიმზის ხატში დაიფიცეს სათემო ხატზე და აქედან წაიღეს
საბრძოლო დროშები. არავინ დღემდე არ იცის, რომ ჩოხის ზემოთ, მთის წვერზე,
ბერების ნასაყდრალებია და ამ მთას ბერების მთას ეძახიან, რომ პირიმზე
ახალციხიდან მოუბრძანებიათ ერთ ერთი ბრძოლის დროს.. გუდამაყარიიი..დროა,
ბოლოს და ბოლოს, მსოფლიომ გაიგოს, რომ არსებობს ხეობა, რომელსაც გუდამაყარი
ჰქვია..
_ ეე, შენ, როგორც გეტყობა, ბევრი რამ გადარდებს, აი! _ შეაწყვეტინა გამიხარდაიმ
სამხარაულს, რომელიც ისე სწრაფად ჰყვებოდა თავის დარდებს, გამიხარდამ ორი
სიტყვის ჩაწერაც ვერ მოასწრო.
სამხარაული გაჩუმდა.
დარდი № 167.6
ქიმბარი
_ რა გადარდებს?
_ დასაწყისი სად არის, ის არ ვიცი.
_ რისი დასაწყისი?
_ აი, ყველაფერი იმისა, რასაც ვხედავთ და არ ვხედავთ.
_ ეე, შენც მოიგონე დარდი, რაღა!
_ რა, არ მოგწონს?
_ არა, ისე საინტერესო დარდია, მაგრამ რა ჩვენი საქმეა, სად არის დასაწყისი..
_ მაშ თუ იცი, დასასრული სად არის?
_ დასასრული სიკვდილია.
_ სცდები, ტყუილია.
_ რატოა ტყუილი.
_ სიკვდილიც დასაწყისია, მაგრამ მთავარი არა, მთავარი დასაწყისი სხვა რამეა.
_ ღმერთი?
_ შეიძლება ღმერთი, მგრამ, სად არის?
_ ეგ გადარდებს?
_ ჰო, ვიცი, რომ დასასრული და დასაწყისი ერთად არიან, რომ დასასრულში დგას
დასაწყისი, მაგრამ როგორ, რანაირად, სად არიან?
_ მეტი არაფერი გადარდებს?
_ მეტი რაღა უნდა მადარდებდეს..
_ გალილეი რომ ბოძზეა მიბმული, არ გადარდებს?
_ არა.
_ რატომ?
_ რა ჩემი საქმეა, გალილეიმ დაიმსახურა და მიაბეს, შენ რატომ არ ახსენი?
_ არც ჩემი საქმეა.
_ ამხსენით, თორემ დედას გიტირებთ მეოცე ოთახში! _ იყვირა გალილეიმ, მაგრამ
კაციშვილმა ყური არ უგდო, მარტო ქათმებმა ატეხეს წიოკი.
დარდი № 1677
ჩაღი
_ რა გადარდებს?
ჩაღი ახალგაზრდა ბიჭია. აქამდე ჩუმად იჯდა და ყურს უგდებდა მოხუცებს. ათი
დღე იქნება, რაც ქალაქიდან ამოვიდა. უკვე მიეჩვია ამ მოწყენილ და თითქმის
ერთფეროვან დღეებს. აქამდე ერიდებოდა დარდების შემგროვებელი გამიხრდაი
მასთან საუბარს, ახლა დარდის ნომერი ჩაიწერა და ხელმეორედ ჰკითხა:
_ რა გადარდებს?
_ მე, არაფერი..
_ სულ არაფერი?!
_ არა.
_ მაშ რატომა ხარ ეგე მოწყენილი?
_ რა ვიცი, ისე, ქალაქი მომენატრა.
_ შეყვარებული ხომ არა ხარ?
_ არა, არა..
_ მაშ რა გადარდებს?
_ სადიპლომო თემა მაქვს დასაწერი.
_ რაზე უნდა დაწერო?
_ რა ვიცი, გუდამაყარზე უნდა დავწერო ნარკვევი, მაგრამ რა უნდა დავწერო.
_ ესე იგი, გადარდებს.
_ ჰო, მადარდებს..
_ შეყვარებული მართლა არა ხარ?
_ არა, მაგრამ, გინდაც ვიყვე, სიყვარული რა დარდია.
_ როგორ არა, სიყვარული ყველაზე დიდი დარდია.
_ შენ შეყვარებული ხარ?
_ ვიყავი.
_ მერე?
_ გზაზე ყაჩაღები დახვდნენ და გააუბედურეს. იმან ჯერ არაფერი თქვა, ერთი დღე
იჯდა და უხმოდ მიყურებდა. ვკითხე, რა დაგემართა _ მეთქი. არაფერი არ მითხრა.
მერე მოვიდა და მუხლებზე მაკოცა. მე იქვე ჩავიხვიე. ხელიდან გამისხლტა და
წავიდა. წავიდა და ეგ იყო.. წავიდა.. ადევებულ არაგვში ჩაეხრჩო თავი. იმის მერე
დარდებს ვაგროვებ. რაც რამ ქვეყანაზე დარდია, უნდა შევაგროვო და ღმერთთან
წავიდე.
_ რა ერქვა? _ ჰკითხა ჩაღიმ.
_ ნინო.
_ რომელი სოფლიდნ იყო?
_ დიდებათიდან. საფლავებიდან ცოტა მოშორებით დამარხეს.
_ რატომ?
_ რახან თავისი ნებით მოიკლა თავი. ეგეთი რა გაუჭირდაო, ბრაზობდა ხალხი,
ჯერ არავინ იცოდა, რაში იყო საქმე. მერე ისევ იმ ყაჩაღებს დაეკვეხნათ.. _
გამიხარდაის წყვილი ცრემლი მოადგა თვალებზე და ჩაღის რომ არაფერი შეემჩნია,
შებრუნდა, სალომესთან მივიდა და რვეულში დარდის ნომერი ჩაწერა.
დარდი №1678
სალომე
_ რა გადარდებს?
_ ხმა არ მინდა გავიდეს სხოგან.
_ რა ხმა?
_ ის, რომ საერთო სახლს ვაშენებთ.
_ გაიგონ, მერე რა.
_ ხელს შეგვიშლიან.
_ სხვა რა გადარდებს?
_ ისეთი პირი უჩანს ამინდს, შეიძლება დიდი თოვლი მოვიდეს.
_ მოვიდეს, მერე რა.
_ დიდი ზვავები წამოვა.
_ მეტი არაფერი გადარდებს?
_ ჩემი რძალია ავად და ბალღების ამბავიც არა ვიცი რა.
_ სხვა?
_ ჯერჯერობით მეტი არაფერი..
დარდი № 1679
ის იყო დარდის ნომერი ჩაიწერა გამიხარდაიმ, რომ ბანზე წიოკით ამოვარდა
გარახტინაი, უკან ტაშკენტაი მოსდევდა წყევლით.
_ რა იყო, რა მოხდა? _ ფეხზე წამოდგა ვაჟი გოგი.
_ ისა, რომ აღარაფრად გვაგდებენ ჩოხელებს.
_ როგორ თუ აღარაფრად გვაგდებენ, ეგ საიდან მოიტანე?
_ აი, ტაშკენტაი დამემოწმება, რომ მართალი ვარ, თქვა გარახტინამ და ტაშკენტას
გადახედა.
_ დაგემოწმები კი არა რო, მეტსაც ვიზამ, _ თქვა ტაშკენტამ.
_ ბალღო, მოდი აქა! _ დაუძახა გარახტინამ თავის ბეჩავ ბალღს შეთეს, რომელიც
საცოდავად მობუზულიყო ბანის კუთხეში.
_ აი. ამ ბალღს ხომ ხედავთ.
_ ვხედავთ, _ თქვა სებამ.
_ ვხედავთ, _ კვერი დაუკრა ვაჟი გოგიმ.
_ ჰო, სუყველანი ხედავთ, ხალხნო! _ ხმამაღლა დაიძახა გარახტინამ.
_ წაგასლეკთ თავებს! _ ხმა მისცა გალილეიმ.
_ გაჩუმდი, შენი! _ დაუტია ვაჟი გოგიმ.
_ დედას გიტირებთ მეოცე ოთახში! _ დაემუქრა გალილეი.
_ ხომ ხედავთ? _ ყვიროდა გარახტინაი.
_ ვხედავთ! _ ეუბნებოდა ხალხი.
_ ჩოხის წმინდა გიორგის სალოცავსაც ხომ ხედავთ.
_ ვხედავთ, შეგვეწიოს იმის მადლი!
_ მერედა, ხომ ისე იყო გუდამაყარში დაკანონებული, რომ ჩოხის წმინდა გორგის
ყმა, კოჭლი იქნება თუ ბრმა, ვის კარზედაც უნდა მივიდეს ქალის სათხოვნელად,
უარი არ უნდა უთხრან.
_ ეგეა! ეგე! _ ფეხზე წამოდგა დეკანოზი.
_ მერე?
_ რა მერე?
_ მერე ისა, რომ ეგე აღარ არის.
_ როგორ თუ აღარ არის?!
_ აი, იმ ჩემ ბალღს ხომ ხედავთ, მოდი, შვილო, აქა, _ თავისკენ მიითრია გარახტინამ
საცოდავად მობუზული შეთე და მერე ჰკითხა:
_ ცოლი გინდა?
_ მინდა, _ თქვა შეთემ.
_ ხომ გესმით, უნდა..
_ მერე?
_ მერე ისა, რომ არ მოგვცეს.
_ ვინ არ მოგცათ ქალი! ვინ გითხრათ უარი?!
_ ვინა და, დიდებათ მწარიამ.
_ რაო?
_ ვერ მოგცემთო, ეხლა განა ისევ ის დროაო, ყურები გამოიჩიჩქნეთო, ეე,
ბნელებოო.
_ ბნელებოო?
_ მართლა ეგრე თქვა?
_ ჰო, და, თანაც არ მოგცემთო, დაკანონებული იყოო, ეხლა აღარ არიო.
_ გულით გინდა, შვილო, ის ქალი? _ ჰკითხა დეკანოზმა შეთეს.
_ ჰო, მინდა.
_ წამო, შეეხვეწე სალოცავს, _ ხატისკენ წაიყვანა შეთე დეკანოზმა და დანარჩენებიც
თან გაჰყვნენ, აღშფოთებულები, გამწარებულები.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - Adamianta Sevda - 2
  • Parts
  • Adamianta Sevda - 1
    Total number of words is 3703
    Total number of unique words is 1800
    30.7 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Adamianta Sevda - 2
    Total number of words is 3445
    Total number of unique words is 1932
    28.1 of words are in the 2000 most common words
    38.5 of words are in the 5000 most common words
    44.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Adamianta Sevda - 3
    Total number of words is 3657
    Total number of unique words is 1931
    28.8 of words are in the 2000 most common words
    40.2 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Adamianta Sevda - 4
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 1983
    29.4 of words are in the 2000 most common words
    40.2 of words are in the 5000 most common words
    46.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Adamianta Sevda - 5
    Total number of words is 3416
    Total number of unique words is 1890
    30.2 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.